| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თინათინ ღუღუნიშვილი![]()
ბიოგრაფიაგერმანიაში მოღვაწე ხელოვნებათმცოდნე, კურატორი თინათინ ღუღუნიშვილი-ბრუკი (Tinatin Ghughunishvili-Brück) ხელოვნებით 12 წლის ასაკიდან დაინტერესდა. 15 წლიდან მხატვრული სწავლება თამაზ (თაზო) ხუციშვილის სახელოსნოში გაიარა. სკოლის შემდეგ სწავლა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხელოვნების ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც ფერწერას ეუფლებოდა. შემდეგ კი გადაწყვიტა ხელოვნების თეორია უფრო საფუძვლიანად შეესწავლა და გერმანიაში გაემგზავრა. განათლება ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით მიიღო ჯერ ჰამბურგის და შემდეგ მიუნხენის უნივერსიტეტებში, სადაც მისი მენტორები და პროფესორები იყვნენ ისეთი მნიშვნელოვანი თეორეტიკოსები, როგორებიც არიან: მარტინ ვარნკე, ვოლფგან კემპი, ფილოსოფოსი უჩა ურუშაძე, რომელსაც განსაკუთრებით ემადლიერება და სხვები. გერმანულმა განათლებამ და გამოცდილებამ თინათინ ღუღუნიშვილს ასწავლა კრიტიკული აზროვნება, მეცნიერული მუშაობის მეთოდები და მათი მნიშვნელობა. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ის პროფესიით მუშაობს და ამ პერიოდში ბევრი პროექტი განახორციელა. მათ შორის აღსანიშნავია პროექტები, რომლებზეც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, TGB Art Project- ის დაარსების შემდეგ იმუშავა. ერთ-ერთი მათგანია 2019 წელს მიუნხენში განხორციელებული პროექტი „რას ნიშნავს იყო უცხო“ (Some questions about being alien), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ხელოვანებმა – თამარ ნადირაძემ და გიორგი ჩხეიძემ იაპონელ ხელოვან, ჰაიატო მიცუტანისთან ერთად; კურატორობა გაუწია ნატა სოფრომაძისა და სალომე თინიკაშვილის გამოფენას, სახელწოდებით “Lascia ch’io pianga”, რომელიც გაიმართა 2021 წელს ჰამბურგის mom art space სივრცეში; ასევე, მოაწყო ბერძენი დენის და მარიანო კაპურანის პირველი სოლო შოუ გერმანიაში. TGB Art Projects მოიცავს საერთაშორისო პროექტებისა და გამოფენების სერიას. თანამედროვე მხატვრების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენითა და კურატორული პრაქტიკისადმი თემატური მიდგომის გამოყენებით, ეს პროექტები შექმნილია ახალგაზრდა მხატვრების მხარდასაჭერად მათ შემოქმედებით საქმიანობაში. თინათინ ღუღუნიშვილის პროექტებში ჩართული არიან ახალგაზრდა თუ გამოცდილი ხელოვანები სხვა და სხვა ქვეყნიდან. მის მიერ განხორციელებული პროექტები და გამოფენები ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული. ეს არის სინთეზი გემოვნებისა და გამოცდილების, თემების, რომლებიც მისთვის საინტერესოა. როგორც კურატორი თინათინი თვლის, რომ გამოფენის მოსამზადებლად არტისტებთან მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო. დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ მხარეს და პასუხისმგებლობას. იგი რეგულარულად მუშაობს ქართველ ხელოვანებთან. მისთვის მნიშვნელოვანია მათი ნამუშევრები გაიტანოს ევროპაში. ამჟამად თანამშრომლობს ახალგაზრდა ხელოვანთან თორნიკე რობაქიძესთან და აღნიშნავს, რომ ხელოვნების შექმნის პროცესთან მისი დამოკიდებულება გასაოცარია - ყოველდღიურად დაუღალავად მუშაობს, არასოდეს ექცევა ჩარჩოებში და გამუდმებით ეძებს ახალ გზებს, როგორც შინაარსობრივად, ასევე ტექნიკურად. ხელოვანის ნამუშევრები 2025 წელს პირველად გამოიფინა ნიუ-იორკში (FORTNIGHT INSTITUTE); თინათინი სიამოვნებით მუშაობს გიორგი ჩხეიძესთან, რომელიც თავისი ნამუშევრებით დაუვიწყარ ვიზუალურ და მენტალურ გამოცდილებებს გვთავაზობს. ასევე, 2025 წელს მიუნხენში, გალერეა ფილზარ & გრეფში მოაწყო გერმანელი ხელოვანის, დანიელე დელ´ევას გამოფენა. ხელოვნების ისტორიკოსისა და კურატორის მუშაობის პარალელურად, თინათინ ღუღუნიშვილი არც ფერწერას ივიწყებს და ხატავს კიდეც. გერმანიაში თინათინ ღუღუნიშვილი დაოჯახდა და ახლა მეუღლის გვარსაც ატარებს- თინათინ ღუღუნიშვილი-ბრუკი. წყარო: https://speech.ge/khelovneba/thinathin-ghughunishvili-khelovnebathmtsodne-germania/ https://www.tgbartprojects.com/artistic-practice https://filserundgraef.de/about/
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

