| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ანდრია რაზმაძე![]()
ბიოგრაფიასაქართველოში თანამედროვე მათემატიკური მეცნიერების ფუძემდებელი ანდრონიკე (ანდრია, ანდრო) რაზმაძე დაიბადა 1889 წლის 12 აგვისტოს, ქუთაისის მაზრის სოფელ ჩხენიშში (ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი), ღარიბი რკინიგზელის ოჯახში. მამამისი, მიხეილ გაბრიელის ძე რაზმაძე, რკინიგზაში ობერკონდუქტორად მუშაობდა. თავის წრეში ის საკმაოდ განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. დედა - ნინო გიორგის ასული ნოდია დიასახლისი იყო. ანდროს ორი და ჰყავდა: ტყუპისცალი - ელენე და უმცროსი და - მარიამი. ანდრიამ 5 წლის ასაკში ოჯახში შეისწავლა ქართული ანბანი. 7 წლისა შევიდა ხაშურის რკინიგზის ორკლასიან სკოლაში, რომლის სრული კურსი დაამთავრა. 1901 წელს ანდრიას მამა გარდაეცვალა და მისი ოჯახი საცხოვრებლად ჯერ ფოთში გადავიდა, შემდეგ კი ქუთაისში. შესაბამისად, ანდრიამ ორი წელი ისწავლა ფოთის სკოლაში, 2004 წელს კი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გადავიდა, სადაც ოთხი წლის სასწავლო კურსი ორ წელიწადში გაიარა. რეალურ სასწავლებელში ანდრიამ გამოავლინა მათემატიკისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება. სულ რამდენიმე თვეში ჩააბარა მე-6-7 კლასების საკმაოდ რთული კურსი (არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია), უმაღლესი მათემატიკის ელემენტებით. ნიჭიერ ყმაწვილს მათემატიკის მასწავლებელმა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩაბარება ურჩია, მაგრამ იმ დროს რუსეთის იმპერიაში მხოლოდ ტარტუს უნივერსიტეტი იყო ისეთი უნივერსიტეტი, სადაც გიმნაზიების კურსდამთავრებულებთან ერთად რეალური სასწავლებლებისა და სემინარიების კურსდამთავრებულებსაც იღებდნენ. ანდრიას ხელს ისიც უშლიდა, რომ ლათინურის კურსი არ ჰქონდა გავლილი. ამიტომ გადაწყვიტა, მოსკოვის უნივერსიტეტში თავიდან თავისუფალ მსმენელად ჩარიცხულიყო. ჩაირიცხა კიდეც 1906 წელს, ხოლო 1907 წლის მაისში ლათინურის გამოცდაც ჩააბარა და იმავე წელს სტუდენტად გადაიყვანეს მათემატიკის სპეციალობაზე. ანდრია რაზმაძე აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის მუშაობაში. წაიკითხა რამდენიმე საინტერესო მოხსენება. 1910 წელს ვადაზე ადრე ჩააბარა სადიპლომო გამოცდების საგნები: მათემატიკა, მექანიკა, ასტრონომია, რიცხვითი თეორია და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია. დაწერა 170 გვერდიანი სადიპლომო ნაშრომი „რიცხვთა თეორიის კონსპექტი“ და პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ ანდრია რაზმაძემ პედაგოგად დაიწყო მუშაობა. რამდენიმე სასწავლებელი გამოიცვალა: 1910 წელს ასწავლიდა ქ. ბოროვსკის ქალთა პროგიმნაზიაში, 1911 წელს გადაიყვანეს სკოპინოს ქალთა გიმნაზიაში, 1912 წელს - ქ. მურომის რეალურ სასწავლებელში, პარალელურად, ეწეოდა მეცნიერულ-კვლევით საქმიანობასაც. 1914 წელს გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში, სამეცნიერო მივლინებაში, კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან და ცნობილ გერმანულ ჟურნალში "Mathematische Annalen" გამოაქვეყნა თავისი პირველი გამოკვლევა ვარიაციულ აღრიცხვაზე. 1917 წელს ანდრია რაზმაძემ მოსკოვის უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და მაგისტრის წოდება მიიღო, ხოლო იმავე წლის აპრილში მოსკოვის უნივერსიტეტის წმინდა მათემატიკის კათედრის პრივატ-დოცენტი გახდა. 1918 წელს დაარსდა თბილისის უნივერსიტეტი. ანდრია რაზმაძე იმავე წლიდან გახდა უნივერსიტეტის თანამშრომელი. ის გახლდათ უნივერსიტეტის სამათემატიკო–საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პირველი დეკანი. სწორედ მან შეადგინა მათემატიკურ დისციპლინათა პროგრამები და სასწავლო გეგმა, პირველმა წაიკითხა ქართულ ენაზე მათემატიკის, მექანიკისა და ფიზიკის ძირითადი კურსი. 1920-იან წლებში მეცნიერი ევროპისა და ამერიკის ცნობილი უნივერისტეტებიდან მიღებულ მრავალ მომხიბლავ წინადადებას არ დათანხმდა და დარჩა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანდრია რაზმაძე თავის ნაშრომებს ყოველთვის ქართულ ენაზე წერდა, თუმცა შესანიშნავად იცოდა სხვა ენები. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ წარმოადგენდა საქართველოს, თბილისის უნივერსიტეტს. 1920 წლიდან იყო „ქართული სალიტერატურო ნორმების დამდგენი კომისიის“ წევრი. 1922 წლის 24 მაისს ივანე ჯავახიშვილთან ერთად დააპატიმრეს უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებელი დღის აღნიშვნის გამო. 1925 წელს პარიზში დაცულ სადოქტორო დისერტაციაში მან პირველმა გამოიკვლია ვარიაციათა აღრიცხვის ამოცანები წყვეტილ წირთა კლასში, დაადგინა მინიმუმის როგორც აუცილებელი, ისე საკმარისი პირობები და ამით საფუძველი ჩაუყარა ვარიაციათა აღრიცხვის ახალ მიმართულებას. ანდრია რაზმაძის შრომები გამოქვეყნებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის (რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ამერიკის) მთავარ ჟურნალებში და კონგრესის ანგარიშებში. აღსანიშნავია მისი მოხსენებები მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესზე (ამერიკა, 1924 წელი), 1926 წელს - რუსეთის მათემატიკოსთა კონგრესზე, მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების კრებაზე 1928 წელს წაკითხული მოხსენება, რომელიც ეხებოდა ვარიაციათა აღრიცხვის გამოყენებას ზეციურ მექანიკაში და სხვა. ქართველი მეცნიერის წინადადებით საქართველო მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის წევრი გახდა 1924 წელს, მაშინ, როცა ბევრი ცნობილი ქვეყანა ამ კავშირის წევრად ჩვენს შემდეგ მიიღეს. მის შრომებს დიდ შეფასებას აძლევდნენ უცხოელი მეცნიერები. ანდრია რაზმაძემ პირველმა დაწერა საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები მათემატიკაში ქართულ ენაზე, მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ მათემატიკურ ტერმინოლოგიას. 1925 წელს გამოცემულ მათემატიკური ტერმინების ლექსიკონის წინასიტყვაობაში ნიკო მუსხელიშვილი წერდა, - „ტერმინების უმრავლესი ნაწილი ა. რაზმაძესთან ერთადაა დამუშავებული, და მრავალი ტერმინი პირდაპირ მისი შრომებიდან არის ამოღებული“. მეცნიერი გარდაიცვალა 1929 წლის ორ ოქტომბერს. ზაფხული ბოლოს იგი ბაკურიანში ისვენებდა ოჯახთან ერთად და იქ დაავადდა მუცლის ტიფით. მკურნალობდნენ ბორჯომის საავადმყოფოში. როცა მდგომარეობა გართულდა მთავრობის განკარგულებით სპეციალური მატარებლით წამოიყვანეს თბილისში. გარდაიცვალა ვაგონში, თბილისის სიახლოვეს. თავდაპირველად, დაასაფლავეს დიდუბის პანთეონში, 1989 წელს კი მშობლიური უნივერსიტეტის ეზოში გადაასვენეს. მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანდრია რაზმაძის პირადი არქივი დაცულია საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში. ფონდი N768. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ანდრია რაზმაძე ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.290-291 მოგონებები და წერილები ანდრია რაზმაძეზე / [რედ.-შემდგ.: თამაზ ვაშაყმაძე]. - თბ., 1993 მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანდრია მიხეილის ძე რაზმაძის პირადი არქივის აღწერილობა / საქ. უახლესი ისტორიის ცენტრ. სახელმწ. არქივი, ფონდი N 768 ; [ა. რაზმაძის არქივი შეკრიბა, დაახარისხა და აღწერა იოსებ ცინცაძემ]. - თბ., 2007.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

