The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გრეგორი ლუკასი

ოფიციალური სახელი:გრიგოლ ხურსიძე-ისარლიშვილი
დაბადების თარიღი:1774
გარდაცვ. თარიღი:28 აპრილი, 1828  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი

ბიოგრაფია

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ისარლიშვილების გვარი ხურსისძეთა განშტოება იყო. ისარლიშვილებს აზნაურის წოდება ჰქონდათ. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში ოსმალეთთან, სპარსეთთან და ინდოეთთან.

ოსმალთა ბატონობის პერიოდში ახალციხელმა ისარლიშვილებმა კათოლიკობა მიიღეს, XVIII საუკუნის II ნახევრიდან კი ისარლიშვილების (ისარლოვები) საგვარეულოს ნაწილი მესხეთიდან თბილისში გადმოსახლდა.

გრიგოლ ხურსიძე-ისარლიშვილი 1774 წელს დაიბადა. მამამისი, ლუკა ისარლიშვილი, დიპლომატი და კომერსანტი, მეფე ერეკლე II--ის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და სპარსეთში მისიით მყოფი გარდაიცვალა 1793 წელს.

სავაჭრო ექსპედიციებში ლუკას მუდმივად თან ახლდა უმცროსი შვილი გიგო ხურსიძე-ისარლოვი, რომელსაც მგზავრობას აჩვევდა.

გრიგოლი სპარსეთში ორჯერ იყო ნავალ-ნამყოფი და ინდოეთის, ავღანისტანის და სხვა კუთხეთა შესახებაც ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. მამისა და სხვა ახალციხის თემის ქართველ კათოლიკე ვაჭართა წყალობით მას ფრიად ეადვილებოდა აქეთ-იქით მგზავრობა და კომერციული საქმიანობა.

გრიგოლ ხურსიძე ინდოეთში დაახლოებით 1794 წელს მოხვედრილა. რამდენიმე წელიწადში დიდძალი ქონება დაუგროვებია და ამ ქვეყანაში სამუდამოდ დამკვიდრებულა.

საგულისხმოა ის, რომ გრიგოლმა სრულიად ახალგაზრდამ, მეფე გიორგის ბრძანებით, ჯვარი დაიწერა ვინმე ეკატერინე ყარაევის ქალზე, რადგან „მე-18  საუკუნის ნახევარს საქართველოს სამეფო გამგეობამ დაადგინა ასეთი წესი: საქართველოს ვაჭრებს საქართველოდამ ევროპის ქალაქებში სავაჭროდ წასვლის ნება მხოლოდ მაშინ ეძლეოდათ, როცა იგინი საქართველოში ცოლს შეირთავდნენ და სახლობას აქ დასტოვებდნენ”.

ინდოეთში ყოფნისას გრიგოლ ხურსიძე ჰინდუ ქალზე, ვინმე მანისაზე, დაქორწინდა, რომელთანაც ხუთი შვილი ეყოლა (ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი).

ქორწინების შემდგომ მას ხვადასხვა პრაგმატული მოსაზრებებითა და გარემოებათა იძულებითაც, სახელი და გვარი დასავლურ (ინგლისურ) ყაიდაზე „გრეგორი ლუკასად” (Gregory Lucas)  გადაუკეთებია (რაკი მის მამას ლუკა ერქვა) და სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სახელით იყო ცნობილი.

გრეგორი ლუკასს, როგორც ოსტინდოეთის კომპანიასთან დაახლოებულ პირს და წარმატებულ კომერსანტს, მალაიზიის კუნძულ პენანგზე ქ. ჯორჯაუნში დიდი საკარმიდამო შეუძენია და ოჯახთან ერთად იქ დასახლებულა. იგი ამავე კუნძულზე გარდაცვლილა მრავალრიცხოვან სომეხ ვაჭართა გარემოცვაში.

კუნძულ პენანგიდან 2002 წლის 16 სექტემბერს მიღებულ ინგლისურენოვან ცნობაში აღნიშნულია – შევამოწმე რა ჩემს ხელთ არსებული „ნორთამ როუდის,, ქრისტიანთა სასაფლაოზე დაკრძალულთა სარეგისტრაციო ჟურნალი, გრეგორი ლუკასის საფლავის ქვაზე იკითხება შემდეგი წარწერა: გრეგორი ლუკასი - ჯეორჯიას ქალაქ თბილისში დაბადებული და კუნძულ პენანგზე მრავალ წელს მცხოვრები ერთერთი საპატივცემულო სომეხ ვაჭართაგანი გარდაიცვალა 1824 წლის 6 ოქტომბერს (დაბადების თარიღი არ არის მითითებული). ეს წარწერა საფლავის ქვაზე გაკეთებულია გრეგორი ლუკასის ვაჟიშვილის ჯოზეფის მიერ. ამ ცნობას ხელს აწერს ვინმე ლოჰ-ლიმი, კუნძულ პენანგის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციის -,,პენანგჰერიტიჯ ტრასტის“ ერთ-ერთი პასუხისმგებელი თანამშრომელი.

გრეგორი ლუკასის ანდერძის სანოტარო დამტკიცება მოხდა კუნძულ პენანგის ქ. ჯორჯთაუნის სასამართლოსა და ნოტარიუსის მიერ მისი გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ1831 წლის 31 მარტს, როდესაც, სავარაუდოდ, გრიგოლის შვილები წამოიზარდნენ და მათ შორის მამისეული ქონების განაწილების საკითხი წამოიჭრა.

ანდერძი შედგენილია ინგლისურ და რუსულ ენებზე და მასში აღნიშნულია, რომ გრეგორი ლუკასი გარდაიცვალა 1828 წლის 28 აპრილს. რაც შეეხება საფლავის ქვაზე მითითებულ გარდაცვალების თარიღს - 1824 წელს, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში, ან სასაფლაოს სარეგისტრაციო ჟურნალშია დაშვებული შეცდომა, ან კიდევ საფლავის ქვაზე ამოკვეთილი თარიღის ბოლო ციფრი დრომ დააზიანა და ამჟამად იგი გამოიყურება როგორც 1824, ნაცვლად 1828-ისა, რაც დადგენა-დაზუსტებას ითხოვს ადგილზე, ისევე როგორც გრიგოლ ხურსიძე-ისარლიშვილთან დაკავშირებული მრავალი ისტორიული ფაქტი.. 

ანდერძში გრიგოლ ხურსიძე საკუთარ მეუღლეს მოიხსენიებს მხოლოდ სახელით, როგორც თავისი შვილების დედას: ,, 2 500 000 სიკა რუპია ბანკში ცალკე უნდა იქნას შენახული აღზრდისა და ხარჯებისათვის ჩემი ძვირფასი შვილებისა - იოსებ გრეგორის ძე ლუკასისა, სტეფანე გრეგორის ძე ლუკასისა, ლუკა გრეგორის ძე ლუკასისა, პეტრე გრეგორის ძე ლუკასისა და ელისაბედ გრეგორის ასული ლუკასისა, შობილნი მათი დედის მანისის მიერ“.

ცხადია, მისმა შვილებმა არ იცოდნენ მშობლიური ქართული ენა, ავიწყდებოდა იგი გროგოლსაც, ერთადერთ ქართველს იმ მრავალრიცხოვან სომეხ ვაჭართა შორის, რომლებიც მაშინ მოღვაწეობდნენ ინდოეთსა და მალაიზიის ამ პატარა კუნძულზე, სადაც მან თითქმის ორ ათეულ წელზე მეტ ხანს იცხოვრა.

გრეგორი ლუკასის, საფინანსო სანოტარო მასალებიდან ირკვევა, რომ „გრეგორი ლუკასი – გრიგოლ „ხურსიძედ” ან „ისარლიშვილად“ უცხოეთში არასოდეს ყოფილა ცნობილი, და რომ მას დიდი ფულადი ანგარიშები ჰქონია ინდოეთსა და მალაიზიის სხვადასხვა ბანკში.

სამშობლოს მონატრებულ კომერსანტს მე-19 საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში სოლიდური თანხა გადმოუგზავნია დედისათვის, ახლობელი ნათესავებისათვის, თბილისის კათოლიკური ეკლესიისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღემდე უცნობია, მიაღწია თუ არა ამ თანხამ ადრესატებამდე.

გრიგოლ ხურსიძე-ისარლიშვილის, სტეფანე ზუბალაშვილისა და სხვა ქართველ კომერსანტთა ცხოვრება და მოღვაწეობა ინდოეთში წარმოადგენს  XVIII -XIX საუკუნეების საქართველო–ინდოეთის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობებისა და ზოგადად ქართველი ერის ისტორიის მეტად მნიშვნელოვან და საინტერესო ნაწილს.

წყარო:

ჭიჭინაძე ზაქარია. საქართველოს ვაჭრობა და მრეწველობა ძველად და გრიგოლ ლუკას-ძე ხურსიძე და სტეფანე ივანეს-ძე ზუბალაშვილი ინდოეთში /აღწერილი და დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძის მიერ. -  თბილისი, 1905

კენჭოშვილი, ნიკოლოზ. XVIII-XIX საუკუნეების საქართველო-ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიიდან : (ისტორია "გრიგორი ლუკასისა" იგივე გრიგოლ ხურსიძე-ისარლიშვილისა (ისარლოვისა) განსვენებულისა (1774.?-1828 .) მალაზიის კუნძულ პენანგზე). - თბილისი, 2006

კენჭოშვილი, ნიკოლოზ. უახლესი ცნობები გრიგოლ ხურსიძის (ისარლიშვილის) ცხოვრების შესახებ // ლიტერატურა და სხვა. - თბილისი, 2004. - ნოემბერი. - გვ.97-104


გააზიარე: