The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ვიქტორია ჯაიანი

ვიქტორია ჯაიანი
სხვა სახელი:ვიკა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1984  (42 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

ვიქტორია (ვიკა)ჯაიანი დაიბადა 1984 წელს, თბილისში. 10 წლის იყო როცა ჩაირიცხა

ვ, ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. ცეკვა ძალიან უყვარდა და ბალერინობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

მაშინ საქართველოში კლასიკური ბალეტი იყო დომინანტური და ამ მიმართულებით ვიქტორიამ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში კარგი სკოლა გაიარა. მაგრამ მას უნდოდა სხვა მიმართულებებშიც მიეღო გამოცდილება  და ამიტომ სხვადასხვა საბალეტო სკოლაში გააგზავნა ვიდეო თავისი გამოსვლის ჩანაწერით. გაუმართლა და მალე მიიღო მოწვევა ,,ჯოფრი ბალეტის" სკოლიდან.

მომავალ მეუღლეს თემურ სულუაშვილს ვიქტორია თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან იცნობდა. ისინი მეგობრები იყვნენ, დუეტებსაც ერთად ასრულებდნენ და საერთო მიზნები ამოძრავებდათ.

ამერიკაში ვიქტორია ჯაიანი 2000 წელს, 16 წლის ასაკში წავიდა. მისი წასვლიდან ერთი წლის შემდეგ, მისი რჩევით თემურმაც გააგზავნა თავისი ჩანაწერის ვიდეო  ამერიკაში და ისიც „ჯოფრი ბალეტის“ სკოლაში მოხვდა.

თემურ სულუაშვილი ამერიკაში 2001 წელს ჩავიდა. საბალეტო სკოლაში ის და ვიქტორია ერთ კლასში იყვნენ. 2003 წლის ივნისშიც ერთად მიიღეს მონაწილეობა ნიუ-იორკის საერთაშორისო ბალეტის კონკურსში, სადაც ვიქტორიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სწორედ ამ წარმატებული გამოსვლის დამსახურებით მიიღეს მოწვევა ჩიკაგოს „ჯოფრი ბალეტიდან“ და 2003 წლიდან მოღვაწეობენ ამ თეატრში. მალე დაქორწინდნენ კიდეც. ჰყავთ ვაჟი, მაქსიმი.

პირველი როლი რომელიც ვიქტორიამ დიდ სცენაზე შეასრულა იყო ჯულიეტას პარტია

„რომეო და ჯულიეტაში“, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. მაშინ პირველად დაიწერა მასზე პრესაში.

ჯოფრის საბალეტო თეატრში გაწევრიანების შემდეგ ვიქტორია ჯაიანმა მთავარი როლები შეასრულა მრავალ სპექტაკლში, მათ შორის: კრისტოფერ უილდონის „გედების ტბაში’ (ოდეტა-ოდილია), სტენტონ უელჩის „ბაიადერაში“ (ნიკია, გამზატი), ფრედერიკ ეშტონის „კონკიაში“ (კონკია), „ჟიზელში“ (ჟიზელი), ჯონ კრანკოს „რომეო და ჯულიეტაში“ (ჯულიეტა), იური პოსოხოვის „დონ კიხოტში“ (კიტრი), რონალდ ჰაინდის „მხიარულ ქვრივში“ (ჰენა გლავარი), ლარ ლუბობიჩს „ოტელოში“ (დეზდემონა), რობერტ ჯოფრის „მაკნატუნაში“ და სხვა.

გამოჩენილი ამერიკელი ქორეოგრაფები სპეციალურად დგამდნენ სპექტაკლებს ქართველი წყვილისთვის. ვიქტორიასთვის შექმნა იური პოსოხოვმა ბალეტი „ანა კარენინა“.  პრიმა-ბალერინას მიერ შესრულებულ ანას როლს კრიტიკოსები და ამერიკული მედია „სილამაზის და დრამის ნაზავს“ უწოდებს. ამ როლისთვის ვიქტორიამ „Benois de la danc“ დომინაცია მიიღო.

2010 წელს ვიქტორია ჯაიანი ჟურნალ „Dance Magazine“-ის გარეკანზე გამოჩნდა და   „Chicago Tribune Arts Critic“-მა „წლის ჩიკაგოელად“ (Chicagoan of the Year) დაასახელა.

2012 წელს ჟურნალმა „Today’s Chicago Woman“-მა ის ხელოვნების სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ საუკეთესო ქალად აღიარა, 2013 წელს კი ჟურნალმა „Chicago Magazine“-მა „საუკეთესო მოცეკვავე“ უწოდა.

2017 წელს თბილისში დაფუძნდა საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი. ამავე წლის  21 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენა ფესტივალის მონაწილეებს დაეთმო. მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად  ვიქტორია ჯაიანმა და თემურ სულუაშვილმაც მიიღეს მონაწილეობა ფესტივალის დახურვის გალა კონცერტში.

წყარო:

https://joffrey.org/the-company/company-artists/victoria-jaiani/ 

ჯაიანი ვიქტორია. როგორ დგამენ სპექტაკლებს სპეციალურად ქართველი მოცეკვავე წყვილისთვის მსოფლიოს წამყვან სცენაზე და როგორ აღიარა ამერიკამ ვიქტორია ჯაიანი და თემურ სულიაშვილი: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი მოდებაძე // თბილისელები. თბილისი. 2021. 25-31 იანვარი. N4 (1048). გვ. 10-11

გონგაძე თამარ. ჩიკაგოს „The Joffrey Ballet“-იდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში // პრაიმტაიმი, 2012. 2 აპრილი, N 13. გვ. 48-49


გააზიარე: