| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ნიკოლოზ წერეთელი![]()
Biographyსაბჭოთა მსახიობი და რეჟისორი ნიკოლოზ წერეთელი გახლდათ ბუხარის უზბეკი ემირების შთამომავალი. ნიკოლოზის მამა, სეიდ მირ მანსურ ხანი (1863-1918), ბუხარის მმართველი ემირის ვაჟი და ბუხარის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. ახალგაზრდობაში მან სამხედრო კარიერა აირჩია, მოსკოვში წავიდა და სუმის ჰუსართა პოლკში შევიდა. სეიდ მირ მანსურს სამშობლოში დაბრუნება არ ჰქონდა განზრახული, მაგრამ, მოულოდნელად, მამამისი გარდაიცვალა და იგი სასწრაფოდ გამოიძახეს ბუხარაში ტახტზე ასასვლელად. მანსურ ხანმა სამხედრო სამსახური არ დათმო და ოფიციალურად თქვა უარი ტახტზე თავისი ძმისშვილის სასარგებლოდ. მოსკოვში დაბრუნებული მანსურ ხანი რუს გოგონაზე, სოფია ივანოვნაზე დაქორწინებას გეგმავდა. ეს რთული საკითხი აღმოჩნდა, რადგან ცარიზმის ეპოქის კანონების თანახმად, „დიდგვაროვან“ ადამიანს არ ჰქონდა უფლება „უტიტულო“ პირზე დაქორწინებულიყო. ერთადერთი გამოსავალი ფიქტიური ქორწინება ჩანდა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა სოფია ივანოვნას დიდი ხნის თაყვანისმცემელმა, ქართველმა თავადმა, მიხეილ წერეთელმა, წარმოქმნილი სირთულის შესახებ გაიგო და დიდბუნოვნად შესთავაზა ახალგაზრდა ქალს ფიქტიური ქორწინება. ამრიგად, ნიკოლაი, სეიდ მირ მანსურ ხანის უფროსი ვაჟი (შვიდი შვილიდან), რუსეთში ცნობილი გახდა როგორც ნიკოლაი მიხაილოვიჩ წერეთელი, სამშობლოში კი მას იცნობდნენ როგორც - სეიდ მირ ხუდოიარ ხანს. ნიკოლოზ წერეთელი დაიბადა მოსკოვში, 1890 წლის 13 ოქტომბერს. სწავლობდა ალექსანდრე ადაშევის დრამატულ კურსებზე (1913; ნინა ლიტოვცევას კლასი). 1912 წელს იგი მიიღეს მოსკოვში გასტროლებზე მყოფი გერმანული თეატრის დასში, სადაც მონაწილეობდა მასობრივ სცენებში სპექტაკლ „ოიდიპოს მეფეში“. ასევე გამოდიოდა პანტომიმაში - „სუმურუნი“. 1913 წლიდან 1916 წლამდე მუშაობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრში. 1916 წლიდან შეუერთდა მოსკოვის კამერული თეატრის დასს, სადაც მსახურობდა 1928 წლამდე (შესვენებით 1924 წელს). აქ შეასრულა როლები: რომეო (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), იპოლიტი (რასინის "ფედრა"), იოკანაანი (ოსკარ უაილდის “სალომეა”) და სხვა. ნიკოლაი წერეთელი გამოირჩეოდა შესანიშნავი გარეგნობითა და მუსიკალობით. 1929 წლიდან 1934 წლამდე იყო მოსკოვის ოპერეტის თეატრის რეჟისორი. 1934 წლიდან მუშაობდა პერიფერიებში: 1938 წლამდე კალინინის თეატრში, 1939 წელს მოგილევში და კოსტრომაში. ასევე, გამოდიოდა საესტრადო სცენაზე, როგორც დეკლამატორი. 1915 წლიდან იღებდნენ კინოში. როლების უმეტესობა შესრულებული აქვს 1915-1917 წლებში. ფილმოგრაფია: სერიოჟკა ("ელენა პავლოვნა და სერიოჟკა"), ანტეკი ("სიკვდილზე ძლიერი", ორივე 1915 წელს), კომპოზიტორი ალანოვი ("მწვანე ობობა"), მარკ რუდნეცკი ("ცხოვრების ჭადრაკი", ორივე 1916 წელს), ინჟინერი ლოსი და სპირიდონოვი ("აელიტა", 1924) და სხვა. ნიკოლოზ წერეთელი სიცოცხლის ბოლო ორი წელი მუშაობდა ლენინგრადის კომედიის თეატრში. ეს პერიოდი დაემთხვა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს, როცა ალყაშემორტყმულ ლენინგრადში შიმშილობა სუფევდა. 1942 წლის თებერვალში, როცა დაიგეგმა თეატრის დასის ევაკუირება ჩელიაბინსკში, იგი უკვე ისეთი გამოფიტული და დასუსტებული იყო, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა. გზაში კიდევ უფრო ცუდად გახდა და ქ. კიროვში ჰოსპიტალში დააწვინეს. იქვე გარდაიცვალა 1942 წლის 6 თებერვალს. დაკრძალეს ადგილობრივ სასაფლაოზე. მსახიობის მეუღლე იყო ტატიანა იაკოვლევნა კოლი. ნიკოლოზ წერეთელი ბუნებით კოლექციონერი და მკვლევარი იყო. მას სიამოვნებას გვრიდა ძველი ნივთების შეგროვება. ჰქონდა რუსული სათამაშოების დიდი კოლექცია. 1933 წელს გამოქვეყნდა მისი წიგნი: “რუსული გლეხური სათამაშო”. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.308; http://ru.wikipedia.org/wiki/Церетелли,_Николай_Михайлович https://screenstage.ru/?p=14877
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

