The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კონსტანტინე ყარანგოზიშვილი

კონსტანტინე ყარანგოზიშვილი
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1852
გარდაცვ. თარიღი:23 ივლისი, 1907  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი (კარანგოზოვი) დაიბადა 1852 წლის 18 თებერვალს დუშეთის მაზრაში, აზნაურის ოჯახში.

თერთმეტი წლის ასაკში იგი ტულის კადეტთა კორპუსში გაგზავნეს. მოგვიანებით, ტულის კორპუსი დაიხურა და ყმაწვილი სანქტ-პეტერბურგის პირველ სამხედრო გიმნაზიაში გადაიყვანეს, რომლის კურსის დასრულების შემდეგ, 1870 წლის 5 აგვისტოს ჩაირიცხა რიგით კადეტად ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელში.

1873 წლის 10 აგვისტოდან დააწინაურეს ნიჟნი ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის პრაპორშჩიკად. კარანგოზოვი ამ პოლკში ოცდაოთხი წლის განმავლობაში მსახურობდა და თანმიმდევრობით იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: ადიუტანტი, ხაზინადარი, ესკადრონის მეთაური, სასწავლო ჯგუფის ხელმძღვანელი, მეურნეობის უფროსი და პოლკის სასამართლოს თავმჯდომარე. 1874 წლის 2 აპრილს იგი ლეიტენანტად დააწინაურეს, ხოლო 1877 წლის 3 მაისს - შტაბის კაპიტნად.

კონსტანტინე ყარანგოზიშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). იბრძოდა ამიერკავკასიის ფრონტზე და თავი გამოიჩინა ალაჯინის სიმაღლეებისთვის ბრძოლაში, რისთვისაც 1878 წლის 18 აპრილს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით. 

1880 წლის 19 მაისს მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1885 წლიდან მეთაურობდა ესკადრილიას ნიჟნი ნოვგოროდის პოლკში. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან თანმიმდევრულად მიიღო პოდპოლკოვნიკის (1889 წლის 1 იანვარი) და პოლკოვნიკის (1896 წლის 14 მაისი) წოდებები.

1897 წლის 11 ივნისს გადაიყვანეს სანქტ-პეტერბურგში ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებლის იუნკერთა ესკადრონის მეთაურად, ხოლო 1899 წლის 30 ივნისიდან სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელის, 1903 წლის 26 ნოემბრიდან კი გენერალური შტაბის უფროსის განკარგულებაში იყო. შემდეგ მეთაურობდა ასტრახანის 22-ე დრაგუნთა პოლკს (1899-1903) და მე-8 საკავალერიო დივიზიის მე-2 ბრიგადას (1903-1904), რომლის შტაბ-ბინა ოდესაში იყო.

1904 წლის 11 ივლისს მიანიჭეს რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის წოდება. 

1905 წელს "ჯავშნოსან პოტიომკინზე" მომხდარი აჯანყების დღეებში დაინიშნა ოდესის სამხედრო კომენდანტად, ხოლო შემდეგ ოდესის დროებით გენერალ-გუბერნატორად (1906-1907). მან პირადად დააშოშმინა ამბოხებული მეზღვაურები ჯავშნოსან „გიორგი პობედონოსეცზე“.

1905 წლის ბოლოს ოდესის პოლიციამ აღკვეთა შეთქმულება ყარანგოზიშვილის მკვლელობის მიზნით.

დაჯილდოებული იყო: წმ. ანას IV (1877), III (1877) და II (1884) ხარისხის, წმ. სტანისტლავის III (1877), II (1879) და I ხარისხის (1905), წმ. ვლადიმირის IV (1897) და III (1902) ხარისხის ორდენებით.

1906 წლის ზაფხულში კარანგოზოვი მძიმედ დაავადდა. გადამეტებული შრომისა და  დაძაბულობის გამო მას ნერვული აშლილობა დაემართა, რის გამოც იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა და სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასულიყო. 1907 წლის იანვარში რუსეთში დაბრუნდა. 1907 წლის ივნისის ბოლოს ოჯახთან ერთად პიატიგორსკში გაემგზავრა წყლებზე სამკურნალოდ.

პიატიგორსკში მყოფი გენერალი ყარანგოზიშვილი 1907 წლის 23 ივლისს მოკლეს ტერორისტებმა.

ქ. ოდესაში ლევ ტოლსტოის სახელობის ქუჩა 1908 წლის 28 აგვისტოდან 1923 წლამდე გენერალ კონსტანტინე ყარანგოზიშვილის სახელს ატარებდა.

წყარო: 

https://ka.wikipedia.org/wiki/კონსტანტინე_ყარანგოზიშვილი

https://ru.wikipedia.org/wiki//Карангозов,_Константин_Адамович         


გააზიარე: