The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ოთარ თაქთაქიშვილი

ოთარ თაქთაქიშვილი
Date of birth:1978  (48 years)
Category:Medical Doctor

Biography

კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილისა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ირინა ჭირაქაძის შვილიშვილი, ექიმი ოთარ მიხეილის ძე თაქთაქიშვილი თითქმის 30 წელია ამერიკაში ცხოვრობს, ჰყავს იტალიელი მეუღლე და ერთი შვილი, რომელსაც, ასევე, ოთარი (ოთო, ოთონე) ჰქვია. ქიმიკოსი მიხეილ თაქთაქიშვილი აშშ-ში შემთხვევით მოხვდა. მისმა მეუღლემ "გრინ კარტის" ლატარია მოიგო და 1996 წელს მთელი ოჯახი ნიუ-იორკში გადასახლდა, თუმცა სამუდამოდ იქ დარჩენას არ ფიქრობდნენ. პირველი რამდენიმე თვე ადაპტაცია ძალიან გაუჭირდათ. შემდეგ მიხეილმა სამსახური დაიწყო. მუშაობდა აიოვას უნივერსიტეტში, სხვადასხვა კომპანიაში უფროს მეცნიერ-მკვლევრად, ნაციონალურ გამოთვლით ცენტრში – სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტების დირექტორად, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეეგუა უცხო გარემოს და 15 წლის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, ისევ თბილისში დაბრუნდა. ოთარ თაქთაქიშვილი „სასწრაფო დახმარების" ექიმია. ეს პროფესია მოიცავს თითქმის ყველა სამედიცინო დარგს: ტრავმატოლოგია, ინფექციური დაავადებები, ნევროლოგია, კარდიოლოგია, პედიატრია, ფსიქიატრია და ა.შ. ამიტომ, უნივერსალური განათლება და გამოცდილება აუცილებელია. ოთარმა 2001 წელს დაამთავრა აიოვას უნივერსიტეტი. ნევროლოგიისადმი ინტერესი რომ გაუჩნდა, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტში მიიღო შესაბამისი ცოდნა. 2008-2012 წლებში რეზიდენტურა გაიარა ნიუ-იორკის სტონი ბრუკის უნივერსიტეტში, სადაც შეისწავლა რეანიმაცია, ინტენსიური დახმარება და სხვა მრავალი პროცედურა, რაც აუცილებელია „სასწრაფო დახმარების“ ექიმისთვის.სტონი ბრუკის უნივერსიტეტი დაეხმარა სტაჟირება გაევლო რამდენიმე ადგილას, მათ შორის იყო: სამედიცინო ცენტრები, ჰოსპიტალი... გახლდათ სამხრეთ კორეაშიც.სტაჟირების პერიოდში ოთარ თაქთაქიშვილი არაერთი უნიკალური შემთხვევის მომსწრე გახდა და საუკეთესო პროფესიული პრაქტიკა მიიღო. ამჟამად, იგი ნიუ-იორკში ცხოვრობს და ორი მაღალი რეპუტაციის მქონე სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ეს არის: Winthrop University Hospital-ი და Norwalk Hospital-ი. ოთარი, როგორც მთავარი ექიმი, კვირაში დაახლოებით 40 საათს ატარებს ემერჯენსის განყოფილებაში. მისი სამუშაო განრიგი, ხშირად, ცვალებადია, მაგრამ მორიგეობა, უმეტესად, დღისით უწევს. ამავდროულად, ოთარ თაქთაქიშვილი მუსიკოსიც გახლავთ. ბევრ ინსტრუმენტზე უკრავს, წერს სიმღერებს, მღერის ქანთრისა და პოპ-მუსიკის ჟანრში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე დისკი. თბილისში დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა. ასევე, უკრავს გიტარასა და ბასზე. უმეტესი რამ "ყურით" ისწავლა, მერე კი ნელ-ნელა თეორიაშიც გაერკვია. დღესდღეობით, უკრავს ყველანაირ "პაჭაპუჭა" ინსტრუმენტზე: მელოდიკაზე, აკორდეონზე, მანდოლინაზე, დოლზე, სალამურზე...  სიმღერების ჩაწერის პროცესში რა ინსტრუმენტზე დაკვრაც საჭირო ხდება, ცდილობს, თავად შეასრულოს.მის მიერ დაწერილი სიმღერები ოფიციალურად ინდი-როკისა და ალტ-როკის ჟანრში კლასიფიცირდება, მაგრამ ბევრი აქვს - პოპის, ჯაზის, ბლუზის, ფოლკის, ბლუგრასის სტილშიც. მუსიკას დიდ დროს უთმობს, ხშირად, საღამოს 8 საათის შემდეგ ჩაუჯდება და დილის 3 საათამდეც მუშაობს. ოთარ თაქთაქიშვილი ბაბუის შემოქმედებით ბიბლიოთეკას ნელ-ნელა აგროვებს და ცდილობს კარგად შეისწავლოს. განსკუთრებით მოსწონს მისი სიმფონიები და ოპერები: "მინდია" და "მთვარის მოტაცება", ყველაზე საყვარელი ნაწარმოები კი პირველი საფორტეპიანო კონცერტია, მარინა მდივანის შესრულებით. საქართველოში ჩამოსვლას ოთარი წელიწადში ერთხელ ახერხებს. არც ქართული დავიწყნია და არც ნაცნობ-მეგობრებს ივიწყებს. იტალიელი მეუღლეც ჩამოიყვანა და სიამოვნებით დაათვალიერებინა ყვარელი, უჯარმა, მცხეთა… მარიაც ექიმია, ანესთეზიოლოგი. საქართველოში პირველად რომ ჩამოვიდა აღფრთოვანებული იყო საქართველოს სიძველეებითა და ბუნებით, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი ადგილები სამშობლოშიც ბევრი უნახავს.

წყარო:
თაქთაქიშვილი ოთარი. ქართველი ექიმი ნიუ-იორკში: ჩემი სიმღერები ხშირად სამშობლოს მონატრებას ეძღვნება: ინტერვიუ / ესაუბრა ანა კალანდაძე // გზა: საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი. თბილისი, 2015. 3-9 დეკემბერი. N49 (808). გვ. 52-54.  


Share: