The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ეკატერინე სურმავა

ეკატერინე სურმავა
დაბადების თარიღი:1993  (33 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

პრიმა ბალერინა ეკეტერინე (ეკა) სურმავა ბალეტში ქართული ცეკვიდან მოხვდა. დაიბადა 1993 წელს, თბილისში. ხელოვანთა ოჯახიდან არ არის, დედა ფილოლოგია, მამა – ფიზიკოსი. მათ არც უფიქრიათ, რომ ეკა შეიძლებოდა ბალერინა გამხდარიყო, უბრალოდ უნდოდათ მოუსვენარ შვილებს ენერგია კარგ საქმეზე დაეხარჯათ და როგორც კი წამოიზარდნენ, სამივე (ორი გოგონა და ერთი ვაჟი) ქართულ ცეკვაზე მიიყვანეს, პედაგოგ გელა წერეთელთან. სწორედ მან შეამჩნია ეკას მონაცემები და მშობლებს ურჩია ბალეტზე შეეყვანათ. ჯერ შეყოყმანდნენ, რადგან ეს მოულოდნელი იყო, თუმცა, საბოლოოდ, პედაგოგის რჩევა მიიღეს და ქალიშვილი ვირ­სა­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტუ­დი­ა­ში მი­იყ­ვა­ნეს, სადაც ოთხი წელი დაჰყო, ხოლო, როცა შესაბამის ასაკს მიაღწია ვახ­ტანგ ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გადავიდა, რომელიც წარმატებით დაამთავრა.

ქორეოგრაფიული სას­წავ­ლებ­ლის მოსწავლეები აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თე­ატ­რის დად­გმებ­ში. ეკა სცენაზე თავის პირველ გამოსვლას ვერ იხსენებს, მაგრამ გამორჩეულად ახ­სოვს, რომ "მაკ­ნა­ტუ­ნა­ში" მაკ­ნა­ტუ­ნა როცა ი­ცეკ­ვა, მაშინ მი­ხვდა, რომ ბა­ლე­ტი ძა­ლი­ან მოს­წონ­და და სურ­და ამ სფე­რო­ში ყოფ­ნა.

სასწავლებელის დამთავრების შემდეგ თეატრში გადასვლისთვის ახალბედა მოცეკვავეებს გამოცდები უნდა ჩაებარებინათ, თუმცა ეკა  ყოველგვარი გამოცდის გარეშე მიიღეს და აქედან მოყოლებული თეატრში მოღვაწეობდა 13 წლის განმავლობაში - 2009 წლიდან ოპერის საბალეტო დასის მოცეკვავე იყო, 2014 წლიდან კი წამყვანი სოლისტი გახლდათ. პედაგოგი - ირინე ჯანდიერი. 

2015 წელს, 23 წლის ბალერინამ დომენიკო მოდუნიოს სახელობის საერთაშორისო ფესტივალზე იტალიაში პირველი ადგილი მოიპოვა. მან და მისმა პარტნიორმა ფილიპ ფიდულოვმა კონკურსზე შეასრულეს – „ჟიზელი”, კლასიკურ კატეგორიაში, ხოლო თანამედროვეში – „საგალობელი”. მოცეკვავეები ორივე ნომინაციაში ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ. 

ეკატერინე სურმავა საბალეტო დასის ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის რჩეულ ბალერინად ითვლებოდა, რომელიც მას ჯერ კიდევ ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან იცნობდა. თე­ატ­რში მოს­ვლის დღი­დან ახალგაზრდა ბალერინას ენდობოდნენ და გა­მორ­ჩე­ულ პარ­ტი­ებს აძლევდნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ამაღელვებელი იყო, რო­დე­საც 2012 წელს, ია­პო­ნი­ა­ში გასტროლების წინ ქალბატონმა ნინომ გადაწყვიტა, ეკა „გედების ტბაში“ შეეყვანა თეთრი გედის - ოდეტას - პარტიის შესასრულებლად, თავად კი შავ გედს - ოდილიას - ცეკვავდა.

2015 წელს ეკა სურმავა მონაწილეობდა თბილისში გამართულ საბალეტო გალა კონცერტში, რომელიც მიეძღვნა ჯორჯ ბალანჩინის 110 წლის იუბილეს.

2022 წლის მაისში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 170-ე სეზონზე, გაიმართა ბალეტ „ოტელოს“ პრემიერა. პირველად სპექტაკლი 1957 წელს დაიდგა და მისი ავტორები ლეგენდარული მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანი, მხატვარი სოლიკო ვირსალაძე და კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი იყვნენ. 65 წლის შემდეგ ბალეტი აღადგინა ნინო ანანიაშვილმა. მას ეკუთვნის სპექტაკლის ახალი ქორეოგრაფიის რედაქცია, ლიბრეტო და რეჟისურა, დეზდემონას პარტია კი ეკატერინე სურმავას ანდო.

ეკამ წამყვანი პარტია შეასრულა შექსპირის პიესის მიხედვით დადგმულ კიდევ ერთ ბალეტში, “რომეო და ჯულიეტა”, სადაც ჯულიეტას როლი მოირგო.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან ერთად ეკატერინე სურმავამ მთელი მსოფლიო მოიარა და არაერთ პრესტიჟულ სცენაზე იცეკვა. გასტროლები ჰქონდათ იაპონიის რამდენიმე ქალაქში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის ქვეყნებში, ეკვადორშიც კი იყვნენ, სადაც საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში გაემგზავრნენ.

ცეკვის პარალელურად ეკამ უნივერსიტეტში ჩააბარა და კულტურის მენეჯმენტს დაეუფლა.

2023 წელს ეკატერინე სურმავამ გერმანიიდან, დორტმუნდის თეატრის საბალეტო დასიდან მოწვევა მიიღო. ეს მისთვის ერთგვარი გამოწვევა იყო, რადგან საქართველოში გარკვეული ადგილი ჰქონდა დამკვიდრებული და  მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის თეატრში წამყვან პოზიციაზე მიიწვიეს, შეიძლება ითქვას, რომ მაინც ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა. დიდხანს არ უფიქრია, რადგან მიხვდა, რომ ეს მისი არა მარტო როგორც მოცეკვავისა და არტისტის, არამედ პიროვნული განვითარებისათვის აუცილებელი გახლდათ, მითუმეტეს, რომ დორტმუნდის თეატრში ნეოკლასიკაც ხშირად იდგმება, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარი კი ძირითადად კლასიკური იყო.

დღეს ეკა სურმავა თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილია. დორტმუნდის თეატრს საინტერესო რეპერტუარი აქვს, ახალი ტექნიკის შესწავლაც უხდება, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია მოცეკვავისთვის. მისი შემოქმედებითი ცხოვრება ძალიან საინტერესოდ მიდის, თეატრში თანამედროვე ქორეოგრაფების ბალეტი ბევრია  და შესაბამისად, წამყვანი ბალერინაც დატვირთულია როლებით.                                 

ეკატერინე სურმავა დორტმუნდის საბალეტო დასში პირველი ქართველი ბალერინაა.

წყარო: 

სურმავა, ეკატერინე. ნინო ანანიაშვილის პარტნიორი თეთრი გედი : ინტერვიუ / ესაუბრა ანა კალანდაძე // რეიტინგი. - თბილისი, 2015. - 11 მაისი. - N19(655). - გვ.36-37

http://gza.kvirispalitra.ge/saxe/10659-ak-tavs-uxerxulad-igrznob-sadme-rom-daagviano/

http://gza.kvirispalitra.ge/saxe/9543-eka-surmava-operis-teatris-camqvani-solistis-gancdebi-premieris-cin/

http://gza.kvirispalitra.ge/life/6787-eka-surmava-nino-ananiashvilis-rcheuli-ulamazesi-balerina/


გააზიარე: