The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გრიგოლ დიასამიძე

გრიგოლ დიასამიძე
Date of birth:25 January, 1870
Date of death:14 March, 1960  (at 90 years)
Burial location:ნოვო-დივეევოს მართლმადიდებლური მონასტრის ეზო, ნიუ–იორკი, აშშ
Category:Historian, Writer, Politician

Biography

რევოლუციამდელი ქართული პრესის ბრწყინვალე წარმომადგენელი, გაზეთ „თემის“ რედაქტორი, აკაკი წერეთლის უმცროსი მეგობარი და თანამებრძოლი გრიგოლ (გიგო) დიასამიძე კუთვნოდა საქართველოს ისტორიაში კარგად ცნობილ გვარს, რომელიც მეათე საუკუნიდან მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ და სასულიერო მართვა–გამგეობაში.

გრიგოლი დაიბადა 1870 წლის 25 იანვარს გორის მაზრის სოფელ საქაშეთში. პაპამისი – დავით დიასამიძე გორის თავადაზნაურობის წინამძღოლი (მარშალი) გახლდათ, ხოლო მამა – ნიკოლოზ დიასამიძე (1846–1897) მრავალმხრივი მოღვაწე იყო. როგორც შეძლებულ მემამულეს, მას საშუალება ჰქონდა ყოფილიყო მეცენატი, პუბლიცისტი, გამომცემელი, დახმარებოდა თეატრს. იგი ახლო მეგობარი იყო აკაკი წერეთლისა. მის ხსოვნას უძღვნა აკაკიმ ლექსი „ნიკო დიასამიძის სახსოვრად“.

1879–1880 წლებში გრიგოლი სწავლობდა თბილისში ბარონესა ტიზენჰაუზენის პანსიონში. 1881 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც 1888 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1893 წელს წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები და დაბრუნდა თბილისში. 1896–1901 წლებში გაიარა სავალდებულო სტაჟირება ნაფიცი მსაჯულობისთვის, მაგრამ იგი არ გაჰყვა იურისტის გზას და პედაგოგობა და ჟურნალისტ–ლიტერატორობა აირჩია.

1894–1895 წლებში გრიგოლ დიასამიძე ქართულ ენასა და ლიტარეტურას ასწავლიდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში, 1899–1904 წლებში მუშაობდა გორის მაზრის სასოფლო–სამეურნეო ამხანაგობაში და ერთ დროს იყო მისი თავმჯდომარეც. 1894–1916 წლებში იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1901–1910 წლებში ეკავა დეპუტატის ადგილი თბილისის სათავადაზნაურო საკრებულოში გორის მაზრის თავად–აზნაურთაგან. ამავე დროს იგი გახლდათ საქართველოს „წითელი ჯვრის“ საზოგადოების ერთ–ერთი დამფუძნებელი და მუდმივი წევრი.

1902–1904 წლებში გრიგოლ დიასამიძემ საკრედიტო ამხანაგობები დააარსა სოფელ ჭრებალოსა და საგვარეულო სოფელ საქაშეთში. ხოლო სკოლები, იმავე ჭრებალოსა და საქაშეთის გარდა, გახსნა გორის მაზრის სოფელ ალში. მას ეკუთვნოდა თბილისში პირველი ელექტროსაბეჭდავი „გუტენბერგის“ სახელწოდებით. მისი ინიციატივით გაიხსნა ფოსტა–ტელეგრაფი, საავადმყოფო და ბიბლიოთეკა–სამკითხველო ჭრებალოში. მანვე, 1915 წელს თბილისში დააფუძნა შემნახველი სალარო და მებაღეობა–მევენახეობის ამხანაგობა „ალექსანდროული“, 1906–1912 წლებში იყო სათავადაზნაურო ბანკის საკონტროლო კომიტეტისა და სახელმწიფო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილების წევრი, 1917 წელს გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი.

1897 წელს გრიგოლ დიასამიძემ ცოლად შეირთო სოფიო დიმიტრის ასული ხიმშიაშვილი, რომელიც 1906 წელს გარდაიცვალა. დარჩა ერთადერთი ასული ელენე (ლოლა), რომელიც მუდამ მხარში ედგა მამას ცხოვრების გრძელ და რთულ გზაზე.

გრიგოლი იყო ერთ–ერთი მთავარი ორგანიზატორი 1912 წლის ზაფხულში რაჭა–ლეჩხუმში აკაკი წერეთლის განთქმული მოგზაურობისა, რომელიც კინოფირზე აღბეჭდა ვასილ ამაშუკელმა.

გრიგოლ დიასამიძემ დიდი ამაგი დასდო ქართული პრესის განვითარებას. 1911–1915 წლებში აკაკი წერეთლის თანადგომითა და თანამშრომლობით იგი გამოსცემდა ყოველკვირეულ გაზეთ „თემს“, რომლის რედაქტორიც თავად გახლდათ. მან ჩამოაყალიბა „ბეჭდვითი საქმის კავკასიური ამხანაგობა“. 1917–1918 წლებში იგი ალექსანდრე ჯაყელთან ერთად რედაქტორობდა ყოველდღიურ რუსულ გაზეთს „Республика“. 1920 წელს შეუდგა ყოველთვიური კულტურულ–პოლიტიკური ჟურნალის „Братство“–ს გამოცემას, რომელშიც თანამშრომლობდნენ ევგენი ლანსერე, იოსიფ შარლემანი, საველი სორინი და სერგეი სუდეიკინი. სამწუხაროდ მხოლოდ ორი ნომრის დაბეჭდვა მოასწრო. ეს ჟურნალი „კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მცირე ერების უფლებათა დაცვის ლიგის“ ორგანო იყო.

1921 წლის თებერვლის მიწურულს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, გრიგოლ დიასამიძემ ქალიშვილთან ერთად თბილისი დატოვა და ემიგრაციაში გაიხიზნა. ბათუმისა და სტამბოლის გავლით ჩავიდა პარიზში, ხოლო იქიდან მუდმივ საცხოვრებლად დამკვიდრდა ბერლინში, სადაც დააარსა საგამომცემლო საზოგადოება „ნოიე ოსტენ“ („ახალი აღმოსავლეთი“). ბეჭდავდა საქართველოსა და კავკასიის შესახებ წიგნებს, ბროშურებსა და განმარტებით ცნობარებს. გერმანელ ქართველოლოგ რიჰარდ მეკელაინთან ერთად 1922 წელს რედაქტორობდა გერმანულენოვან ყოველთვიურ ჟურნალს „Morggenland"(„ახლო აღმოსავლეთი“).

გრიგოლ დიასამიძის დაარსებულია 1922 წელს ბერლინში ქართული სათვისტომო, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად გახლდათ. 1945 წლამდე იგი მრავალჯერ აირჩიეს სათვისტომოს თავკაცად. ვლადიმერ ახმეტელთან და გ. მარგველაშვილთან ერთად მან ბერლინში დააარსა წითელი ჯვრის ქართული განყოფილება, მაგრამ ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლისთანავე ეს დაწესებულება დაშალეს. ის ასევე ხელმძღვანელობდა „ქართული კულტურის მეგობართა საზოგადოებას“.

გრიგოლ დიასამიძე ემიგრაციაშიც თანამშრომლობდა ქართულ და უცხოურ გამოცემებთან. სტატიებსა და ნაშრომებს აქვეყნებდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე. მოღვაწეობდა ჟურნალ „კავკასიაში“, რომელიც 1930–იან წლებში გამოდიოდა პარიზში ქართულ და რუსულ ენებზე   და აერთიანებდა კავკასიის ერთა ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს. ასევე, აქტიურად ეხმარებოდა კონსტანტინე ბალმონტს „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ ენაზე გადათარგმნაში, რაც საგანგებოდ აღნიშნა რუსმა პოეტმა გამოცემისთვის წამძღვარებულ წინასიტყვაობაში (პირველად დაიბეჭდა პარიზში,1933 წელს, დავით ხელაძის სტამბაში). გრიგოლი მოღვაწეობდა, აგრეთვე, 1943–1944 წლებში ბერლინში გამომავალ საქართველოს ეროვნული კომიტეტის ჟურნალ „ქართველ ერში“, რომელშიც ერთიანი კავკასიის იდეის ირგვლივ იყვნენ გაერთიანებული მეცნიერები და მწერლები.

1936 წელს ბერლინის უნივერსიტეტმა გრიგოლ დიასამიძე აირჩია მუდმივ (ნამდვილ) წევრად აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუტისა და ამ ინსტიტუტის ჟურნალ „აღმოსავლეთ ევროპის“ სარედაქციო კოლეგიის წევრ–თანამშრომლად.

ქართული საქმის ერთგული და თავდადებული მსახურებისთვის 1938 წლის 30 იანვარს ბერლინის ქართველთა კოლონიაში გრიგოლ დიასამიძეს მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადეს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს, გრიგოლი ბერლინიდან საცხოვრებლად გადავიდა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ვანგენში, ხოლო 1952 წლის მარტში ქალიშვილთან ერთად დასახლდა ნიუ–იორკში. მიუხედავად ხანდაზმულობისა მას არც ნიუ–იორკში შეუწყვეტია ლიტერატურული საქმიანობა. მისი წერილები და მოგონებები იბეჭდებოდა იქაურ ქართულ პრესაში – „ჩვენი გზა“ და „კრებული“. იგი იყო ჟურნალ „ჩვენი გზის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ამასთან ერთად,  ნიუ–იორკის ქართული სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარე და „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ გამგეობის წევრი და უხუცესი მრჩეველი.

გრიგოლ დიასამიძე 1960 წლის 14 მარტს გარდაიცვალა ნიუ–იორკში, 90 წლის ასაკში. განისვენებს იქვე ნოვო–დივეევოს მონასტერში (მართმადიდებლური ეკლესიის ეზოში). 1968 წლის მაისში მამის გვერდით დაკრძალეს ელენე დიასამიძეც. მას დარჩა ერთი ქალიშვილი ნინო – ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულის, ელიზბარ ვაჩნაძის ასული. ნინო ვაჩნაძე–კოვალსკი ნიუ–იორკში ცხოვრობს მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად. მასთან ინახება პაპის მდიდარი არქივი.

2013 წლის მაისში პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ეწვივნენ ქალბატონ ნინოს. მისი კეთილი ნებით მათ გრიგოლ დიასამიძის არქივის ნაწილი ჩამოიტანეს და ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის დარბაზში სხვა ემიგრანტთა არქივების გვერდით მიუჩინეს ადგილი. ეს არქივი უნიკალურ ფოტოებსა და მასალებს შეიცავს.   

წყარო: 

1. შარაძე, გურამ. ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. . 5. -  თბ., 2004. გვ.505–507

2. დიასამიძე გრიგოლ // ქართველები უცხოეთში : წ.1./ რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.73-74.

3. გაბრიჭიძე, მანანა. გრიგოლ დიასამიძის უცნობი დღიურები : რა ხდებოდა საქართველოს დამფუძნებელი კრების უკანასკნელ სხდომაზე / მანანა გაბრიჭიძე // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2013.- ნოემბერი. - N11(35). - გვ.38-44.

4. ბიბილაშვილი, ნინო. ნიკო და გრიგოლ დიასამიძეები . - გორი : [ფარნავაზი], 2012.

5. მთვარელიშვილი, მურად. დიასამიძეები // ხაშურის რაიონი და ქართული მწერლობა / მურად მთვარელიშვილი. - ხაშური, 2014. - გვ. 85-129

 


Share: