The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


გიორგი გვაზავა

გიორგი გვაზავა
სხვა სახელი:Politicys  (ფსევდონიმი)
X  (ფსევდონიმი)
გ.გ.  (ფსევდონიმი)
მეთვალყურე  (ფსევდონიმი)
მკითხველი  (ფსევდონიმი)
სტამბოლელი  (ფსევდონიმი)
წკიპურტი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 აპრილი, 1869
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1941  (71 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ბატინიოლის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:იურისტი, მწერალი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, მწერალი, მთარგმნელი გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა დაიბადა 1869 წ. სოფ. სუჯუნაში ვაჭრის ოჯახში. ადრე დაობლებული დედის ძმამ ბლაღოჩინმა შალამბერიძემ წაიყვანა სოფ. ნოქალაქევში აღსაზრდელად. პირველდაწყებით განათლებას ნოქალაქევსა და მარტვილში იღებს, შემდეგ სწავლას თბილისის სასულიერო სემინარიასა და გიმნაზიაში აგრძელებს. გიმნაზიის დამთავრებისთანავე მოსკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე შედის, იყო "კავკასიის სტიპენდიანტი". განათლების მიღებას სორბონის უნივერსიტეტში ასრულებს, სადაც დაარსა სტუდენტური გაერთიანება "თავისუფლების ლიგა".

XIX ს–ის 90-იანი წლებიდან თბილისში ცხოვრობს, მუშაობს ადვოკატად, ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობას, თანამშრომლობს ქართულ და რუსულ პრესაში.

1906 წ. თანამოაზრეებთან ერთად დაარსა ეროვნულ–დემოკრატიული პარტია. 1907 წ. ვარლამ ჩერქეზიშვილთან და მიხაკო წერეთელთან ერთად გამოსცა "Грузинская мысль", ჟურნალი ცენზურამ აკრძალა. მთავრობის საწინააღმდეგო კორესპონდეციებისათვის 1911 წ. მეტეხის ციხეში ჩასვეს.

1912 წ. გიორგი გვაზავა დაქორწინდა ნინო ჩერქეზიშვილზე შეეძინათ ქალ–ვაჟი–მზია და ჯამლეთი. (1916 წ. თბილისში დაბადებული გიორგი (ჯამლეთი) ემიგრაციაში გაიზარდა, საფრანგეთი მის მეორე სამშობლოდ იქცა და ერთგულად ემსახურა მას. II მსოფლიო ომის დაწყებისთანავე როგორც კურსანტი გაიწვიეს სამხედრო–საჰაერო ძალებში და უმცროსი ლეიტენანტის წოდებით იბრძოდა ჟან–როჟე კაუფმანის ასეულში. დემობილიზაციის შემდეგ ვერაფრით შეეგუა საფრანგეთის დამარცხებას და 1942 წ. ივნისში გიორგი (ჯამლეთ) გვაზავა ხდება "საფრანგეთის მეომარი ძალების" წევრი პირადი ნომრით 68654).

გიორგი გვაზავამ 1917 წ. რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი "საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით", სადაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერება დაასაბუთა.

გიორგი გვაზავას მონაწილეობით მომზადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომელიც ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ მიეკუთვნებოდა ოპოზიციურ ძალას, 1918-1921 წლებში გიორგი გვაზავა ჩართული იყო საქართველოს დემოკრატიული რეპუბლიკის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრი, დამფუძნებელ კრებაში ხელძღვანელობდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციას, შედიოდა კრების საკონსტიტუციო, სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისეიბის შემადგენლობაში.

1921 წლიდან გიორგი გვზავა ემიგრაციაშია. პარიზში დასახლების შემდეგ, 1926-1939 წწ. ფრანგულ ენაზე გამოსცემდა ჟ. "პრომეთეს". 1929 წ. პარიზში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ჟოლიო დე კრებიონის ტრაგედია "რადამისტი და ზენობია" სათაურით "ფარსმან მეფე ივერიისა". ასევე თარგმნა პასინის "მითრიდატი", ექსილეს "მიჯაჭვული პრომეთე". 1938 წ. პარიზში გამოიცა გ. გვაზავას მიერ ფრანგულად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" (პროზაული ვარიანტი).

1929-1938 წწ. პარიზში გიორგი გვაზავას რედაქტორობით გამოდიოდა საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო გაზ. "საქართველო", სადაც წერილებს ათავსებდა "გ. გ"–ს, "სტამბოლელის", "მეთვალყურეს", "მკითხველის", "წკიპურტის", "Politicys"-ის, "X"–ის ხელმოწერით.

გიორგი გვაზავა გარდაიცვალა პარიზში 1941 წ. 20 იანვარს, დაკრძალულია ბატინიოლის სასაფლაოზე.

წყარო:

1. გვაზავა გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.59.

2.ჯანელიძე, ოთარშტიხები გიორგი გვაზავას პოლიტიკური პორტრეტისათვის // ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია (თბილისი-ჭიათურა, 2012 წლის 18-20 ოქტომბერი) : პროგრამა და მასალების კრებული / სამეცნიერო კონფერენცია, მიძღვნილი ვასილ წერეთლის (1862-1937) დაბადებიდან 150-ე წლითავისადმი (2012, ჭიათურა). - თბ.; ჭიათურა, 2012. - გვ.55-58.

3. გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე // საქართველოში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია : 1917-1921 წ.წ. / უ. სიდამონიძე. - თბ., 1970. - გვ.213-214.


გააზიარე: