| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ანა ქასრაშვილი![]()
ბიოგრაფიაკომპოზიტორი, გამაორკესტრებელი, სიმღერების ავტორი და პიანისტი ანა ქასრაშვილი დაიბადა 1986 წლის 23 ნოემბერს, ქ. ბათუმში. მამა - მიხეილ ვარლამის ძე ქასრაშვილი (1947-2022); დედა - მანანა ივანეს ასული გოგილაშვილი (1959, საბავშვო ბაღის აღმზრდელი); ჰყავს ძმა - მიხეილ მიხეილის ძე ქასრაშვილი (1982, სპორტსმენი). ანამ ბავშვობიდანვე გამოავლინა განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემები - უკვე 3-4 წლიდან სათამაშო ფორტეპიანოზე დამოუკიდებლად არჩევდა და უკრავდა ნაცნობ მელოდიებს. ქასრაშვილების ოჯახში ინახება უფროსების მიერ ჩაწერილი ანას ბავშვობისდროინდელი კომპოზიციები. გოგონა 5 წლის ასაკში მიაბარეს ბათუმის საკრავიერი ხელოვნების ექსპერიმენტულ სკოლაში (შემდგომ საკრავიერი ხელოვნების კოლეჯი). ჩაირიცხა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების ჯგუფში, სადაც 10 წლის განმავლობაში (1991-2001) ეუფლებოდა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე დაკვრას (ფორტეპიანო - ირინა ხერჟის კლასი, ვიოლინო - თემურ შალვაშვილის კლასი). სკოლაში მუდმივად ტარდებოდა კონცერტები, სადაც მოსწავლეები ხშირად ასრულებდნენ საანსამბლო ნომრებს და თითოეულ მათგანს ორ როლში უწევდა გამოსვლა - 1) ინსტრუმენტალისტი-სოლისტისა და 2) პიანისტი-კონცერტმაისტერის. კონცერტის მეორე განყოფილება, ტრადიციულად, მოსწავლეთა კომპოზიციებს ეთმობოდა მათივე შესრულებით. კომპოზიციის კლასს კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი უძღვებოდა. ანამ პირველი კომპოზიცია 6 წლის ასაკში დაწერა თავისივე ნახატის შთაგონებით. ანა ქასრაშვილს დამთავრებული აქვს ბათუმის მე-16 საშუალო სკოლა (1992-2003); 2002-2006 წლებში ბათუმშივე სწავლობდა საფორტეპიანო განყოფილებაზე რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯში; უმაღლესი განათლება კი მიიღო თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2004-2008 წლებში სწავლობდა რომანისტიკის ფაკულტეტზე (ესპანური ენა და ლიტერატურა); ანა ქასრაშვილის, როგორც კომპოზიტორის შემოქმედებითი გზა 21-ე საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 2010 წელს საავტორო სიმღერის ეროვნულ კონკურსში გაიმარჯვა მისმა სიმღერამ ბათუმზე („სიმღერა ბათუმზე“ - I ადგილი. ტექსტის ავტორები ზვიად სირაბიძე, ირინა სანიკიძე). დღეს ეს ნაწარმოები ბათუმზე შექმნილი ცნობილი სიმღერების ჩამონათვალშია. 2014 წ. შედგა ანას, როგორც კომპოზიტორისა და მუსიკალური გამფორმებლის, დებიუტი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. კომპოზიტორის ნამუშევარი აღინიშნა თეატრალური საზოგადოების ჯილდოთი -ნომინაციაში წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, სპექტაკლისათვის „ჩვენ გველის დიდება“. ამავე წელს, ესპანეთში, ენობრივად და კულტურული თვალსაზრისით მისთვის ახლობელ გარემოში, ანა ქასრაშვილი, როგორც მუსიკოსი მთელი სისავსით წარმოჩინდა. ამის დასტურია მის მიერ მოპოვებული კანადელი კომპოზიტორის ჰოვარდ შორსის სტიპენდია, რათა ესწავლა ბერკლის მუსიკის კოლეჯის ვალენსიის კამპუსში, 2014-2015 წლებში ანა ქასრაშვილი სწავლობდა ვალენსიის ბერკლის მუსიკის კოლეჯის მაგისტრატურაში, კინოს, ტელევიზიისა და ვიდეოთამაშების მუსიკის ფაკულტეტზე (ესპანეთი, ვალენსია. პროგრამის ხელმძღვანელი - ლუსიო გოდოი), რომელიც წარჩინებით დაამთავრა და მიიღო კინომუსიკის ფაკულტეტის გამორჩეული სტუდენტის ჯილდო, თავისი სადიპლომო ნამუშევარი კი ლეგენდარულ ები როუდის (Abbey Road) სტუდიაში ჩაწერა. მუსიკოსის საკომპოზიტორო შემოქმედება: კინომუსიკა (საორკესტრო, საფორტეპიანო) საესტრადო სიმღერა, მუსიკა სატელევიზიო რეკლამებისათვის. ბერკლის კოლეჯის პერიოდი საეტაპოა ახალგაზრდა კომპოზიტორის შემოქმედებით გზაზე. იქ მოპოვებულმა წარმატებებმა და ურთიერთობებმა მას კარი გაუღო მსოფლიო კინემატოგრაფში - 2015 წელს ანამ გაიმარჯვა კინომუსიკის კონკურსში კალიფორნიის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე (CAIFF Film Scoring Competition), მოიპოვა I ადგილი და დასახელდა წლის კომპოზიტორად უკვე არსებული რვაწუთიანი ფილმის „Bridgebuilders“-ის (2015) მუსიკალური გაფორმების მისეული ვერსიისათვის. 2017 წელს ქართველი კომპოზიტორი, სხვა რჩეულ 11 მონაწილესთან ერთად, შეირჩა ლოს-ანჯელესში, ASCAP-ის (The American Society of Composers, Authors and Publishers) კინომუსიკის ერთთვიან ვორქშოპზე დასასწრებად (ხელმძღვანელი ემის მფლობელი ამერიკელი კომპოზიტორი და მენტორი რიჩარდ ბელისი). ანამ იქ შექმნილი 3-წუთიანი ორიგინალური კომპოზიცია ჩაწერა 20-th Century Fox-ის ხმის ჩამწერი სტუდიის სცენაზე (Newman Scoring Stage) 64-კაციანი ორკესტრის შესრულებით, რომელსაც თავად უდირიჟორა.2017 წლიდან ანა ქასრაშვილი არის აშშ-ის საავტორო უფლებათა ორგანიზაციის ასკაპის (ASCAP) წევრი. მსოფლიოში ცნობილი კინომუსიკის კონკურსებიდან ერთ-ერთია Juan Gil Family Estates-ის (ესპანური ღვინის კომპანია 1916 წლიდან) მიერ დაფუძნებული საუნდტრეკების საერთაშორისო კონკურსი, სადაც მსგავს შეჯიბრებებში ყველაზე დიდი პრიზია დაწესებული - 50.000 €-ს ოდენობით. 2016 წელს ანა ქასრაშვილი გახდა ღვინის კომპანია Juan Gil-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული კინომუსიკის I საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი, ხოლო, 2018 წელს მან I ადგილი მოიპოვა Juan Gil-ის კინომუსიკის II საერთაშორისო კონკურსზე. ჟიურიმ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცნობილი შოტლანდიელი კინოკომპოზიტორი პატრიკ დოილი, გამარჯვებულად ცნო ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები „The True Treasure“ (ჭეშმარიტი განძი). ამავე წლიდან ანა არის ლოს-ანჯელესში დაფუძნებული ქალ კომპოზიტორთა საერთაშორისო ალიანსის AFWC (Alliance for Women Film Composers) წევრი. 2018 წლის შემოდგომიდან კი იგი გახლავთ ვალენსიის ბერკლის კოლეჯის წარმომადგენელი (ელჩი) საქართველოში.2020 წლის ზაფხულში მან კრაკოვის კინომუსიკის საერთაშორისო კონკურსზე აიღო მეორე ადგილი (კონკურსის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქალი კომპოზიტორი საუკეთესო სამეულში მოხვდა). 2020 წლის შემოდგომაზე ანამ მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოებაზე SABAM-ის ჯილდო მოიპოვა ახალგაზრდა კომპოზიტორების მიერ შექმნილი საუკეთესო, ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში (კონკურსის ისტორიაში პირველი ქალი კომპოზიტორი, რომელმაც ამ ნომინაციაში გაიმარჯვა). 2021 წელს კინოკომპოზიტორი ანა ქასრაშვილი World Soundtrack Awards-ის აკადემიის წევრი გახდა. World Soundtrack Awards-ი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოა, რომელიც 2001 წელს ფილმის საუნდტრეკების და მათი კომპოზიტორებისთვის დაარსდა. 2022 წელს, SESAC SCORES: The Beck Diversity Project-ის (საავტორო უფლებების ორგანიზაცია) მიერ გამართულ კონკურსზე კომპოზიტორებს უნდა წარედგინათ თავიანთი 22-წამიანი ნამუშევარი. კინოინდუსტრიის აღიარებულმა ოთხმა ექსპერტმა - კინოკომპოზიტორმა, რეჟისორმა, აგენტმა და პროდიუსერმა ქართველი კომპოზიტორის მიერ წარდგენილ ნამუშევარს უმაღლესი შეფასება მისცეს. მათი შეფასების მიხედვით, ანა ქასრაშვილი კონკურსის გამორჩეული მონაწილეა: „ეს არის ის, რაც დაძინებისას მემახსოვრება და ძილშიც ჩამყვება“ (რ. კრაფტი, კინოკომპოზიტორების აგენტი). ანა ქასრაშვილი დაოჯახებულია. მისი მეუღლეა - ილია ვახტანგის ძე ჯღარკავა (1985, მუსიკოსი, ხმის რეჟისორი). ჰყავთ ქალიშვილი - მართა ჯღარკავა (2018). წყარო: https://georgianwomencomposers.ge/ge/composers/25/https://ka.wikipedia.org/wiki/ანა_ქასრაშვილიქასრაშვილი ანა. მუსიკალური კარიერა ბერკლიდან World Soundtrack Awards-ის ნომინაციამდე: ინტერვიუ /ესაუბრა ქეთი დარჩია // ბომონდი. თბილისი, 2020. ოქტომბერი .N9. გვ. 30-33
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

