| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე![]()
ბიოგრაფიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორი ვანდა ჰოპპე (ჰოპე)-ღამბაშიძე დაიბადა 1896 წელს ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შტატში. 19 წლის იყო, როცა საფრანგეთში წავიდა ფრანგული ენის შესასწავლად. პარიზში გაიცნო მომავალი მეუღლე, შემდგომში ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ღამბაშიძე. სანამ დაქორწინდებოდნენ ვახტანგმა გააფრთხილა, რომ იგი უცხოეთში დარჩენას არ აპირებდა. ვანდამ მისი ნათქვამი გაითვალისწინა და საქართველოში გამგზავრებამდე დაიწყო ქართული ენის შესწავლა. ვახტანგ ღამბაშიძისა და ვანდა ჰოპპეს ქორწილი შედგა პარიზში 1897 წლის 23 ოქტომბერს. 1898 წელს ახალშეუღლებულები ზესტაფონში ჩავიდნენ. მათი ოჯახი მალე მრავალშვილიანი გახდა. შეეძინათ ოთხი შვილი: მედეა (1899), სუნანა (1901), გივი (1902) და ჟორჟეტა ((1903). ვახტანგ ღამბაშიძე სოფლის ექიმის მოვალეობას ასრულებდა შორაპნის მაზრაში, ხოლო მისი მეუღლე შვილებს ზრდიდა და თან ადგილობრივ ბავშვებს ეხმარებოდა ინგლისურისა და ფრანგულის შესწავლაში. მოგვიანებით იგი პედაგოგად მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, თბილისის ქალთა სასწავლებელში. აღსანიშნავია, რომ ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე მხოლოდ ერთ დარგში მოღვაწეობას არ სჯერდებოდა და თვითრეალიზებას სხვადასხვა მიმართულებით ცდილობდა. კერძოდ, საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921)"წითელი ჯვრის" წარმომადგენლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ვახტანგ და ვანდა ღამბაშიძეების ოჯახთან მჭიდროდ არის დაკავშირებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია. 1918 წელს, თბილისის უნივერსიტეტის დაარსებისთანავე ვანდა ივანე ჯავახიშვილმა მოიწვია ინგლისურის მასწავლებლად. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის პირველი პედაგოგია. 1918 წლიდან უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას მისი მეუღლე ხელმძღვანელობდა, ხოლო, სტუდენტის №1 ბილეთი მათ ქალიშვილ მედეას ხვდა წილად. ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე რამდენიმე წლის განმავლობაში პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში კი იგი თავის მოსწავლეებსა და სტუდენტებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იდგა ტაბახმელასთან ბრძოლის დროს და მშვენივრად ართმევდა თავს ჰუმანიტარულ მისიას. საქართველოში მე–11 არმიის შემოსვლის შემდეგ ღამბაშიძეების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. ვახტანგი იმ დროს კავკასიაში ყველა საკურორტო ზონას განაგებდა. მისთვის ნებართვა მიუციათ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში სამედიცინო აღჭურვილობა შეეძინა. 1921 წლის ნოემბრიდან ვახტანგ ღამბაშიძე კონსტანტინოპოლში მეუღლესთან ერთად "წითელ ჯვარში" მსახურობდა, ეხმარებოდა ქართველ ლტოლვილებს. ვანდას საქართველოს „წითელი ჯვრის საზოგადოების“ კონსტანტინოპოლის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა და ხელმძღვანელობდა საქართველოდან დევნილთა დაბინავებისა და მათთვის პოლიტიკური თავშესაფრის გამოძებნის საქმეს. ამას ადასტურებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების კონსტანტინოპოლის განყოფილების მიერ 1922 წელს გაცემული სერტიფიკატი. ღამბაშიძეების ოჯახი პარიზში საცხოვრებლად სტამბოლიდან 1923 წელს გაემგზავრა. მრავალი სხვა ქართული ოჯახის მსგავსად ღამბაშიძეებიც იმედოვნებდნენ, რომ საფრანგეთში მცირე ხნით მოუწევდათ ცხოვრება და საბჭოთა რეჟიმის დასრულების შემდეგ კვლავ მოახერხებდნენ თბილისში დაბრუნებას. მათი იმედები არ გამართლდა, მაგრამ უცხოეთშიც მუდმივად ქართული საზოგადოების ცენტრში ტრიალებდნენ. ვახტანგი ქართული სათვისტომოს მეორე თავმჯდომარე გახლდათ, ვანდა მუშაობდა თბილისის ქალთა საზოგადოების (იგივე ქართველ ქალთა საზოგადოება) ხაზინადარად პარიზში, ქალიშვილებმაც ბედი ქართველ ვაჟკაცებს დაუკავშირეს - მედეა შოთა ნიკოლაძეს გაჰყვა ცოლად, სუნანა – ნიკოლოზ თოხაძეს, ხოლო, ჟორჟეტა - გიორგი ნიკოლაძეს. ვანდა ჰოპპე-ღამბაშიძე 1945 წელს პარიზში გარდაიცვალა. დაკრძალულია ღამბაშიძე-ნიკოლაძეების საერთო საფლავში: ღამბაშიძე, გივი (1902-1930); ჰოპი-ღამბაშიძისა, ვანდა (1877-1945); ღამბაშიძე-ნიკოლაძისა, მედეა (1899-1975); ნიკოლაძე, შოთა (1899-1963); თოხაძე, ნიკოლოზ (კუკური) (1901-1975); ღამბაშიძე-თოხაძისა, თამარ (სუნანა) (1901-1996). წყარო: ღამბაშიძე ვახტანგ. ჩემი თავგადასავალი. - თბილისი, 2018. გვ.29
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

