The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გურამ ჭილაია

გურამ ჭილაია
დაბადების თარიღი:1930  (96 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

ქართული თხევადკრისტალური ფიზიკის სკოლის დამაარსებელი, გამომგონებელი, მეცნიერი, პედაგოგი გურამ ჭილაია დაიბადა 1930 წელს ქ. თბილისში, მწერალ სერგი ჭილაიას ოჯახში. დედა - მარიამ სანადირაძე ბაღის პედააგოგი იყო, თუმცა ვაჟის შეძენის შემდეგ აღარ უმუშავია. ოჯახ­ში სამი შვი­ლი იზ­რდე­ბო­და: გუ­რა­მი ფი­ზი­კო­სი გახ­და, დალი - ფი­ლო­ლო­გი, ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტი, უმ­ცრო­სი ქალიშვილი, ლალი კი - ექი­მი.

გურამ ჭილაიამ 1955 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა, ხოლო, 1960 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი;

1960-1963 წლებში სწავლობდა  ქ. მოსკოვის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1967 წელს ამავე ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია და მოიპოვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება;

საკანდიდატო დისერტაცია მეცნიერმა მიუძღვნა თუთიის სულფიდში ელექტროლუმინისცენციის საკითხებს;

1968-1971წწ. გურამ ჭილაია მუშაობდა მოსკოვის ორგანული ნაერთების ინსტიტუტში, სადაც ინტესიურად დაიწყო თხევადი კრისტალების ოპტიკური და ელექტროოპტიკური თვისებების შესწავლა; ამ პერიოდში შექმნა პიონერული ნაშრომი, რომელიც ეხება სპირალურ სტრუქტურებიანი თხევადი კრისტალების ელექტროოპტიკას და მისი შემდგომი მეცნიერული კვლევები ძირითადად ასეთი სტრუქტურების შესწავლას მიეძღვნა;

1972 წელს დაბრუნდა თბილისში და მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფს და დაიწყო თხევადი კრისტალების ფიზიკური თვისებების კვლევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში გამოყენების მიზნით;

ჯგუფი, რომელსაც გურამ ჭილაია მრავალი წელი ხელმძღვანელობდა შემდგომში ჩამოყალიბდა, როგორც ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპიული სისტემების განყოფილება;

1981 წელს მისი ინიციატივით ქ. თბილისში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თხევად კრისტალებში;

მეცნიერი 1983 წელს გახდა ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 1984 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება მყარი ტანის ფიზიკის დარგში;

1989 წელს სამეცნიერო ჯგუფს გურამ ჭილაიას ხელმძღვანელობით შრომათა ციკლისთვის: "ინდუცირებული სპირალური სტრუქტურის თხევადი კრისტალები ინფორმაციის ასახვის სისტემებისათვის" მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში;
როგორც მიწვეული პროფესორი გურამ ჭილაია მუშაობდა მრავალ ცნობილ საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრში - პარიზში, ბორდოში (საფრანგეთი), ბოლონიაში (იტალია), გეტებორგში (შვეცია), ტოკიოში (იაპონია) და სხვ.;

განსაკუთრებით მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბერლინის (გერმანია) ტექნიკურ უნივერსიტეტთან;

მისი უშუალო მონაწილეობით შესრულებულია მრავალი სამეცნიერო სამუშაო და მიღებულია მნიშვნელოვანი შედეგები, რომელთაგანაც ზოგიერთი ამ დარგის წამყვანი საზღვარგარეთელი მეცნიერის მიერ პრიორიტეტულადაა მიჩნეული;

მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამეცნიერო კონფერენციში, რომლებიც სხვადასხვა დროს იმართებოდა აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთში გერმანიაში, იტალიაში, ინდოეთში და სხვ.;

1995-1996 წლებში მიწვევითი მოხსენებები ჰქონდა აშშ-ის ქ. სან-ხოსეში, სადაც ერთდროულად ჩატარდა 25 კონფერენცია მეცნიერების ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებში როგორებიცაა: ინფორმაციის ოპტიკური დამუშავება, ლაზერული ტექნიკა, დისპლეები და ა. შ.;

გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათგან 3 მონოგრაფია და 10 გამოგონება;

2006 წელს გურამ ჭილაია გახდა ვ.კ.ფრედერიკსის საერთაშორისო მედლის ლაურეატი თხევადი კრისტალების ფიზიკის დარგში დამსახურებისთვის.

წყარო: 

https://cybernetics.ge/istoria 

გამოჩენილი მეცნიერი / ჯუმბერ ლომინაძე, გურამ ხარატიშვილი // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 1997. - 29 ივლისი. - N180 (2553). - გვ 6.


გააზიარე: