The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ივანე ჭავჭანიძე

ივანე ჭავჭანიძე
დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1946  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:მათემატიკოსი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

მათემატიკოსი, პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატი ივანე (ვანო) თედორეს ძე ჭავჭანიძე დაიბადა 1886 წელს, ქუთაისის მაზრის დაბა ხონში, შეძლებულ ოჯახში.

პირველდაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო და სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი;

სტუდენტობის პერიოდიდანვე გაერთიანდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გიმნაზიის მასწავლებლად და კოოპერატიულ დაწესებულებებში;

აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ გამოცემებთან, აქვეყნებდა ბელეტრისტულ და დრამატულ ნაწარმოებებს; იყენებდა ფსევდონიმს „ი. ჭ-ძე"; 

„შედარებით შეძლებულ ოჯახის შვილს, უნივერსიტეტის დიპლომით აღჭურვილს, ვანო ჭავჭანიძეს შეეძლო იმ დროს თბილი და უზრუნველყოფილ კარიერის გაკეთება; მაგრამ მან კარიერას ხალხის სამსახური არჩია… ასე, გიმნაზიის მასწავლებელი, იგი არ თაკილობდა პატარა კოოპერატივში ჩაჯდომას და მის წვრილ სავაჭრო საქმეების გაძღოლას საზოგადო ინტერესებისთვის; მას ხომ ეკონომიურ საქმეების პრაქტიკულათ წაყვანის უნარის ჰქონდა“, -  წერდა მასზე პარიზში გამომავალი ჟურნალი „ჩვენი დროშა=NOTRE DRAPEAU“ (1949. თებერვალი);

1907 წლიდან ივანე ჭავჭანიძე ხონის თეატრის გამგეობის წევრი იყო, ამავე დროს მონაწილეობდა ხონის თეატრის წარმოდგენებში. 1910 წლიდან ხონის დასის სცენისმოყვარეთა წრეში გაწევრიანდა;

1910 წლის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რამდენიმე ნომერში დაიბეჭდა მისი პიესა „ყრუ სოფელში“:  სცენები სამ მოქმედებად სოფლის ცხოვრებიდან;

1911 წელს გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების სათეატრო სექციის წევრი;

1914 წელს - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი;

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეულ იქნა ხონის ქალაქის თავად.

ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე (1918 წ.);

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი;

მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის სამეურნეო ბიუროში; იყო ცენტრალური სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. პარალელურად, იყო  მომარაგების მინისტრის, 1920 წლის 8 დეკემბრიდან კი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო;

ცხოვრობდა საფრანგეთში და განაგრძობდა პარტიულ ორგანიზაციებში მუშაობას.

აქვეყნებდა წერილებს საზღვარგარეთ გამომავალ ქართულ პერიოდულ გამოცემებში: „დამოუკიდებელი საქართველო“, „ბრძოლა“ და სხვა;

1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია;

ივანე ჭავჭანიძე გარდაიცვალა საფრანგეთში, 1946 წლის ივლისში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. 

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_ჭავჭანიძე 

ხვადაგიანი . საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.468

https://geonecropol.ge › ivane-wavwanize

კ.კ. ივანე ჭავჭანიძე; გარდაიცვალა 1946 წლის ივლისში // ჩვენი დროშა=NOTRE DRAPEAU/ ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარ-გარეთული ბიუროსი. პარიზი, 1949. თებერვალი. გვ.39


გააზიარე: