The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გალიბ გასანოვი

გალიბ გასანოვი
დაბადების თარიღი:1995  (31 წლის)
კატეგორია:დიზაინერი

ბიოგრაფია

2026 წლის თებერვალში მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში სამმა ქართველმა დიზაინერნა წარადგინა საკუთარი კოლექცია: დევიდ კომა - Blumarine, დემნა - Gucci, გალიბ გასანოვი - Institution. 

„ამომავალი ვარსკვლავი“ - ამ სახელით მოიხსენიებს გალიბ გასანოვს მოდის ყველაზე გავლენიანი გამოცემა VOGUE-ი, რომელმაც  2026 წლის დასაწყისში მისი შემოქმედების შესახებ ვრცელი, საინტერესო სტატია მოამზადა.

გალიბ გასანოვი (Galib Gassanoff) საქართველოს მოქალაქეა, აზერბაიჯანული ფესვებით. დაიბადა სოფელ ყარაჯალარში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი). თინეიჯერობის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, სადაც დაინტერესდა მოდის დიზაინით. 2013 წელს, 18 წლის ასაკში მან გაიმარჯვა თბილისში ჩატარებულ ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსში BeNext, რის შემდეგაც გაემგზავრა მილანში, Haute Future Fashion Academy-ში (HFFA), რათა  განათლება და გამოცდილება მიეღო მოდის დიზაინში.

2016 წელს გალიბმა და მისმა კურსელმა, ჩინელმა ლუკა ლინმა, დააარსეს ბრენდი Act n°1, რომლის მთავარი კონცეფცია მულტიკულტურული პროექტის შექმნა იყო, რომელიც ორ, სხვადასხვა კულტურაში გაზრდილი დიზაინერის განსხვავებულ ხედვას გააერთიანებდა.

2017 წელს ბრენდმა Vogue Italia-ს კონკურსზე, Who is on Next? გაიმარჯვა.

2024 წელს გალიბ გასანოვმა შექმნა საკუთარი ხაზი „INSTITUTION“ და მილანში წარმოადგინა ტექნიკის თვალსაზრისით მართლაც გამორჩეული კოლექცია, სადაც ქსოვილის შექმნის სტრუქტურა ორიგინალური მეთოდით წარმოაჩინა.

ბრენდის ესთეტიკურ საფუძვლად იქცა სოფელ ყარაჯალარსა და თბილისში გატარებული ბავშვობა, სადაც სხვადასხვა ენები და კულტურები ორგანულად იკვეთებოდა.

„Institution-ის მთავარი გზავნილია, რომ ვიცოდეთ რას ვიცვამთ, რა სამოსს, რა მასალას ეხება ჩვენი სხეული. ვიცოდეთ იდეოლოგია, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ღირებულებას დროთა განმავლობაში, ფორმის, ფერის ან სიგრძის ტენდენციების მიუხედავად. როდესაც ტანსაცმელს ატარებთ, უნდა იგრძნოთ საკუთარი თავის არსი, შექმნათ ერთიანობა და ჰარმონია", - ამბობდა 2024 წელს გალიბ გასანოვი Harpers Bazaar-თან ინტერვიუში. 

დიზაინერის ქართულ მოტივებზე შექმნილი ნამუშევრები გამოირჩევა თავისი ორიგინალური ხელწერით. ამის საუკეთესო მაგალითია ქართული მონეტებით შექმნილი კაბა, რომელიც ერთდროულად ხელოვნების ნიმუშიცაა და სამოსიც. აქ ტრადიციული სიმბოლიკა და თანამედროვე სილუეტი ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.

ბრენდის სამოსი იქმნება საქართველოსა და აზერბაიჯანის სოფლებში მცხოვრები ადამიანების მიერ. გასანოვი თავად სტუმრობს სოფლებს საქართველოსა თუ აზერბაიჯანში.

Institution დღეს ერთგვარი ხიდია კავკასიურ მემკვიდრეობასა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიას შორის. გალიბ გასანოვი კი თავისი შემოქმედებით ცხადყოფს, რომ ავთენტურობა ყოველთვის ყველაზე ტრენდული არჩევანია.

კოლექციაში თვალში საცემია მოცულობითი ცხვრის ტყავის სამოსი, იაკის მატყლი და დახვეწილი ხელით ნაქსოვი ხალიჩები. სამოსი იმდენად დიდია, რომ ზოგჯერ მათ საჩვენებლად მეორე ადამიანის დახმარებაა საჭირო.

დიზაინერი თითოეულ ნამუშევარზე საუბრისას აღნიშნავს კონკრეტულ სოფლისა და ადამიანების ისტორიას. კოლექციებში შენარჩუნებულია ხელით ნაკერი ელემენტები, რაც, გასანოვისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. „არ მინდა ათასობით სამოსი. მინდა მყავდეს გულშემატკივრები, რომლებიც პატივს სცემენ ჩემს ნამუშევარს... მინდა შევქმნა ისტორია, რომელიც ჩემი თემიდან აქამდე არავის მოუყოლია“, - ამბობს აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი დიზაინერი.

2026 წელი გალიბ გასანოვისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. მისმა მილანურმა ბრენდმა კოპენჰაგენში გამართულ ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო კონკურსზე - Zalando Visionary Award-ზე - გამარჯვება მოიპოვა, რამაც მას 50,000 ევრო და 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სრულად დაფინანსებული ჩვენება მოუტანა. ამავე კონკურსზე მან LVMH Prize-ის ნახევარფინალისტებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი.

გალიბ გასანოვი, ამჟამად, ცხოვრობს და მოღვაწეობს იტალიაში, კერძოდ, მილანში. 

წყარო:

https://marao.ge/tag/49399-galib-gasanovi/

https://www.facebook.com/EntrepreneurGeorgia/posts /1235283871300621/

https://www.beaumonde.ge/article/18511/

https://marao.ge/article/45132-amomavali-varskvlavi-gza-tbilisidan-msoplio-scenamde/


გააზიარე: