| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიაელისაბედ (ლიზა) ნაკაშიძე დაიბადა 1885 წლის აგვისტოში, ქუთაისის გუბერნიის, ოზურგეთის მაზრის სოფელ სამხვთოში, (ამჟამად ზემო ნატანები), თავად იოსებ ნაკაშიძის (1855-1924) ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიაში, პროფესია კოოპერატორი. 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა გურიაში გლეხებს შორის. 1905 წელს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ, მიემხრო ე. წ. „მენშევიკებს“; იყო გურიის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ამავე პერიოდში დაქორწინდა რევოლუციონერ გლეხ ბოლქვაძეზე, რამაც მისი მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია. 1907 წელს გურიის პარტიულმა ორგანიზაციებმა აირჩიეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის გურიის კომიტეტის წევრად; 1907 წელსვე, გურიის კომიტეტის დაპატიმრებისა და გადასახლების შემდეგ, ლიზა ბოლქვაძე გაძევებული იქნა ამიერკავკასიიდან. საქართველოში მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. 1917 წლის 20 მარტს აირჩიეს „გურიის ქალთა საზოგადოების” თავმჯდომარედ; იყო ნატანების რაიონულ კოოპერატივთა კავშირის თავმჯდომარეც. 1918 წლის მარტში გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის და მომარაგების კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, დარჩა საქართველოში და ჩაება ანტისაბჭოთა მოძრაობაში. 1923 წლის 2 მაისს, საქართველოს სსრ საგანგებო კომიტეტის დადგენილებით “მენშევიკური პარტიის” 78 კაციანი ჯგუფი, მათ შორის ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძეც გადაასახლეს ურალის მხარეში; ამავე პერიოდში, ბათუმში დააპატიმრეს მისი მამა - იოსებ მიხეილის ძე ნაკაშიძე, რომელსაც ამ დროისათვის უკვე ეჭვმიტანილ ოთარ და მუშნი დადიანებთან კავშირი და იარაღის გადამალვა ედებოდა ბრალად. ჩეკამ მისი ბრალდების ფაქტებით დასაბუთება ვერ მოახერხა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების შუამდგომლობების მიუხედავად იგი მაინც დატოვა პატიმრობაში რამდენიმე თვით. იოსებ ნაკაშიძე გათავისუფლებიდან მალევე გარდაიცვალა. 1923 წლის 30 დეკემბერს, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრის, საქართველოს არალეგალური პროფკავშირების ყოფილი ლიდერის, ილარიონ გიორგაძის მკვლელობის შემდეგ, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ „მენშევიკებს“ მიაწერა, საქართველოს საგანგებო კომისიამ მძევლად გამოაცხადა დაპატიმრებული და გადასახლებაში მყოფი 38 სოციალ-დემოკრატი „მენშევიკი,“ მათ შორის - ლიზა ბოლქვაძე და მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში მათი დახვრეტით დაიმუქრა. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ბოლშევიკური რეჟიმის მიერ ტაქტიკის შეცვლისა და რეპრესიების შერბილების კამპანიის ფარგლებში, გადასახლებულთა ნაწილს სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. ლიზა ბოლქვაძე საქართველოში დაბრუნდა 1925 წელს. თავდაპირველად ცხოვრობდა გურიაში, მალე ჩავიდა თბილისში, სადაც დაიწყო სამსახური საქართველოს სსრ შინავაჭრობის სახალხო კომისარიატში. პარალელურად იგი კოოპტაციით შეიყვანეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობაში. 1926 წელს ლიზა ბოლქვაძე ცეკას და თბილისის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. მან ენერგიული ზომები მიიღო მუშაობის გასააქტიურებლად, მოაწესრიგა კონსპირაციული კავშირები პარტიის საზღვარგარეთის ბიუროსთან და პოლიტპატიმართა ოჯახების დახმარების მექანიზმი. იყენებდა პარტიულ მეტსახელებს - „თამარა“, „მისკო“, „ხვარამზე“. 1926 წლის 29 ივნისს იგი ჩეკამ დააპატიმრა; თავი დამნაშავედ არ ცნო, თუმცა აღიარა, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძობდა არალეგალურ ანტისაბჭოთა საქმიანობას. 1926 წლის 24 ივლისს ლიზა ბოლქვაძე მოსკოვში გადააგზავნეს, სადაც 20 აგვისტოს მიუსაჯეს სამწლიანი პატიმრობა, რომელიც უნდა მოეხადა მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში. 1927 წლის 7 იანვარს სასჯელი შეუცვალეს გადასახლებით, ხოლო 1930 წლის 18 იანვარს გადასახლების ვადა 3 წლით გაუხანგრძლივეს. გაათავისუფლეს სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, 1933 წლის 4 თებერვალს, მხოლოდ ურალის მხარეში ცხოვრების უფლებით. დასახლდა ალთაის მხარეში, ქალაქ ობის კამენში. მუშაობდა გადასახლებულთა შორის „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ხაზით. 1936 წლის 4 აპრილს შინსახკომის კამენის რაიონულმა განყოფილებამ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა და პოლიტიკური საბაბით გადასახლებული ქართველი სოციალ-დემოკრატების დიდ ჯგუფთან ერთად ლიზა ბოლქვაძეც დააკავა. 1936 წლის 21 სექტემბერს მას მიესაჯა 5 წლით გადასახლება კრასნოიარსკის მხარეში; 1936 წლის 6 ნოემბერს იგი კვლავ დააპატიმრეს ქალაქ მინუსინსკში, 1937 წლის 13 თებერვალს კი, კრასნოიარსკის მხარის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა") დახვრეტა მიუსაჯა; ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე დახვრიტეს 1937 წლის 22 თებერვალს, ქალაქ მინუსინსკში. რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლოს და 1989 წლის 23 აპრილს ალთაის სამხარეო პროკურატურის მიერ. წყარო: ხვადაგიანი ირაკლი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბილისი, 2016. გვ.177 ცხვედაძე ენი. გმირი ქართველი ქალები: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან // OK! საქართველო: ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2025. მარტი. N128.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

