| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
იოანეს ფაშალიდისი![]()
ბიოგრაფიაიოანის (ივანე) გეორგიოს (გიორგის ძე) ფაშალიდისი (ფაშალიდი) დაიბადა 1885 წლის 25 ოქტომბერს ოსმალეთში, სოფელ სანტა პონტოსში (თანამედროვე დუმანლი, გუმუშაჯიქოი, ამასიას პროვინცია, თურქეთი), ბერძენი გლეხის ოჯახში. საშუალო განათლება მან ტფილისის რუსულ გიმნაზიაში მიიღო, სადაც 1896 წლიდან სწავლობდა. 1903 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად ოდესაში გადავიდა. ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლისას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. სწავლა ვერ დაამთავრა, რადგან მორიგი დემონსტრაციისას იგი უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრობის გამო. იოანისმა დატოვა რუსეთის იმპერია და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც სცადა შეწყვეტილი უმაღლესი განათლების მიღება დაესრულებინა - 1909 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ბერლინში, თუმცა მეტხანს დარჩენა ვერ მოახერხა და მხოლოდ 1910 წელს, ძმის დახმარებით შეძლო მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დასრულება, ქირურგის პროფესიით. 1910-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა სოხუმში, სადაც მუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში და ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას; მალე მისი რეპუტაცია, როგორც საუკეთესო მკურნალის - აფხაზეთს გასცდა და პოპულარობა მოიპოვა მთელ დასავლეთ საქართველოში. 1917 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, იოანის ფაშალიდისი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი გახდა. 1919 წლის თებერვალში იგი აირჩიეს აფხაზეთის ეროვნულ საბჭოში, რომელიც აფხაზეთს სტატუსის საბოლოო გამორკვევამდე, მხარის მთავარი სახელისუფლო ორგანო იყო. იოანისი აქტიურად მუშაობდა საბჭოში ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საკითხების გადაჭრისათვის. აფხაზეთის ეროვნული საბჭოს მიერ იგი აღჭურვილი იყო „საგარეო ურთიერთობებში“ წარმომადგენლის მანდატით. ამ დროის განმავლობაში ფაშალიდისი იყო სოხუმში გამოცემული ბერძნული გაზეთის - „Νέα Ζωή“(ახალი ცხოვრება) რედაქციის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, დატოვა ქვეყანა და ემიგრაციაში გაემგზავრა. ცხოვრობდა სტამბოლსა და ბერლინში, სადაც განაგრძობდა სამედიცინო ცოდნის მიღებას. 1923 წელს გადავიდა თესალონიკში, სადაც დასახლდა გარეუბან „ხარილაუში“ და მუშაობა დაიწყო „რუსულ ჰოსპიტალში“, რომელიც მალე „მაკედონიის კლინიკად“ გადაკეთდა. გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, იგი მრავალრიცხოვან ლტოლვილებსაც ემსახურებოდა. მალე პროფესიონალიზმისა და ავადმყოფების უანგაროდ დახმარების გამო მისი სახელი იმ მხარეში ცნობილი გახდა და მას „ღარიბთა ექიმი“ შეარქვეს. სამედიცინო საქმიანობის პარალელურად, ფაშალიდისი აქტიურად ჩაება საბერძნეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან ერთად, ემიგრაციაში არ წყვეტდა კავშირს ამიერკავკასიელ ემიგრანტებთან. მან თესალონიკში „კავკასიელთა კავშირიც“ დააარსა. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს რესპუბლიკის ემიგრანტული მთავრობისა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს მანდატით, იგი მოხსენებით გამოვიდა სოციალისტური პარტიების პანევროპულ კონფერენციაზე, სადაც ისაუბრა ბოლშევიკების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შესახებ, მწვავედ გააკრიტიკა საბჭოთა რუსეთის ქმედებები და დელეგატებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. 1923 წელს, კოსტას პაპატანასიუს დემოკრატიულ კავშირთან ალიანსით, იოანის ფაშალიდისი არჩეულ იქნა თესალონიკის საქალაქო საბჭოს წევრად; ამავე წელს შეუერთდა საბერძნეთის მეოთხე პარლამენტის 7 სოციალისტი დეპუტატის პოლიტიკურ ჯგუფს. 1926 წელს მონაწილეობდა არჩევნებში საკუთარი პარტიით - „სოციალისტ მუშათა, გლეხთა და ლტოლვილთა კავშირი“, თუმცა წარუმატებლად. 1931 წელს იოანის ფაშალიდისმა საბერძნეთის სოციალისტური პარტიების ლიდერებთან ერთად დააარსა „საბერძნეთის სოციალისტური პარტია“ (ΣΚΕ). მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის მიერ საბერძნეთში შეჭრის შემდეგ, სხვა სოციალისტური და ანტიფაშისტური პარტიების ლიდერებისა და წევრების მსგავსად, რომელთაც კოლაბორაცია არ დაიწყეს საოკუპაციო ძალასთან, დააპატიმრეს და იჯდა ცნობილ - ეპტაპურგიონის (იედიყულეს) ციხეში. რამდენიმეთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებისთანავე იატაკქვეშეთში გადაინაცვლა. შედიოდა ოკუპაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების კოალიციის ცენტრალურ კომიტეტში. მეორე მსოფლიო ომის დასასრულს და ბალკანეთში მიმდინარე ქრონიკული კრიზისებისას, 1945 წლის 28 აგვისტოს მისი მოკვლა სცადეს, თუმცა ტერორისტულ შეტევას გადაურჩა და განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა. 1951 წელს, იოანის ფაშალიდისი როგორც „საბერძნეთის სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი, გახდა EDA-ს (ΕΔΑ) „გაერთიანებული მემარცხენე დემოკრატების“ (მანვე უწოდა ალტერნატიული სახელი αυγή - „აისი“) ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო 1952-1964 წლებში - თავმჯდომარე. ამ პერიოდში იგი არაერთგზის იყო საბერძნეთის პარლამენტის რიგი მოწვევების წევრი ამავე პარტიის სიით. 1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში სამხედრო გადატრიალებისა და „შავი პოლკოვნიკების“ შვიდწლიანი დიქტატორული რეჟიმის დამყარების შემდეგ იოანის ფაშალიდისი შინაპატიმრობაში ცხოვრობდა თესალონიკში და შინაპატიმრობაშივე გარდაიცვალა 1968 წლის 14 მარტს. დაკრძალულია თესალონიკში. ოჯახმა დიდი რისკის ფასად მოახერხა მისი პოლიტიკური, დოკუმენტური მემკვიდრეობის შენარჩუნება. მის სახლში დღესაც მცირე სახლ-მუზეუმი მოქმედებს, ხოლო მისი პიროვნება თანამედროვე საბერნეთის მემარცხენე მოძრაობის „დამფუძნებელ მამათა" სიაში საპატიო ადგილზე დგას და მას ხშირად მოიხსენებენ ეპითეტით - "მემარცხენეობის/მემარცხენეთა ხმა და სინდისი". წყარო: ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 391-392. https://ka.wikipedia.org/wiki/იოანის_ფაშალიდისი https://scara.gov.ge/history/ioane-fashalidis
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

