The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


პაატა ქურდაძე

პაატა ქურდაძე
სხვა სახელი:აკაკი მარსიაშვილი  (ფსევდონიმი)
ვალენტინ პუტანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1958  (67 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, მწერალი, დოკუმენტალისტი, პუბლიცისტი. ტელეჟურნალისტი პაატა ქურდაძე დაიბადა 1958 წლის 8 ნოემბერს, ქ. თბილისში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის 23-ე საშუალო სკოლა, ხუთი წელი სწავლობდა თბილისის მე-2 მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს განხრით, მაგრამ ამხანაგების დაცინვის შიშით სწავლა შეწყვიტა, რასაც მთელი ცხოვრება ნანობდა. უმაღლესი განათლება მიიღო. თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1980-იანი წლების ბოლოს მჭიდროდ იყო დაკავშირებული ალტერნატიული პოეზიისა  და ლიტერატურის შემოქმედ ჯგუფებთან, განსაკუთრებით კი კოტე ყუბანეიშვილთან და ირაკლი ჩარკვიანთან. 

1989 წელს გამოცემულ ლიტერატურულ კრებულ-მანიფესტში „რეაქტიული კლუბი“ პაატა ქურდაძის ნაწარმოებები შესულია ფსევდონიმით აკაკი მარსიაშვილი და ვალენტინ პუტანელი.

1991 წელს გაემგზავრა საფრანგეთში, ქალაქ პარიზში. თავდაპირველად იქ დარჩენას არ აპირებდა, უბრალოდ უნდოდა გაეგო როგორ ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ, ენახა და ესწავლა ის, რაც მისთვის, საბჭოთა კავშირის პერიოდში, აბსოლუტურად დაკეტილი იყო. განსაკუთრებით თეატრი აინტერესებდა, პიესების დაწერა უნდოდა…

1993 წელს ფრანგი ქალი შეუყვარდა და დაქორწინდა. ეყოლათ ტყუპი გოგონები - თინა და გაბრიელა.

საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ცოტცოტა ყველაფერს აკეთებდა - კედლებს ღებავდა, მძღოლად მუშაობდა, ერთი პერიოდი რუსულსაც ასწავლიდა... გაიცნო და დაუმეგობრდა იქ მცხოვრებ ქართველებს. ციფრულ ტელევიზიაში ჰქონდა საკუთარი გადაცემა. ერთი წლის მანძილზე მეგობართან ერთად აკეთებდა გადაცემებს რუსულად და ფრანგულად, შემდეგ - ქართულადაც. მერე კი, ძირითადად, კინოში მუშაობდა.  

2006 წელს გახდა საფრანგეთის დოკუმენტალისტთა ასოციაციის (Société civile des auteurs multimedia (SCAM)) წევრი;

2008 წელს დაწერა ტექსტი 1980-იანი წლების ქართველი მხატვრების გამოფენის კატალოგისთვის „ერთხელ საქართველოში”. გალერეა Paquita Escofet Miro – Paris;
2010 წელს მოიპოვა ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტალური პროზა, კრებულისათვის „ფსიქოდელიური ქრონიკა 2009“: ესეები. გამომცემლობა Moulin De P. პარიზი, 2010;

2011 წელს გამოაქვეყნა ლიტერატურული ესეს ჟანრში დაწერილი კრებული „ექსპერიმენტული განცდები“. გამომცემლობა „სიესტა”, თბილისი;

2013 წ. – „ანტიდოტი”. ესეები. გამომცემლობა Moulin De P. პარიზი;

2015-2016 წწ. – „სვლა”, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარი. თანაავტორი თემურ ბაბლუანთან ერთად;

გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი პუბლიკაცია ქართულ ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში: „ცხელი შოკოლადი”, „ლიბერალი”, „რეზონანსი” და სხვა.

პაატა ქურდაძე საქართველოს ხშირად სტუმრობდა და ცოლ-შვილიც ჩამოჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ სამშობლოში 27 წლის შემდეგ დაბრუნდა, როცა მიიწვიეს   საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზიის 1-ელ არხზე სამუშაოდ. 2017 წლიდან ის არის მედია წარმოების ბლოკის დირექტორი, გადაცემა “დოსიეს” წამყვანი.

პაატა ძირითადად სამშობლოში ცხოვრობს, მისი მეუღლე და ტყუპები კი საფრანგეთში არიან, თუმცა ხშირად სტუმრობენ საქართველოს და დროდადრო პაატაც ჩადის პარიზში. მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, თინა - ახალბედა კინორეჟისორია, ხოლო მეორე, გაბრიელა - მხატვარი და ვიოლინოზეც უკრავს მამის გასახარად.

 წყარო:

https://1tv.ge/management_member/paata-qurdadze/ 

https://1tv.ge/elit_author/paata-qurdadze/

https://ka.wikipedia.org/wiki/პაატა_ქურდაძე

ქურდაძე პაატა. პაატა ქურდაძე კულტურულ რეგრესსა და სამომავლო პროგრესზე: ინტერვიუ / ესაუბრა დეა თავბერიძე // პრაიმტაიმი. თბილისი, 2013. 21 ოქტომბერი, N42, გვ. 44-45


გააზიარე: