The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


შალვა ამირეჯიბი

შალვა ამირეჯიბი
სხვა სახელი:ა.ი.  (ფსევდონიმი)
ფარსმან–ფარუხი  (ფსევდონიმი)
შ.ა.  (ფსევდონიმი)
ჩორჩანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:1943  (56 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენტ–უანის სასაფლაო, საფრანგეთი
კატეგორია:პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

პოეტი, პუბლიცისტი და პოლიტიკური მოღვაწე შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი დაიბადა 1887 წლის ივლისში სოფელ ხურვალეთში (გორის მაზრა). სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში, პირველი ლექსებიც სწავლის პერიოდში დაწერა. რევოლუციურმა მოძრაობამ მოწაფეობაშივე გაიტაცა, მიხაკო წერეთელთან ერთად მონაწილეობდა 1905 წლის გამოსვლებში. 1906 წ. უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში გაემგზავრა და ვენის უნივერსიტეტში ისმენდა ლექციებს, თუმცა ხელმოკლეობის გამო სტუდენტი ვერ გახდა. 1909 წ. სამშობლოში დაბრუნდა და გამოსცა ალმანახი "ჩვენი ერი", სულ მალე დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

შალვა ამირეჯიბმა ლიტერატურული მოღვაწეობა XX ს–ის ათიან წლებში დაიწყო. ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების ჟურნალის "კლდე" აქტიური თანამშრომელი გახლდათ და ნაწარმოებებს "ფარსმან–ფარუხის" ფსევდონიმით აქვეყნებდა. 1915 წლიდან ასევე ეროვნულ–დემოკრატიული მიმართულების გაზეთების "სამშობლოსა" და "საქართველოს" მუდმივი ავტორი გახდა. სავარაუდოდ, მისი ფსევდონიმები იყო "ჩორჩანელი", "შ. ა.", და "ა.–ი".

1916 წ. შალვა ამირეჯიბი გაიწვიეს I მსოფლიო ომში. 1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი.

1919 წ. შალვა ამირეჯიბმა ცოლად შეირთო მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე, რომელიც დიდხანს იყო მისი გატაცებისა და პოეტური შთაგონების წყარო. ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში, დაიწერეს და საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაიშალა. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. მათი ოჯახური თანაცხოვრება არ შედგა, თუმცა შალვა ამირეჯიბი ბოლომდე ერთგული დარჩა თავისი პირველი სიყვარულის და ცოლი აღარ შეურთავს.

შალვა ამირეჯიბს ახლო ურთიერთობა ჰქონდა და მეგობრობდა "ცისფერყანწელებთან". 1920 წ. გამოვიდა მისი ერთადერთი კრებული "მინანქრები". ორი ლექსი "მასკარადი" და "ლეკური" შევიდა "ახალი პოეზიის ანთოლოგიაში" (ქუთაისი, 1919).

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ შალვა ამირეჯიბი გვერდში ამოუდგა ქაქუცა ჩოლოყაშვილს და მისი ერთ–ერთი უახლოესი თანამზრახველი გახდა ახალი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ შალვა ამირეჯიბი საზღვარგარეთ წავიდა. ძირითადად საფრანგეთსა და გერმანიაში ცხოვრობდა.

ემიგრაციაში შალვა ამირეჯიბი თავის ლექსებს, პროზაულ ნაწარმოებებსა და პუბლიცისტურ წერილებს აქვეყნებს ქართულ ემიგრანტულ პრესაში–"სამშობლო", "დამოუკიდებელი საქართველო", "ბედი ქართლისა", "კავკასიონი". 1940 წ. ბერლინში დაარსა საკუთარი ჟურნალი "ახალი დროება".

შალვა ამირეჯიბი გარდაიცვალა 1943 წ. პარიზში, დაკრძალულია სენტ–უანის სასაფლაოზე.

წყარო:

1. ხვედელიძე, მამუკა"სიტყვა მისი იყო ბასრი და კალამი მახვილი" : (შალვა ამირეჯიბი) // საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები : (სამეცნ. შრომების კრებული). - თბ., 2010. - 139-162. - რეზ. ინგლ. ენ.

2. პაპავა, თამარბუხართან // გაბნეული საფლავები / თ. პაპავა. - პარიზი, 1970. - გვ.43-47.

3. ამირეჯიბი შალვა // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.17-19. - პარალელური ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ.

4. შარაძე, გურამშალვა ამირეჯიბი // უცხოეთის ცის ქვეშ : ტ.I / გურამ შარაძე. - თბილისი, 1991. - გვ. 215-216.


გააზიარე: