The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარიამ უგრეხელიძე

მარიამ უგრეხელიძე
დაბადების თარიღი:1991  (35 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

მარიამ უგრეხელიძე დაიბადა 1991 წელს, თბილისში. დედამისი, მადონა ნიორაძე, ხუთ დასთან ერთად გაიზარდა ოჯახში, სადაც ყველა ხელოვნების მსახურია. მათ შორის ყველაზე ცნობილები არიან პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძე და მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე. ბალერინაა მარიამის დეიდაშვილი ქეთევან პაპავაც, ვენის შტაცოპერის თეატრის სოლისტი. ლეგენდარული ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლეები და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სოლისტები იყვნენ მარიამის დედა და კიდევ ერთი დეიდა - მანანა ნიორაძე. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს მარიამიც თეატრში ატარებდა. 5 წლის იყო პირველად პუანტებზე რომ დადგა. ესწრებოდა ბალეტის გაკვეთილებს, რეპეტიციებს, სპექტაკლებს და ბალერინობაზე ოცნებობდა.

მარიამი 10 წლის რომ გახდა, დედამ სანქტ-პეტერბურგში წაიყვანა, სადაც იმ პერიოდში მარიას თეატრში მოღვაწეობდნენ მისი სახელოვანი დეიდები - ირმა და მზია ნიორაძეები.

მარიამმა გაიარა კონკურსი და ჩაირიცხა აგრიპინა ვაგანოვას სახელობის სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო რუსულ საბალეტო აკადემიაში, საბალეტმეისტერო ხელოვნების ფაკულტეტზე (2001-2009).

საბალეტო აკადემია მარიამ უგრეხელიძემ ბალეტის მსახიობის სპეციალობით დაამთავრა და 2009 წლიდან - 2021 წლამდე იმუშავა სანქტ-პეტერბურგის მიხაილოვის თეატრში სოლისტად. 12 წლის განმავლობაში მან მიიღო მონაწილეობა ყველა კლასიკურ ბალეტში, ასევე მსოფლიოს საუკეთესო ბალეტმეისტერების და ქორეოგრაფების თანამედროვე დადგმებში. ასრულებდა სოლო და წამყვან პარტიებს.

მიხაილოვის თეატრთან ერთად ქართველმა ბალერინამ გასტროლებით მოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა და სოლო პარტიები შეასრულა მსოფლიოს დიდ სცენებზე: ინგლისში, ამერიკაში, კანადაში, ჩინეთში, იაპონიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ფინეთში, ავსტრიაში, იტალიაში, ლატვიაში, ესტონეთში.

მარიამ უგრეხელიძის წარმატების შესახებ დაიწერა გაზეთებში: New York Times (2014), Financial Times (2014), Los Angeles Times (2014), The Guardian (2013) და სხვა.

2019 წელს მარიამი მიიწვიეს ბალეტის მსოფლიო ვარსკვლავთა გალა-კონცერტზე, ფესტივალზე - “Dance Open”, რომელიც ჩატარდა სანქტ-პეტერბურგის ალექსანდრეს თეატრში.

2020 წელს, მარიამ უგრეხელიძე დაბრუნდა სამშობლოში და 2021 წელს დედასთან ერთად თბილისში დააარსა კამერული საბალეტო დასი. პარალელურად, იგი აგრძელებს სწავლას ვაგანოვას აკადემიის საბალეტმეისტერო- სარეჟისორო ფაკულტეტის მაგისტრატურაში.

ქართულ საბალეტო ხელოვნების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მცირე საბალეტო დასი ჩამოყალიბდა და წარმატებულად მუშაობს. დასის მსახიობები არიან თბილისის და ბათუმის ქორეოგრაფიული სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც ვაკანსიების სიმცირის გამო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვერ მოხვდნენ. სწორედ ამ კადრებისთვის შეიქმნა ეს დასი, რათა მათ შეძლონ თავიანთ საყვარელ პროფესიაში განვითარება და საკუთარი თავის რეალიზება.

კამერული დასის რეპერტუარს შეადგენს მარიამ უგრეხელიძის საბალეტო დადგმები: „კონკია“ (2022), „ბოლერო“, „მაკნატუნა“ (2024), „საბალეტო გალა“ (2021), „ურჩხული და მზეთუნახავი“ (2025). დასი დიდი წარმატებით ატარებს სპექტაკლებს თბილისის გრიბოედოვის დრამატულ თეატრში.

მარიამ უგრეხელიძე არის თბილისის საბალეტო კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო მადონა ნიორაძე ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მხარეს აგვარებს, ასევე არის კოსტიუმების მხატვარი.

დედა-შვილმა საბალეტო სკოლაც გახსნა და დასისთვის კადრებს ზრდის. სკოლის აღსაზრდელები იღებენ მონაწილეობას კამერული დასის სპექტაკლებში, საუკეთესო მოსწავლეები კი ჩაირიცხებიან საბალეტო დასში. 

დღევანდელ ეტაპზე მარიამ უგრეხელიძე არის არა მარტო ბალეტის მსახიობი, არამედ ბალეტმაისტერი და პედაგოგიც, რასაც წარმატებით ართმევს თავს.

წყარო:

https://www.facebook.com/mariam.ugrekhelidzeballet/ 

http://gza.kvirispalitra.ge/saxe/10992-mariam-ugrexelize-new-york-times-los-angeles-times-the-guardian-tu-sxva-zhurnalebi-qoveltvis-agprtovanebit-cerdnen-chemze/

უგრეხელიძე მარიამი. რას წერდა „ნიუ-იორკ თაიმსი“ მარიამ უგრეხელიძეზე და როგორ განსაზღვრა ირმა ნიორაძემ მისი მომავალი: ინტერვიუ / ესაუბრა მარიამ დვალაშვილი // თბილისელები. თბილისი, 2024.27 მაისი-2 ივნისი. N22 (1222). გვ. 11


გააზიარე: