The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისი  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
ტექსტები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.


ბენიამინ ჩხიკვიშვილი

ბენიამინ ჩხიკვიშვილი
სხვა სახელი:ბენია  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1 სექტემბერი, 1924  (43 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

სოციალ-დემოკრატი ბენია გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილი დაიბადა 1881 წელს, გურიის სოფელ საყვავისტყეში, აზნაურის ოჯახში. ბენიას სამი და და ერთი ძმა ჰყოლია. დაამთავრა ჩოხატაურის ერთკლასიანი სასწავლებელი. სწავლობდა ქუთაისის სამეურნეო სკოლაში, საიდანაც 1900 წელს, დამამთავრებელი კლასიდან დაითხოვეს არალეგალურ სოციალ–დემოკრატიულ წრეში მონაწილეობისთვის. შემდეგ მასწავლებლობდა სამეგრელოს ერთ–ერთ სამრევლო სკოლაში, მაგრამ 1902 წელს აქედანაც გამოუშვეს პოლიტიკური შინაარსის ფურცლების გავრცელებისათვის. ამის შემდეგ ბ. ჩხიკვიშვილი გაემგზავრა ჭიათურაში, სადაც შავი ქვის მაღაროებში დღიურ მუშად მოეწყო. აქ დიდხანს არ გაჩერებულა. მალე ჩავიდა ბათუმში და სოციალ–დემოკრატიულ ორგანიზაციაში აქტიურ მონაწილეობას შეუდგა. აქ მან მუშათა წრეებში დიდი პოპულარობა მოიპოვა, როგორც არაჩვეულებრივმა მჭერმეტყველმა. ნივთიერ სახსარს მანთაშევის მეორე ქარხანაში შრომით პოულობდა.

ბენია ჩხიკვიშვილი აქტიურად იყო ჩართული მეოცე საუკუნის დასაწყისის სოციალურ-დემოკრატიულ მოძრაობაში. 1903 წლის შემოდგომაზე, გურიის კომიტეტის დავალებით, მონაწილეობა მიიღო კავკასიის ორგანიზაციების მეორე ყრილობის მუშაობაში, ხოლო უფრო ადრე, გაზაფხულზე, ბათუმის კომიტეტის დავალებით მოაწყო მთავრობის საწინააღმდეგო ფართო დემონსტრაცია, მომდევნო 1904 წელს კი – იაპონიასთან ომის დაწყების საპროტესტო აქცია. ამის შემდეგ მისი ბათუმში გაჩერება შეუძლებელი შეიქნა და თბილისში გადმოვიდა, სადაც არალეგალურ მოღვაწეობას შეუდგა. მალე იგი თბილისის ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი გახდა. ამის შემდეგ ბ. ჩხიკვიშვილს ვხედავთ ჯერ კახეთში, შემდეგ კვლავ ბათუმში. 1905 წელს იგი გურიაში მიმდინარე რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ნ. კალანდარიშვილთან ერთად უძღვებოდა ნასაკირალთან კაზაკებზე ცნობილ თავდასხმას. 

გურიის რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ბენია ჩხიკივიშვილი იყო მისი მმართველი. ჰქონდა დიდი გავლენა. მის განკარგულებაში იყო საგანგებო მატარებელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბათუმიდან და სამტრედიიდან აგზავნინდნენ გურიაში. მისი თაოსნობით 1905 წელს დაშლილ იქნა ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოწვეულ იქნა „გურიის დროებითი პარლამენტი“, რომლის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970 ხმიდან მიიღო 958. დადიოდა დაცვით, მას უწოდებდნენ გურიის პრეზიდენტს და გურიის მეფესაც. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ იგი იძულებული გახდა გურიიდან გახიზნულიყო, მაგრამ მიაგნეს და დააპატიმრეს. 1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლო პროცესზე ბენია ჩხიკვიშვილს ოთხი წელი კატორღა მიუსაჯეს. ირკუტსკის გუბერნიაში გაიცნო ნადეჯდა კალოევა, მემარცხენე ესერი. ისინი შეუღლდნენ. შეეძინათ სამი შვილი – ორი ვაჟი და ერთი გოგონა.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბენია ჩხიკვიშვილი ციმბირიდან დაბრუნდა. ამიერკავკასიის მთავრობამ იგი შავიზღვისპირეთის რკინიგზის მუშათა რწმუნებულად გაგზავნა, ხოლო სოხუმის დემოკრატიულმა თვითმმართველობამ ქალაქის თავად აირჩია. ებრძოდა ბოლშევიკებს ქუთაისის გუბერნიასა და აფხაზეთში, როგორც ქუთაისის საგუბერნიო კომისარი. მოგვიანებით ბენია ჩხიკვიშვილს ეკავა თბილისის მერის თანამდებობა (1919-1920 წლებში); 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი; 1920 წელს იყო ქუთაისის, შემდეგ კი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი; 1921 წლის თებერვალში საბჭოთა არმიის შემოჭრისას დაინიშნა აღმოსავლეთ საქართველოს გენერალ–გუბერნატორად, ხოლო სურამის უღელტეხილის დატოვების შემდეგ, 1921 წლის მარტში შინაგან საქმეთა მინისტრის ამხანაგად (მოადგილედ).

1921 წლის 18 მარტს ბენია ჩხიკვიშვილი მენშევიკური მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაიხიზნა უცხოეთში. საფრანგეთში ის იყო ლევილ–სიურ–ორჟის, საქართველოს დევნილი მთავრობის ადგილსამყოფელი სოფლის მეპატრონე (საქართველოს ეროვნულმა მთავრობამ 1922 წლის 24 ივნისს ნიკოლოზ ჯაყელისა და ბენია ჩხიკვიშვილის სახელზე შეიძინა პატარა მამული სოფელ ლევილში, რომელსაც დღეს ლევილის „ქართული კერა“ ეწოდება).

1924 წლის მაისში ბენია ჩხიკვიშვილი დაბრუნდა საქართველოში ამბოხებაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ზაფხულში დააპატიმრეს და სუზდალის ციხეში გამოამწყვდიეს ვ. ჯუღელთან, ნ. ხომერიკთან, გოგიტა ფაღავასთან და სხვა მეთაურებთან ერთად. დაპატიმრებულები აჯანყების დაწყებისთანავე კავკასიაში დააბრუნეს და გზაში, 1924 წლის სექტემბერში, მოსკოვსა და როსტოვს შორის, რომელიღაც სადგურზე ქურდულად დახვრიტეს.

ბენია ჩხიკვიშვილის ოჯახის წევრები ემიგრაციაში არ წასულან, თბილისში დარჩნენ. მისი მეუღლე 1936 წელს გარდაიცვალა. შუათანა შვილი, გრიგოლი, მოუკლავთ. გოგონა მცირეწლოვანი გარდაცვლილა. უფროსი ვაჟი ნათესავების დახმარებით ფეხზე დამდგარა, სამედიცინო ინსტიტუტი დაუმთავრებია. ბენიას შვილიშვილი თემურ ჩხიკვიშვილი მოქანდაკეა, სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების კათედრის გამგე გახლავთ.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ბენიამინ ჩხიკვიშვილი

2. შარაძე გურამ. უცხოეთის ცის ქვეშ. ტ.2. – თბ., 1993. –გვ.110.

3. მიქიაშვილი, ნინო. დაიბადა და გარდაიცვალა ციხეში // რეზონანსი. - 2000. - 15 ოქტომბერი.- N281.- გვ.9.




გააზიარე: