The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


აკაკი ჩხენკელი

აკაკი ჩხენკელი
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1874
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 1959  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკური ლიდერი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

 

პოლიტიკოსი და დიპლომატი აკაკი ჩხენკელი დაიბადა 1874 წლის 19 მაისს სოხუმის ოკრუგის სოფელ ოქუმში (სამურზაყანოში), სასულიერო პირის მრავალშვილიან ოჯახში. მამა - იოანე ჩხენკელი იყო ოქუმის ხარების ეკლესიის წინამძღვარი და  სამურზაყანოს მთავარხუცესი დეკანოზი. ბაბუა – პეტრე ჩხენკელიც მღვდელი გახლდათ. დედა – ირინე გიორგაძე ქუთაისელი მღვდლის შვილი იყო.

ხონის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აკაკი თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი გახდა, საიდანაც 1898 წელს გარიცხეს სემინარიაში გამეფებული ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ გაფიცვაში მონაწილეობის გამო. იმავე წლიდან სოციალ–დემოკრატიული პარტიის წევრია.  სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1902-1904 წლებში აკაკი ჩხენკელი აფხაზეთში ვექილად მუშაობდა, ებრძოდა რუსეთის კოლონიზატორულ პოლიტიკას საქართველოს ამ რეგიონში, წერდა სტატიებს ქართულ და რუსულ პრესაში, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

1904 წელს მან ცოლად შეირთო სოხუმელი მაკრინე სიმონის ასული თურქია (1881-1967), რომელთანაც 1905 წელს შეეძინა ვაჟი.

1906 წელს აკაკი ჩხენკელი სასწავლებლად ევროპაში გაემგზავრა. მან 1907 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ჟენევაში.

1909 წელს საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ჟურნალისტურ საქმიანობაში. უმთავრესად წერდა ეროვნულ და საპარლამენტო საარჩევნო საკითხებზე.

1910 წელს, მასიური დაპატიმრებების დროს, ისიც დაატუსაღეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, აგვისტოს თვეში კი როსტოვში გაასახლეს, სადაც მაშინ სხვა სოციალ–დემოკრატებიც იმყოფებოდნენ: ნოე რამიშვილი, ნესტორ ჩხიკვაძე, უშანგი და ნიკო ელიავები და სხვა.

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს IV მოწვევის არჩევნების წინ, 1912 წელს, აკაკი ჩხენკელი საქართველოში დაბრუნდა. იგი აირჩიეს დუმის დეპუტატად ბათუმ–ყარსის ოლქებიდან და სოხუმის ოკრუგიდან. შედიოდა სათათბიროს მენშევიკთა ფრაქციაში. ეკავა ცენტრისტული პოზიცია. ის ერთ-ერთი პირველი ქართველი მენშევიკია, რომელმაც ეროვნულ-კულტურულ ავტონომიას დაუჭირა მხარი. ამ მოთხოვნით იგი სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდანაც კი გამოვიდა.

დუმაში გამოსვლებმა აკაკი ჩხენკელს დიდი პოპულარობა მოუტანა. განსაკუთრებით გაითქვა სახელი 1914 წელს სამხედრო ბიუჯეტის წინააღმდეგ გამოსვლის შემდეგ, რომელსაც მხარი დაუჭირა ყველა მემარცხენე დეპუტატმა. ამის გამო განრისხებულმა მთავრობამ საკრებულო გარეკა.

1914 წელს აკაკი ჩხენკელი მონაწილეობდა ბრიუსელის თათბირში, რომელიც მოიწვია საერთაშორისო სოციალ-დემოკრატიულმა ბიურომ. მის ეროვნულ მოღვაწეობას განსაკუთრებით ფართო ასპარეზი მიეცა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ. იგი გახდა რუსეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, „ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის“ (ОЗАКОМ) წევრი. ეს კომიტეტი 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაუქმდა.

1918 წლის იანვარში შეიქმნა „ამიერკავკასიის სეიმი", რომლის თავმჯდომარე იყო კარლო ჩხეიძე, სამხედრო მინისტრი - ევგენი გეგეჭკორი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტი - აკაკი ჩხენკელი.

1918 წლის 22 აპრილს სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება: „აღიარებულ იქნას ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერატიული დემოკრატიული რესპუბლიკა. ეს ეცნობოს სხვა სახელმწიფოებს“. შედგა ამიერკავკასიის ახალი მთავრობა, რომლის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა აკაკი ჩხენკელი, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც დაიკავა.

მალე აშკარა გახდა ამიერკავკასიის სეიმის დაშლისა და ფედერატიული რესპუბლიკისაგან საქართველოს გამოყოფის აუცილებლობა, რაც განხორციელდა კიდეც 1918 წლის 26 მაისს.

აკაკი ჩხენკელმა დიდი დახმარება გაუწია საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენის, ხოლო ივანე ჯავახიშვილს თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში. მას წილად ხვდა ბედნიერება, 1918 წლის 26 იანვარს, საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელით გაეხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი.

1919-1921 წლებში აკაკი ჩხენკელი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

1918-1921 წლებში, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეთაურობდა საზავო მოლაპარაკებას თურქეთთან და გერმანიის მთავრობასთან (ამავე დელეგაციაში შედიოდნენ: ზურაბ ავალიშვილი, სპირიდონ კედია, ნიკო ნიკოლაძე და სხვ.).

1921 წლის იანვრის თვეში დანიშნეს საქართველოს ელჩად საფრანგეთში. იმავე წლიდან ემიგრაციაშია. მისი ელჩად ყოფნა საქართველოს გასაბჭოებიდან კიდევ 13 წელს (1933 წლამდე) გაგრძელდა. საელჩოს უმთავრესი დანიშნულება იყო ლტოლვილების დაცვა, რასაც პირნათლად ასრულებდა.

ემიგრაციაში პოლიტიკურ და დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1939 წელს, ანჩინის ფსევდონიმით პარიზში გამოქვეყნდა მისი წიგნი – „სახელმწიფო და ერი“.

აკაკი ჩხენკელი გარდაიცვალა 1959 წლის 5 იანვარს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად.

აკაკის ერთადერთი ვაჟი, ალექსი, 1905 წელს საქართველოში დაიბადა. 1921 წლიდან ისიც ემიგრაციაში იმყოფებოდა მშობლებთან ერთად. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. პენსიაში გასვლის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც აქტიურად დაიწყო ემიგრაციის დახმარება. გარდაიცვალა 1985 წელს.

აკაკის უმცროსი ძმა -კიტა ჩხენკელი (1895-1963) იყო ცნობილი ენათმეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი.

აკაკი ჩხენკელის მეუღლემ, მაკრინემ, ქართველოლოგ ლეა ფლურს (კიტა ჩხენკელის მოწაფეს) გადასცა ოჯახში დაცული არქივი, მათ შორის: დამოუკიდებლობის აქტი (ორიგინალი), კონსტიტუცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო შტანდარტი. ეს რელიქვიები საქართველოს დაუბრუნდა.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_ჩხენკელი 

ჩხენკელი აკაკი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.204-205.

შარაძე გურამ. აკაკი ჩხენკელი // შარაძე, გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. წ. 1.- თბ.,1991.– გვ. 67–83.

ჭანტურიძე სალომე, ვაჭარაძე ანტონ. აკაკი ჩხენკელი: 1874-1959: ალბომი.. - თბილისი, 2022

 


გააზიარე: