| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
თამარ ღამბაშიძე![]()
Biographyსუნანა (თამარ) ღამბაშიძის მამა იყო ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პარიზის ქართული სათვისტომოს მეორე თავმჯდომარე - ვახტანგ ღამბაშიძე (1872-1951), დედა - ვანდა ჰოპპე (1877-1945) ამერიკელი გახლდათ. იგი 19 წლის ასაკში ჩასულა საფრანგეთში ფრანგული ენის შესასწავლად. სწორედ იქ გაიცნო მომავალი მეუღლე. მათი ქორწილი შედგა პარიზში, 1897 წლის 23 ოქტომბერს. 1898 წელს ახალშეუღლებულები ზესტაფონში ჩავიდნენ. რამდენიმე წელიწადში უკვე მრავალშვილიანი მშობლები იყვნენ. ოთხი შვილი შეეძინათ: მედია, სუნანა, გივი და ჟორჟეტა. ვახტანგ ღამბაშიძე ექიმად მუშაობდა შორაპნის მაზრაში, ვანდა შვილებს ზრდიდა, 1918 წლიდან კი ორივე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახალდაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში. 1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო საქართველოს ანექსია, გიმნაზიის მოსწავლე გივი ღამბაშიძე ქართულ ჯარში ჩაეწერა და მეგობრებთან ერთად ბრძოლაში ჩაება. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფრონტზე მოხალისეებად წავიდნენ ყმაწვილი ქალებიც, მათ შორის: ქეთო ჯაფარიძე, სუნანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი და სხვა. ისინი წითელ ჯვარში ჩაეწერნენ მოწყალების დებად და ისე შეუერთდნენ კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. საქართველოში მე–11 არმიის შემოსვლის შემდეგ ღამბაშიძეების მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. სუნანა მშობლებთან ერთად მუშაობდა კონსტანტინეპოლში, „წითელ ჯვარში“, მოგვიანებით კი საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. სუნანა ღამბაშიძე საკმაოდ წარმატებული ხელოვანი იყო, მეგობრობდა ელენე ახვლედიანთან და ვერა ფაღავასთან. 1931 წელს ის ცოლად გაჰყვა ქართველ იუნკერს, შემდგომში ფრანგული არმიის პოლკოვნიკს ნიკოლოზ (კუკური) თოხაძეს. თაფლობის თვე მეტად ხანმოკლე გამოდგა. სამი კვირის თავზე ნიკოლოზი უკვე მაროკოში იყო. მალე საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. მომდევნო რვა წელიწადი კვლავ ჩრდილოეთ აფრიკაში გაატარა. ასე გაგრძელდა 1950-იანი წლების ბოლომდე, სანამ პოლკოვნიკი თოხაძე თადარიგში არ გავიდა, ამ დროისთვის ის იყო ფრანგული ჯარის ყველაზე მაღალწოდებიანი ქართველი ოფიცერი. კუკურის და სუნანას ერთი ვაჟი ჰყავდათ - გიორგი თოხაძე. მისი შვილებია - იზაბელ სეიდნერი და დამიენ თოხაძე. ცხოვრების უკანასკნელი წლები სუნანამ მეუღლესთან ერთად გაატარა დაბა პალასოში, პარიზის მახლობლად. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ქართული სათვისტომოს საქმიანობაში, ესწრებოდნენ ყველა ღონისძიებას, მაგრამ სულ უფრო სტანჯავდათ სამშობლოს მონატრება, რომლის ნახვაც, სამწუხაროდ, აღარ ეღირსათ. კუკური თოხაძე 1975 წელს გარდაიცვალა, სუნანამ 1996 წლამდე იცოცხლა. დაკრძალულნი არიან ლევილში ოჯახის წევრებთან ერთად: ღამბაშიძე, გივი (1902-1930); ჰოპი-ღამბაშიძისა, ვანდა (1877-1945); ღამბაშიძე-ნიკოლაძისა, მედეა (1899-1975); ნიკოლაძე, შოთა (1899-1963); თოხაძე, ნიკოლოზ (კუკური) (1901-1975); ღამბაშიძე-თოხაძისა, თამარ (სუნანა). წყარო: ღამბაშიძე ვახტანგ. ჩემი თავგადასავალი. - თბილისი, 2018. გვ.29 მიქაბერიძე, ალექსანდრე "ღირსებითა და ერთგულებით" : საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პოლკოვნიკის, ნიკოლოზ თოხაძის სამხედრო თავგადასავალი: ინტერვიუ / ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე // ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2015. - N3(51). - გვ.12-19.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

