| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თეიმურაზ სულუაშვილი![]()
Biographyმოცეკვავე თეიმურაზ სულუაშვილი დაიბადა 1981 წელს საქართველოში. ბავშვობაში ტანვარჯიშზე დადიოდა და ცეკვის სწავლა მოგვიანებით დაიწყო. ეს დედის სურვილით მოხდა, რომელსაც ძალიან უნდოდა შვილის მოცეკვავედ ხილვა, თან ყველა ეუბნებოდა, რომ კარგი მონაცემები ჰქონდა. თემურმა თბილისის ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში 15 წლის ასაკში ჩააბარა. მაშინ ბალეტი საერთოდ არ აინტერესებდა, მაგრამ რამდენიმე თვეში მიხვდა, რომ ეს ძალიან საინტერესო პროფესია იყო და ბეჯითი შრომით მალე დაეწია თავისი ასაკის მოცეკვავეებს. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გაიცნო მომავალი მეუღლე ვიქტორია ჯაიანი, რომელიც მასზე 3 წლით უმცროსი იყო. 2000 წელს ვიქტორია ამერიკაში ,,ჯოფრი ბალეტის" სკოლაში წავიდა სასწავლებლად. ერთი წლის შემდეგ ამ სკოლაში თემურ სულუაშვილიც მიიღეს. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ და 2003 წელს ერთად მიიღეს მონაწილეობა ნიუ-იორკის საერთაშორისო ბალეტის კონკურსზე, კონკურსზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ თემურმა და ვიქტორიამ მიიღე მოწვევა ჩიკაგოს „ჯოფრი ბალეტიდან“. ასე მოხვდნენ 2003 წელს სკოლიდან პირდაპირ დიდ ბალეტში და გახდნენ პროფესიონალი მოცეკვავეები. მალე შეუღლდნენ კიდეც. ჰყავთ ვაჟი, მაქსიმი. ქართველი მოცეკვავეები დიდი წარმატებით ასრულებდნენ კლასიკური და თანამედროვე ბალეტის მთავარ პარტიებს მსოფლიოს წამყვან სცენებზე. ხშირად ერთად ცეკვავდნენ, ზოგჯერ სხვადასხვა პარტნიორი ჰყავდათ, მაგრამ ამას მათი ერთობისთვის ხელი არ შეუშლია. თემურ სულუაშვილის და ვიქტორია ჯაიანის სადებიუტო სპექტაკლი ჩიკაგოში იყო „რომეო და ჯულიეტა“. მას შემდეგ კიდევ ბევრ საბალეტო დადგმაში მიიღეს მონაწილეობა. გამოჩენილი ამერიკელი ქორეოგრაფები სპეციალურად მათთვის დგამდნენ სპექტაკლებს. თემურმა წარმატებით იცეკვა ისეთ ცნობილ საბალეტო დადგმებში, როგორებიცაა: „მაკნატუნა“, „ჯეინ იარი“, „გედების ტბა“, „დონ კიხოტი“, „ადაჟიო“ და მრავალი სხვა. ორივეს შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს „ჟიზელს“, რომლის პრემიერა ერთად იცეკვეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ტელეფონზე შეტყობინებები და ზარები არ წყდებოდა, მეორე დღეს კი ძალიან კარგი შეფასება დაიწერა „ნიუ-იორკ თაიმსში“. 2017 წელს თბილისში დაფუძნდა საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი. ფესტივალი ზაფხულში ჩატარდა და მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავებთან ერთად ვიქტორია ჯაიანმა და თემურ სულუაშვილმაც მიიღეს მონაწილეობა ფესტივალის დახურვის გალა კონცერტში. თემურ სულუაშვილმა 2022 წელს დაასრულა საბალეტო კარიერა. ის კვლავ მხარში უდგას მეუღლეს შემოქმედებით ცხოვრებაში, თუმცა თავად ბალეტით აღარაა დაკავებული. იგი ჩიკაგოში დარჩა და უძრავი ქონების ბროკერად მუშაობს. წყარო: ჯაიანი ვიქტორია. როგორ დგამენ სპექტაკლებს სპეციალურად ქართველი მოცეკვავე წყვილისთვის მსოფლიოს წამყვან სცენაზე და როგორ აღიარა ამერიკამ ვიქტორია ჯაიანი და თემურ სულიაშვილი: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი მოდებაძე // თბილისელები. თბილისი. 2021. 25-31 იანვარი. N4 (1048). გვ. 10-11 გონგაძე თამარ. ჩიკაგოს „The Joffrey Ballet“-იდან 12 წლის შემდეგ სამშობლოში // პრაიმტაიმი, 2012. 2 აპრილი, N 13. გვ. 48-49
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

