The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


კონსტანტინე სულამანიძე

კონსტანტინე სულამანიძე
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1987  (39 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

პლასტიკური ესთეტიკური რეკონსტრუქციული ქირურგი, დერმატოლოგი, კოსმეტოლოგი კონსტანტინე (კოტე) სულამანიძე დაიბადა 1987 წლის 9 აპრილს, თბილისში, ოჯახში, სადაც პრაქტიკულად ყველა ექიმია, არა მხოლოდ მამა, დედა, ძმა, არამედ ბებიები, ბაბუები, ბიძაშვილები და ა.შ.

კოტეს დედა - ტატიანა პაიკიძე დერმატო-კოსმეტოლოგიაში საქმიანობს, მანამდე, 20 წელი გასტროენტეროლოგად მუშაობდა. მამა, მარლენ სულამანიძე, თავიდან ყბა-სახის ქირურგი გახლდათ, შემდეგ რინოპლასტიკური ოპერაციების კეთება დაიწყო და უკვე 30 წელზე მეტია, რაც პლასტიკური, რეკონსტრუქციული ქირურგია. ძმა − გიორგიც პლასტიკური ქირურგია, თუმცა ამჟამად კომპანია APTOS-ს ხელმძღვანელობს.

APTOS სულამანიძეების ოჯახის კომპანიაა და აწარმოებს პლასტიკურ ქირურგიაში ფართოდ გამოყენებად გამაახალგაზრდავებელ სამედიცინო ძაფებს, რომელიც წლების წინ გამოიგონა მარლენ სულამანიძემ, დააპატენტა და ამჟამად საქართველოში (თბილისში), რუსეთსა და გერმანიაში აქვთ განთავსებული ქარხნები, საიდანაც მსოფლიოს 50 ქვეყანა მარაგდება პროდუქციით.

მამას კოტე 12 წლიდან თან დაჰყავდა საზღვარგარეთ კონგრესებზე და სიმპოზიუმებზე, ასე რომ, ბევრ ცნობილ პლასტიკურ ქირურგს ბავშვობიდან იცნობდა. ამ გარემოცვამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა და არავისი დარწმუნება არ დასჭირვებია, თავად გადაწყვიტა ექიმობა. ფაქტობრივად, სხვა არჩევანი არც ჰქონდა.

1990-იანი წლების დასაწყისში კოტე ოჯახთან ერთად მოსკოვში აღმოჩნდა, სადაც ჯერ სკოლა დაამთავრა, 2009 წელს კი ი. მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემია. 

2009 წლიდან 2011 წლამდე გადიოდა აკადემიურ კლინიკურ სტაჟირებას რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის განყოფილებაში.

2011 წლიდან 2012 წლამდე სტაჟირება გაიარა (სპეციალობა „დერმატოვენეროლოგია“) რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში (RUDN).

2014 წელს - ტრენინგი და სერტიფიცირება (სპეციალობა „კოსმეტოლოგია“) რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში (RUDN).

უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ კოტემ მუშაობა დაიწყო მოსკოვში, მამის კლინიკაში. 2007 წლიდან პარალელურად თბილისშიც მუშაობდა ესთეტიკურ ქირურგად. მშობლიურ ქალაქში გადმოსვლა იმან განაპირობა, რომ შეუყვარდა მისი კოლეგა ესმა ჯოპუა, რომელზეც მალე იქორწინა და თბილისში ერთად გახსნეს კლინიკა.

2010 წელს მთელი ოჯახი დაბრუნდა საქართველოში, რათა სამშობლოში ეცხოვრა და აქ განეხორციელებინათ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზება. გახსნეს „ტოტალ შარმის“ კლინიკები თბილისსა და ბათუმში. კოტე სულამანიძე არის კლინიკის დირექტორი და ქირურგი, რომლის  სპეციალიზაციას წარმოადგენს რეკონსტრუქციული, კოსმეტიკური და მაკორექტირებელი ოპერაციების ჩატარება. ამავე დროს, არის სასწავლო კურსებისა და საჩვენებელი ოპერაციების ორგანიზატორი, ატარებს ტრენინგებს, უცხოელ ქირურგებთან, ასწალის ცხვირის მოდელირებას Aptos -ძაფებით.

„პლასტიკური ქირურგია მედიცინისა და ხელოვნების ჰარმონიული სინთეზია, რომელიც ადამიანების გაბედნიერებას ემსახურება. მისი, როგორც ექიმის, მთავარი მისიაც სწორედ ესაა“, - ამბობს კოტე სულამანიძე.

„ტოტალ შარმი“ ყოველწლიურად  ახორციელებს საქართველოს მასშტაბით ესთეტიკური მედიცინის ყველაზე დიდი კონგრესის ორგანიზებას.  

პლასტიკური ქირურგი კოტე სულამანიძე, როგორც აპტოს სამედიცინო ძაფებისა და მეთოდების იდეის ერთ-ერთი ავტორი, 2015 წელს, პარიზში, ესთეტიკის სფეროში საერთაშორისო კონგრესის AMEC 2015-ის ფარგლებში დასახელდა საუკეთესო სპეციალისტად და გადაეცა ნომინაცია “Best treatment” 2015-2016.

კოტე სულამანიძე რამდენიმე საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრია: პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება (ISAPS);

პლასტიკური ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგების საერთაშორისო საზოგადოება (IPRAS); საქართველოს პლასტიკური ესთეტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგების საზოგადოება (GeoPRAS); რუსეთის პლასტიკური რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგების საზოგადოება (SPRAS).

სულამანიძეების ოჯახის წევრები, ძირითადად, ცხოვრობენ თბილისსა და მოსკოვში.

კოტე სულამანიძე ბევრს მოგზაურობს. ნამყოფია  50-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ატარებდა პლასტიკურ ქირურგიულ ოპერაციებს, აქტიურად მონაწილეობდა ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში. ჩატარებული აქვს 8 ათასზე მეტი ოპერაცია და 400-ზე მეტი სასწავლო კურსი აპტოსის მეთოდებზე, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში.

2015 წელს მიიღო დაბერების საწინააღმდეგო სილამაზის ტროფეი - საუკეთესო კლინიკური შემთხვევის გამარჯვებული.

წელიწადში საშუალოდ 150-170 ოპერაციას ვაკეთებ რინოპლატიკის მიმართულებით და ამდენივე მკერდის კორექციას. დანარჩენი წილი სხვა ოპერაციებს უჭირავს, მათ შორის − ლიპოსკულპტურას.

კოტე სულამანიძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, ნიკა, რომელიც დაიბადა 2011 წელს. 2025 წლის ბოლოს პლასტიკური ქირურგი მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული გახდა  უკრაინელი ირენ პილი.

წყარო:

https://aptosmethods.com/coach/3/konstantin-sulamanidze

https://okmagazine.ge/ok-კონსტანტინე-სულამანიძი/

 


გააზიარე: