The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ნოე ჟორდანია

ნოე ჟორდანია
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1868
გარდაცვ. თარიღი:13 იანვარი, 1953  (85 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლისკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს და რუსეთის სოციალ–დემოკრატიული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, მენშევიკი, პოლიტიკური მოღვაწე და პუბლიცისტი ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია 1868 წლის 2 იანვარს დაიბადა ოზურგეთის მაზრის დაბა ლანჩხუთში, აზნაურის ოჯახში. სოფლის სკოლისა და ოზურგეთის სასულიერო სასწავლებილის დამთვარების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. სემინარიის პროგრამა არ აკმაყოფილებდა და დიდი გულმოდგინებით დაეწაფა თვითგანათლებას, კითხულობდა აკრძალულ ლიტერატურას. სემინარიაში სწავლის დროს „სოციალისტ–ნაროდნიკი“ გახდა. 1890 წელს სემინარია დაამთვარა პირველი ხარისხის ატესტატით. მომდევნო წლის ზაფხულში ვარშავაში ვეტერინალურ ინსტიტუტში შესასვლელად გაემგზავრა, მიუხედავად იმისა რომ ვეტერინარობა არ აინტერესებდა, მაგრამ სემინარიადამთავდრებულებს მხოლოდ იქ შეეძლოთ სწავლის გაგრძელება. ვარშავაში უფრო ინტენსიურად დაიწყო სოციალისტური იდეების შესწავლა. 1892 წლის აგვისტოში ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

ნოე ჟორდანიამ პოლიტიკური მოღვაწეობა XIX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. მან ნიკოლოზ (კარლო) ჩხიძესთან და გიორგი წერეთელთან ერთად  საქართველოში პირველი სოციალისტური პარტია „მესამე დასი“ დაარსა. 1893 წელს დაპატიმრების შიშით ემიგრაციაში წავიდა და 1897 წლამდე დარჩა. ცხოვრობდა საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში, სწავლობდა უცხო ენებს, ორიგინალში ეცნობოდა გამოჩენილი ევროპელი მეცნიერების ნაწარმოებებს. საზღვარგარეთ  შეხვდა და გაეცნო გ. პლეხანოვს, ვერა ზასულიჩს, ლევ დეიჩს, გუკოსვკის, კარლ კაუცკის, ჟიულ გედის, პოლ ლაფარგს და სხვა მარქსისტებს და სოციალ–დემოკრატებს, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა მისი მსოფლმხდველობის საბოლოო ჩამოყალიბებაზე. ემიგრაციიდან სისტემატურად აგზავნიდა და ბეჭდავდა საინტერესო წერილებს გაზეთ „კვალში“.

1897 წლის ოქტომბერში ნოე ჟორდანია საქართველოში დაბრუნდა. 1998 წლის იანვრიდან გაზეთ „კვალის“ რედაქტორია. „კვალი“ მთელს რუსეთის იმპერიაში ლეგალურად გამომავალი პირველი მარქსისტული გამოცემა იყო, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო მუშათა, არამედ ფართო საზოგადოების წარმომდგენელთა შორის. პარალელურად გამოსცემდა ჟურნალს „სოციალ–დემოკრატია“.  ნოე ჟორდანიას აქტიური მოღვაწეობა შეუჩნეველი არ დარჩენია ხელისუფლებას და 1901 წელს სხვა თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს. თითქმის ერთი წელი იჯდა ქუთაისის, თბილისის (მეტეხის) და ფოთის ციხეებში. პატიმრობიდან განთავაისფლებული ნოე ჟორდანია ისევ პუბლიცისტიკას დაუბრუნდა, მაგრამ მალევე იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო. 1903 წელს ემიგრაციაში მონაწილეობა მიიღო რსდმპ  II ყრილობის მუშაობაში. ყრილობაზე იგი „ისკრელთა“ უმცირესობას მიემხრო და ამიერიდან ბოლშევიკების შეურიგებელ იდეურ მოწინააღმდეგედ დარჩა. ყრილობის შემდეგ კავკასიელ მენშევიკთა აღიარებულ ლიდერად იქცა.

1905 წელს ნოე ჟორდანია რუსეთში დაბრუნდა და პეტერბურგის გამოვლით მეუღლესთან, ინა კორნეევასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. 1906 წელს თბილისის საარჩევნო ოლქიდან აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო სათათბიროს წვერად, სადაც სოციალ–დემოკრატიული ფრაქციის თავმჯოდმარე გახდა.  

პირველი სახელმწიფო სათათბიროს გარეკვის შემდეგ ნოე ჟორდანია სხვა დეპუტატებთან ერთად ვიბორგში გადადის და ერთ–ერთი თანაავტორია ე.წ. „ვიბორგის მოწოდებისა“. აქედან ისევ პეტერბურგში ბრუნდება და როგორცდ რსდმპ  ცენტრალური კომიტეტის წვერი, მუშაობას განაგრძობს პარტიული ხაზით, მონაწილებს ტამერფორსის კონფერენციის საქმიანობაში , ხოლო 1907 წელს რსდმპ  V ყრილობის დელეგატია და ისევ ირჩევენ ცენტრალური კომიტეტის წევრად. იმავე წლის დეკემბერში იგი საქართველოშია, ხოლო 1908 წლის აგვისტოში აპატიმრებენ „ვიბორგის მოწოდებაზე“ ხელისმოწერისათვის. რვა თვიანი პატიმრობის შემდეგ გაანთავისუფლეს. დავით სარაჯიშვილის რჩევით დ ა ეკონომიკური დახმარებით იტალიაში მიემგზავრება კოოპერაციული საქმის ჩაღრმავებით შესასწავლად. 1909 წელს იტალიიდან ბრუნდება. ერთხანს ბაქოში ცხოვრობს და ხელმძღვანელობს მენშევიკურ გაზეთს, მომდევნო წელს ლ. ტროცკის ჟურნალში თანამშრომლობს. თავისი მოღვაწეობის ამ ეტაპზე ნოე ჟორდანია მხარს უჭერდა „კულტურულ–ეროვნულ ავტონომიას“ და არ ცნობდა ერთა თვითგამორკვევას და ეროვნული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლებას. ცნობილია მისი შეურიგებელი დაპირისპირება ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ნოე ჟორდანია თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. იყო კავკასიის მუშათა დეპუტატების საბჭოების სამხედრო ცენტრის თავმჯდომარე. 1917 წლის სექტემბრიდან მოსკოვშია, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ისევ თბილისში დაბრუნდა. 1917 წლის 3 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე მხარი დაუჭირა საბჭოთა რუსეთიდან საქართველოს ჩამოშორებას და დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას. 9 დეკემბრიდან მეთაურობდა საქართველოს დამფუძნებელ კრებას. 1918 წლის 9 აპრილს გამოაცხადა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, ხოლო იმავე წლის 26 მაისს ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდბლობის გამოცხადების პატივი ხვდა.

1918 წლის 24 ივლისიდან ნოე ჟორდანია გახდა საქართველოს დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ნოე  რამიშვილის ნაცვლად. 1918-21 წლებში იყო საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. გაატარა აგრარული რეფორმა, მიიღო ვრცელი კანონმდებლობა, შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე, ეწინააღმდეგებოდა ბოლშევიკურ და სეპერატისტულ ტენდენციებს. ცდილობდა, მიეღწია საქართველოს საერთაშორისო აღიარებისათვის.

საქართველოში თურქეთის შემოჭრის გამო ნოე ჟორდანიას მთავრობა გახდა გერმანიის მოკავშირე – საქართველოში გერმანიის ჯარები შემოვიდნენ. გერმანიისა და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ ისინი ინგლისის ჯარმა ჩაანაცვლა. ჟორდანიამ მოიპოვა ანტანტის ლიდერების ნდობა ანტიბოლშევიკური შეხედულებების გამო, რაც დაადასტურა 1919 წელს ბოლშევიკთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ დენიკინთან გაფორმებული ხელშეკრულებით. რუსეთის სამოქალაქო ომში დენიკინის დამარცხების შემდეგ 1920 წლის 7 მაისს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან, რომელიც რუსეთმა ერთი წელში დაარღვია.

1921 წელს წითელი არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდეგ ნოე ჟორდანიამ და მისმა მთავრობამ თავი შაფარეს ჯერ ქუთაისს, შემდეგ ბათუმს და იმავე წლის 18 მარტს პოლიტიკურ ემიგრაციაში წავიდნენ საფრანგეთში. თავდაპირველად ნოე ჟორდანია ცხოვრობდა პარიზში, შემდეგ ლევილში. ემიგრაციიდან მონაწილეობდა საქართველოს 1924 წლის აჯანყების მომზადებაში. მისი პუბლიცისტიკა ანტისაბჭოთა და ანტირუსული მიმართულებისა იყო.  გარდაიცვალა 1953 წლის 13 იანვარს პარიზში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

პარიზში არსებობს „ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი“, რომელიც სწავლობს ჟორდანიას მემკვიდრეობასა და სოციალ–დემოკრატიის ისტორიას საქართველოში. 2011 წელს თბილისში გაიხსნა ნოე ჟორდამიას მემორიალური დაფა, თბილისში არის ნოე ჟორდანიას სახელობის სკოლა–ლიცეუმი და საბავშვო ბაღი.

წყარო:

1. საითიძე, გიორგი. ნოე ჟორდანია: პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისი : (შტრიხები პოლიტიკური პორტრეტისათვის) // ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები / გიორგი (გელა) საითიძე. - თბილისი, 2013. გვ.43-55.

2. ჟორდანია ნოე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.163-164.

3. ჟორდანია, ნ. (ნოე, 1869-1953). რჩეული ნაწერები ემიგრაციაში / ნოე ჟორდანია. - პარიზი. 1956.


გააზიარე: