| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მარლენ სულამანიძე![]()
ბიოგრაფიაპლასტიკური ქირურგი მარლენ სულამანიძე დაიბადა 1947 წლის 8 ოქტომბერს სოფელ სიმონეთში (თერჯოლის მუნიციპალიტეტი). მალე მისი ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. მარლენმა დაამთავრა ქუთაისის მე-9 საშუალო სკოლა და ქ. ირკუტსკის სამედიცინო ინსტიტუტი (1972). 1974 წლიდან დაკავდა ყბა-სახის ქირურგიით და სამუშაოდ ჩავიდა ქ. ქუთაისში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები და ერთადერთი და. როგორც ექიმი, იგი ემსახურებოდა არა მარტო ქუთაისს, არამედ თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს. 1974-1984 წლებში მარლენ სულამანიძე მუშაობდა ყბა-სახის ქირურგიის სფეროში. 1984 წლიდან კი მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია გახდა. ის ჯერ საქართველოს კლინიკებში მუშაობდა, 1993 წლიდან კი – ქალაქ მოსკოვში, სადაც გახსნა საკუთარი კლინიკა. მარლენ სულამანიძეს ჩატარებული აქვს 25 000-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის 5000-ზე მეტი ცხვირის ფორმის დეფორაციის პლასტიკაში და 7000-ზე მეტი პროცედურა Aptos-ის მეთოდებით. გარდა ამისა, გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, აქედან 28 წამყვან საერთაშორისო გამომცემლობებში. Aptos-ის ისტორია 1996 წელს იწყება, როცა პლასტიკურმა ქირურგმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი კბილანებიანი ძაფი, რამაც ჩაუყარა საფუძველი ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას, ძაფებით ლიფტინგს. მარლენ სულამანიძემ თავისი გამოგონება დააპატენტა და დააარსა კომპანია APTOS-ი. ამჟამად მისი საოჯახო კომპანიის APTOS-ის ქარხნები განთავსებულია საქართველოში (თბილისში), რუსეთსა და გერმანიაში. აქ იწარმოება პლასტიკურ ქირურგიაში ფართოდ გამოყენებადი გამაახალგაზრდავებელი სამედიცინო ძაფები და მიეწოდება მსოფლიოს 50-მდე ქვეყანას. სულამანიძეების ოჯახის ყველა წევრი ექიმია. მარლენის მეუღლე - ტატიანა პაიკიძე დერმატო-კოსმეტოლოგიაში საქმიანობს, მანამდე, 20 წელი გასტროენტეროლოგად მუშაობდა. პლასტიკური ქირურგები არიან მათი ვაჟები - კონსტანტინე და გიორგი, რომელიც ამჟამად კომპანია APTOS-ს ხელმძღვანელობს. 2010 წლიდან ბატონი მარლენი მოღვაწეობას აგრძელებს საქართველოში, როგორც კომპანია ,,აპტოსის'' მთავარი კონსულტატი და პლასტიკური ქირურგი კლინიკაში ,,ტოტალ შარმი''. აქვე მუშაობს მისი უფროსი ვაჟი - კონსტანტინე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარლენ სულამანიძე უამრავი წამყვანი ასოციაციის საპატიო წევრია, მათ შორის: IPRAS -ის (პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოება), რუსეთისა და საქართველოს პლასტიკურ, რეკონსტრუქციულ და ესთეტიკურ ქირურგთა საზოგადოების; ამერიკის პლასტიკური ქირურგების საზოგადოების (ASPS); საფრანგეთის ესთეტიკური ქირურგების ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრი (2001 წლიდან); ამერიკის დერმატოქირურგების საზოგადოების წევრი (2005 წლიდან); იაპონიის ლიპოსაქციის საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი (2007 წლიდან); Aptos-ი გახდა პირველი ქართული კომპანია, რომელმაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ექსპორტის საშუალებას იძლევა. ამჟამად მათი პროდუქცია მსოფლიოს ექვსივე დასახლებულ კონტინენტზე, 90 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამავდროულად, კომპანია მუდმივად სთავაზობს თავის მომხმარებლებს უნიკალურ და ინოვაციურ პროდუქტებს. ასეთია, მაგალითად, ძაფი ჰიალურონის მჟავით, რომელიც გლობალურ ბაზარზე პირველი და ერთადერთი ძაფია მსგავსი კომპოზიციით / ტექნოლოგიით. მარლენ სულამანიძემ არაერთხელ წარმოადგინა მოხსენებები პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სხვადასხვა თემაზე კონგრესებსა და კონფერენციებზე; იგი მსოფლიოს 56 ქვეყანაში იყო მიწვეული სასწავლო კურსების, Workchop-ისა და სადემონსტრაციო ოპერაციების ჩასატარებლად; მან მსოფლიო პრაქტიკაში პირველმა შემოგვთავაზა კანქვეშა რბილი ქსოვილების დისექციის მეთოდი (AptosWire); დააპატენტა და პლასტიკურ ქირურგიაში პირველად შემოგვთავაზა ქირურგიული ჭრილობების უწყვეტი ნაკერების მეთოდი ამობურცული ძაფების გამოყენებით; ესთეტიკურ ქირურგიაში, ასევე, პირველმა შემოგვთავაზა Aptos ძაფური ლიფტინგის მეთოდების გამოყენებით სახის, ქალის მკერდისა და სხეულის პტოზური რბილი ქსოვილების მინიმალურად ინვაზიური ლიფტინგი; დააპატენტა ორმაგი ნემსი და ძაფზე ამობურცულობების ახალი დიზაინი; 2021 წლიდან Aptos-ის პროდუქცია მსოფლიო ბაზარზე Made in Georgia სამარკო ნიშნით გადის. Aptos-ისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან ინოვატორად პოზიციონირებენ, არამედ ისიც, რომ კომპანია ქართული ხარისხიანი ბრენდია და გადამზადებული ჰყავს 30 000-ზე მეტი ექიმი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველ მათგანს ექიმის ქუდზე ქართული დროშა აქვთ დაბრენდილი, ეს კი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. წყარო: https://aptosmethods.com/coach/1/marlen-sulamanidze-phd https://www.med.ge › surgeon › 1291-marlen-sulamanidze https://www.bbway.eu/style/images/organigramma-societario/marlen-sulamanidze.pd
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

