The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მირიან მელუა

მირიან მელუა
დაბადების თარიღი:28 აპრილი, 1942
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2021  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

მირიან მელუა  (ფრანგ. Mirian Méloua) დაიბადა 1942 წლის 28 აპრილს, საფრანგეთში, დაბა ლევილში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში. მამამისი, მირიან მელუა (1903-1991) წარმოშობით ოზურგეთიდან გახლდათ. სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, როცა 1924 წელს დააპატიმრეს აჯანყებაში მონაწილეობისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის "შეფიცულთა რაზმის" წევრობისთვის. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მირიან მელუამ მოახერხა ემიგრაციაში წასვლა, ჯერ თურქეთში, შემდეგ საფრანგეთში. 1936 წელს, მან ცოლად შეირთო პოლიტიკური ემიგრანტის კოლა ბარნოვის შვილი მარიამ ბარნოვი (1913-1999). ეყოლათ ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი - ლუკა, მირიანი და ელენე.

მირიან მელუას (შვილი) კარიერა წარმატებული იყო როგორც სამეცნიერო-ტექნიკური მიმართულებით, ასევე საინფორმაციო საშუალებებში მოღვაწეობის თვალსაზრისით. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა მსხვილ კომპანიებში (IBM, Banque "Populaire", BNP Paribas), იყო საქართველოს შესახებ საინფორმაციო პორტალის "Info brèves Géorgie"-ს დამფუძნებელი, რედაქტორი და ასევე ინტერნეტ- საინფორმაციო საძიებო გვერდის colisee.org- ის ავტორი. 

მირიან მელუა ნაყოფიერად თანამშრომლობდა სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორც საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების ხაზით, ასევე ქართველი ემიგრანტების შესახებ კატალოგებისა და დოკუმენტური მასალების შექმნის მხრივ. 

2003 წელს, ძმასთან-ლუკა მელუასთან (MÉLOUA LUCIEN- ინჟინერი, ჟურნალისტი, 1936-2010) ერთად, გამოსცა წიგნი "ლევილ სურ ორჟი და საქართველო, საერთო ისტორია"; ამავე წელს ძმებმა და კლოდ პარმენტიემ საფუძველი ჩაუყარეს ტრადიციულ დღესასწაულს: "ლევილ სურ ორჟის ფრანგულ-ქართული დღეები", რომელიც დღემდე ტარდება. 

მირიან მელუას დახმარებით რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი დაბრუნდა საქართველოში. მან (დასთან ელენე მელუასთან ერთად) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცა კარლო ჩხეიძისა და მისი ოჯახის წევრების დიპლომატიური პასპორტები და სხვა დოკუმენტები.

გარდაიცვალა 2021 წლის აპრილის ბოლოს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა პანთეონში მშობლებთან და ძმასთან ერთად.

წყარო:

https:// www.facebook.com/100070221796281/posts/268897924938314/ჟან შარდენის ქართულ-ფრანგულიაკადემია 

https://ka.wikipedia.org/wiki/მირიან_მელუა_(ინჟინერი

 


გააზიარე: