| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ირინა გაჩეჩილაძე![]()
Biographyდრამატული და საოპერო სპექტაკლების რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძე დაიბადა და გაიზარდა თბილისში. მან პირველი პიესა 11 წლის ასაკში დადგა და მეზობლები შეკრიბა. დაამთავრა თბილისის მეექვსე გერმანული სკოლა. განათლება უცხოეთში მიიღო, სწავლობდა რუსეთში, ისრაელსა და ნიუ-იორკში. 1998 წელს თელავივში წავიდა, სადაც დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი - TLV Dance Academy of Bikurey Ha'Itim. სპეციალიზაცია გაიარა ვიდეო ცეკვაში (видео-дэнс), რაც კინოსა და ქორეოგრაფიის სინთეზს წარმოადგენს. მისი ფილმების ნახვის შემდეგ, ერთ-ერთმა ცნობილმა ოპერის დირიჟორმა შესთავაზა, გამხდარიყო საოპერო სპექტაკლების რეჟისორი. შემდეგ ბადრი მაისურაძემ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელმა დირექტორმა, რომელიც მაშინ მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი იყო, ყველაფერი გააკეთა, რათა ირინა GITIS-ში სწავლისკენ წაეხალისებინა. მისმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. ირინა გაჩეჩილაძემ მოსკოვში დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია (გიტისი) საოპერო და დრამატული რეჟისურის განხრით. სამაგისტრო დისერტაცია დაიცვა მოცარტის ორმოქმედებიან ოპერაზე „დონ ჯოვანი“. შემოქმედებითი ნიჭის მიუხედავად, ახალგაზრდა რეჟისორმა ზრდასრულ ასაკში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა და ბაკალავრის ხარისხი მიიღო. მისი აზრით, რეჟისორი მრავალმხრივი უნდა იყოს. ირინა გაჩეჩილაძე ცხოვრობდა ისრაელში, რუსეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ამერიკაში... ყველგან შემოქმედებითი ცხოვრებით იყო დაკავებული და თავის დადგმებში ყოველთვის სიახლეებს გვთავაზობდა. რეჟისორს გადაღებული აქვს ხუთი ფილმი და მრავალი ინსტალაცია. წერს კინოსცენარებსაც. მისმა ფილმებმა საერთაშორისო ფესტივალებზე პრიზები მოიპოვა, მათ შორის ორი ფილმი ანაპის საერთაშორისო კინოფესტივალის „კინოშოკის“ პრიზიორია. ასევე, მას დადგმული აქვს დრამატული სპექტაკლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა, თავს, უპირველეს ყოვლისა, ოპერის რეჟისორად მიიჩნევს. 2007 წელს „რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემიაში“ მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნებულმა რეჟისორმა თბილისის რუსთაველის თეატრში ქართული პიესების ლიტერატურული კითხვის ფარგლებში დადგა ბესო ხვედელიძის პიესა „მელოტთათვის“; ამავე წელს მან დააარსა ფონდი Red Lab (იგივე Red Lab Productions. „წითელი ლაბორატორია”). ამ ფონდის ფარგლებში ირინა გაჩეჩილაძე ანხორციელებს სხვადასხვა შემოქმედებით პროექტებს. მათ შორის: 2009 წელს სომხეთში, ერევნის ოპერაში დადგა მოცარტის ოპერა „დონ ჯოვანი“. ეს იყო ერთგვარი ქართულ-სომხური დრამატურგიული სინთეზი, სადაც საქართველოს ირინა გაჩეჩილაძე წარმოადგენდა. 2010 წელს თბილისში მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ხმოვანი დეკორაციებისა და კოსტიუმ-დეკორაციის გამოყენებით (ინოვაცია დაპატენტებულია) მის მიერ დადგმული პუშკინის „ევგენი ონეგინი” წლის თეატრალური მოვლენა გახდა. კოსტიუმებისა და სცენოგრაციის ავტორი თავად რეჟისორი იყო. მან გმირები რუსულ მატრიოშკებად აქცია, რომლებიც კოსმოსში ანუ სცენაზე კი არ დადიან, არამედ – დაგორავენ. სპექტაკლი ორენოვანი იყო. ეს გახლდათ მცდელობა, მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, რუსულ ლიტერატურაზე უარი არ გვეთქვა, რადგან არსებობს უამრავი რუსულენოვანი კარგი ნაწარმოები - „ხელოვნებას ხომ ეროვნება არა აქვს. ის მსოფლიოს ეკუთვნის“, - ამბობს ირინა გაჩეჩილაძე. იყო სხვა საერთაშორისო პროექტებიც. მათ შორის აღსანიშნავია, 2013 წელს ნიუ-იორკში „თეატერლაბის“ სცენაზე დადგმული სპექტაკლი ჩეხოვის „თოლია“ (აფიშის ავტორიც თავად გახლდათ); ასევე, ჯან კარლო მენოტის „ტელეფონის” საოპერო დადგმა ლონდონში 2015 წელს. პრემიერის შემდეგ დიზაინერმა ვივიენ ვესტვუდმა, რომელიც სპექტაკლს ესწრებოდა აღფრთოვანება ვერ დამალა და ემოციები სპექტაკლის დამსწრეებს გაუზიარა. „ტელეფონის“ პრემიერას ესწრებოდა მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი), რომელმაც ახალგაზრდა რეჟისორს თავისი პიესის „ჰამლეტის“ დადგმა შესთავაზა. 2015 წელს, ლონდონში ცხოვრების პერიოდში, ირინა გაჩეჩილაძემ შექმნა საკუთარი თეატრალური დასი „სალონური ოპერა“. აკუნინის „ჰამლეტი. ვერსია“ ირინა გაჩეჩილაძემ 2017 წელს ნიუ-იორკში დადგა. სპექტაკლის წარმატებას ისიც მიანიშნებს, რომ პრემიერაზე ნიუ-იორკის სხვა 12 გამოცემასთან ერთად წერდა „ნიუ-იორკ თაიმსიც“. აკუნინის „ჰამლეტი. ვერსიის“ დადგმამდე რამდენიმე თვით ადრე რეჟისორმა აშშ–ში პრინსტონის კონსერვატორიაში პუჩინის ოპერა „და ანჟელიკა” და რაველის „ბავშვი და ჯადოსნობა” დადგა. პრინსტონის კონსერვატორიამ მას თავად შესთავაზა ამ ორი ოპერის რეჟისორობა. ირინა ასისტენტის გარეშე ორი თვე მუშაობდა ვესტმინსტერის კოლეჯის ოცი–ოცდაათი წლის ასაკის სამოცდაორ სტუდენტ–მომღერალთან. 2017 წელს ირინა გაჩეჩილაძემ Red Lab-ის სამხატვრო ხელმძღვანელის ეგიდით გადაწყვიტა ორგანიზება გაეწია ფესტივალისთვის „ქართულ-ამერიკული თეატრალური ზეიმი“. ის იყო ამ ფესტივალის კურატორიც და სპექტაკლების კოსტიუმების დიზაინერიც. ეს პროექტი პირველ რიგში ემსახურებოდა იმას, რომ ამერიკელებს ქართული დრამატურგიის არსებობის შესახებ გაეგოთ, დაინტერესებულიყვნენ და ეს გამხდარიყო მათთვის ქართველი მწერლების ნამუშევრების დადგმის მოტივი. ირინამ შეკრიბა ამერიკელი რეჟისორების გუნდი, რომლებმაც წაიკითხეს ზოგიერთი თანამედროვე ქართველი დრამატურგის ინგლისურად ნათარგმნი პიესები, შემდეგ კი თავად შეარჩიეს თუ რომელ პიესას ვინ დადგამდა. მსახიობები სხვადასხვა თეატრებიდან მოიწვიეს, რათა ამ ფესტივალის არსებობის შესახებ უფრო მეტ თეატრს გაეგო, აგრეთვე, ძალიან ბევრი ამერიკული თეატრიც დაპატიჟეს. ფესტივალს მასპინძლობდა მყუდრო და კომპაქტური არტსივრცე Teatro Circulo (1992), რომელიც დაარსების დღიდან ესპანურენოვანი სცენარისტებისა და ავტორების ნაწარმოებების პერფორმანსების ადგილია. ამჟამად კი რამდენიმე კვირა ქართველ ხელოვანებს უმასპინძლა. ქართულ–ამერიკული თეატრალური ფესტივალი გაიხსნა ლაშა ბუღაძის „შეყვარებული ნავიგატორით”(რეჟისორი ადამ ნაითი). დაიდგა, ასევე, თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტი” (რეჟისორი ბეკი ბაუმოული). სპექტაკლებში ამერიკელი მსახიობები თამაშობდნენ. დანარჩენი ავტორების პიესები სცენაზე არ დადგმულა. ტექსტებს ლიტერატურული კითხვის ფარგლებში კითხულობდნენ ამერიკელი მსახიობები. Teatro Circulo-ში მაყურებელი ამ სახით გაეცნო დათა თავაძის „დედა ომს“ (რეჟისორი რიჩარდ ავენი), რეზო კლდიაშვილის „პილონს“ (რეჟისორი ჯაიკობ ტაიტუსი), ნესტან კვინიკაძის „მეგობრებს“ (რეჟისორი ლიზ თალერი), ბასა ჯანიკაშვილის „დიქტატურას“ (რაჟისორი ჯასთინ იორიო), გურამ ბათიაშვილის „არწივის ფრთებზე“, ნინო ხარატიშვილის „ლივ შტაინს“, თამარ ბართაიას „კაბის დღიურს“, ლაშა ბუღაძის „პუტინის დედას“ (რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძე). 2019 წელს კომპოზიტორ ჯან კარლო მენოტის მონოოპერა „ტელეფონი“ ირინა გაჩეჩილაძემ საოპერო სპექტაკლად აქცია და ვენისა და ბრატისლავის სცენაზე უჩვენა მაყურებელს. „ტელეფონის“ პრემიერა ვენის Volkstheater-ის მცირე დარბაზში 1 მარტს გაიმართა. 28 თებერვალს კი სპექტაკლი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოზე, ბრატისლავაში, "ზიჩი პალასში" პირველად ნახა მაყურებელმა. საპრემიერო ჩვენებებში ქართველი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობდნენ: სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე, ბას-ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი მიხეილ მენაბდე, პიანისტი გიორგი კაჩინსკი. საოპერო სპექტაკლის აფიშის დიზაინის ავტორიც ქართველი მხატვარი გელა პატიაშვილი იყო. ამავე წლის ზაფხულში ირინა გაჩეჩილაძის მიერ შემუშავებული პროექტის ფარგლებში სალონური ოპერა „ტელეფონი“ წარადგინეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მონაწილეობდნენ ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. სპექტაკლებმა წარმატებით ჩაიარა და ყველგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. 2025 წლის 4 და 5 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა იოსებ ბარდანაშვილის ახალი კამერული ოპერის „ევას“ პრემიერა. ლიბრეტოს ავტორები არიან ჯემალ აჯიაშვილი და ალექსეი პარინი. რეჟისურა და სცენოგრაფია ეკუთვნის ირინა გაჩეჩილაძეს. საოპერო დადგმა განხორციელდა პროექტ “თანამედროვე ოპერის განვითარების” ფარგლებში. Red Lab-ის პროდუქცია. საინტერესოა, რომ ირინა გაჩეჩილაძე არის მთარგმნელის, ლიტერატურათმცოდნის, პოეტისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის გივი გაჩეჩილაძის (1914-1974) შვილიშვილი და აგრეთვე, საქართველოში ჩოგბურთის ფუძემდებლის, იან ჰომერის შთამომავალი. წყარო: https://blogs.netgazeti.ge/2017/09/14/ცხრა-ქართული-პიესა-ნიუ-იორკში/ https://fortuna.ge/akhalgazrda-qartveli-redjisoris-irina-gachechiladzis-morigi-warmateba-uckhoetshi/ გაჩეჩილაძე ირინა. რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძე ხელოვნების გაზიარების მნიშვნელობასა და საერთაშორისო პროექტებზე: ინტერვიუ // Diplomat: ყოველთვიური ორენოვანი ჟურნალი საქართველოში. თბილისი, 2022. ოქტომბერი. გვ. 41-44 გაჩეჩილაძე ირინა. აკუნინის „ჰამლეტი“ და ქართველი რეჟისორის ტრიუმფი ბროდვეიზე: ინტერვიუ // ბომონდი. თბილისი, 2017. ივნისი. N6. გვ. 36-40
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

