The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


რევაზ გაბაშვილი

რევაზ გაბაშვილი
Other name:რ.გ.  (Pseudonym)
რაე  (Pseudonym)
ღამურა  (Pseudonym)
Date of birth:6 November, 1882
Date of death:14 March, 1969  (at 86 years)
Burial location:ბანიოს სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
Category:Politician, Publicist

Biography

"საზღვარ გარედ ვიყავი "ხალიჩების მბერტყავი", დურგალი (2 წ.). შოფერი და "კომენდანტი" (2 წ.) – სტამბულში. მერე პარიზში - 1 წ. დურგალი, 15 წ. შოფერი, რედაქტორი და სხ. და ომებში და რევოლუციებში გადავარდნილი სამ–სამჯერ. ალბად არ დაიჯერებ, რომ არას დროს ჩემთვის არაფერი მიძებნია: არც სახელი, არც მდგომარეობა, არც ქონება. სრულიად უბრალოდ, ბუნებრივად ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნდა მუდამ სამსახური სხვებისა და იდეალისათვის, სამშობლოსათვის" – მისწერს რევაზ გაბაშვილი ამერიკაში მცხოვრებ უმცროს მეგობარს, პეტრე ხვედელიძეს 1967 წლის 19 დეკემბერს...

რევაზ გაბაშვილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟია. ეკატერინეს ქალიშვილობის გვარი თარხნიშვილი იყო. მისი დედა, სოფიო ვახტანგის ასული, ბაგრატიონ–დავითაშვილების შტოს ეკუთვნოდა. ეკატერინე ცოლად გაჰყვა ცნობილ იურისტს – ალექსანდრე გაბაშვილს. მათ ათი შვილი ეყოლათ, მაგრამ მათგან პირველი ხუთი ჩვილობაში დაეღუპათ. გაბაშვილები მეფის კართან დაახლოებული არისტოკრატები იყვნენ. 

რევაზ გაბაშვილს წერა–კითხვა დედამ ასწავლა. რვა წლისა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში შეიყვანეს, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა. სასწავლებელი 1902 წელს დაასრულა და განათლების მისაღებად ბელგიაში გაემგზავრა. შევიდა ქ. ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. 1905 წელს, რევოლუციის პერიოდში, ინსტიტუტი მიატოვა და თბილისს დაუბრუნდა. აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში (სოციალ–ფედერალისტებთან ერთად). ამ პერიოდს რევაზ გაბაშვილი ასე იხენებს: "ერთი ყიფიანი იყო ბრიუსელში. ის გვასწავლიდა თოფის სროლას... ვემზადებოდით, ასე ვთქვათ, რევოლუციისა და საქართველოს გათავისუფლებისთვის... და ზაფხულში, როცა მე შევისწავლე ბომბებისა და ასაფეთქებელი მასალების დამზადება, დავბრუნდი საქართველოში. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ჩავწერილვარ წევრად, მაგრამ რადგან ორი პარტია იყო – ერთი დემოკრატიული, რომელიც ემსახურებოდა მარტო რუსეთის დემოკრატიას, მეორე – ფედერალისტები, რომლებიც აყენებდნენ, ასე თუ ისე ეროვნულ საკითხს, მე იმათ მივეკედლე... ეს იყო ჩემი პირველი პოლიტიკური გამოსვლა. აქტიური გამოსვლა, თორემ პოლიტიკურ საკითხებში, პოლიტიკურ ასპარეზზე მე უკვე 15-16 წლიდან გამოვედი". 1906 წლის რეაქციას რევაზ გაბაშვილი საფრანგეთში გაერიდა, ოღონდ ამჯერად არალეგალურად, სხვისი პასპორტით, ამ დროისთვის პარიზში იმყოფებოდა სოციალ–ფედერალისტთა ლიდერი, ანარქისტი გიორგი დეკანოზიშვილი, რომლისგანაც ინსტრუქციები მიიღო და 1907 წელს ისევ საქართველოში დაბრუნდა. თბილისში ცხოვრება არ შეეძლო, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. გადავიდა ბაქოში და რადგან საინჟინრო საქმეები აინტერესებდა ნავთის ქარხანაში დაწყო მუშაობა მენავთობე მუხთაროვთან. ამავე წელს დაქორწინდა და მეუღლესთან, მარიამ ცისკარიშვილთან, ერთად სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

1907 წლის სექტემბერში რევაზ გაბაშვილი მიიღეს პეტერბურგის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე (ქიმიის განყოფილება). ბელგიაში სწავლის პერიოდი ჩაუთვალეს და მეორე კურსზე დასვეს, მეუღლე კი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ცოლ–ქმარი გულმოდგინედ სწავლობდა, შვილიც შეეძინათ და რომ არა შემთხვევითობა, რევაზ გაბაშვილი ალბათ პოლიტიკას აღარ დაუბრუნდებოდა.

1910 წელს პეტერბურგში ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტუდენტთა გამოსვლები დაიწყო. უნივერსიტეტში თავის საქმეზე მისული რევაზ გაბაშვილი პოლიციის ალყაში მოჰყვა. მის ახსნა–განმარტებებს ყური არავინ ათხოვა, დააპატიმრეს, სამი თვით ციხეში ჩასვეს და უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს.

1911 წელს საქართველოში დაბრუნებული რევაზ გაბაშვილი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში: "წერა–კითხვის საზოგადოება", თავადაზნაურთა საკრებულო და მისი "მიწათმოქმედების კომისია", "სათავადაზნაურო ბანკი". სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა. შექმნა რამდენიმე კოოპერაციული გაერთიანება – სიღნაღის მაზრის მეთამაბქოეობა, მთიულეთის მეცხვარეობა "მწყემსი", "დიდი ლილოს მერძევეობა" და სხვა. 

ამ პერიოდის საქართველოში ორი მთავარი პარტია ებრძოდა ერთმანეთს – სოციალ–დემოკრატიისა და სოციალისტ–ფედერალისტებისა. რევაზ გაბაშვილი გაემიჯნა ორივე პარტიას და 1911 წელს შალვა ამირეჯიბთან და დათა ვაჩნაძესთან ერთად შექმნა საქართველოს ეროვნული პარტია, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გადაკეთდა საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტიად. ახალი მიმართულების იდეოლოგიისა და მიზნების პროპაგანდისთვის რევაზ გაბაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დაარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ "კლდეს" (1912-15 წწ.), 1915 წლიდან კი ყოველდღიურ გაზეთ "საქართველოს". ამ ორგანოთა ირგვლივ შეიკრიბა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფი (სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, შალვა ქარუმიძე, დავით კასრაძე, იროდიონ სონღულაშვილი და სხვები), რომლებმაც ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ბირთვი შეადგინეს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რევაზ გაბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ქვოტით.

1921 წელს რევაზ გაბაშვილი ემიგრაციაში წავიდა, მეუღლე და სამი შვილი (ციალა, ალექსანდრე, გურამი) სამშობლოში დატოვა. ოთხ წელიწადს სტამბოლში ცხოვრობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იცოდა ათამდე ენა – თურქული, სპარსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური... სტამბოლიდან საფრანგეთში ჩავიდა და პარიზში დასახლდა, პოლიტიკური შრომების გარდა, ისტორია–არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიაში მუშაობდა. მეგობრობდა ზურაბ ავალიშვილთან და ვიქტორ ნოზაძესთან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მცირე ხნით გაერთიანებული ქართული ემიგრაცია კვლავ დაიშალა. ერთ მხარეს შეიქმნა "ეროვნული საბჭო" (ნოე ჟორდანია და მისი მომხრეები), მეორე მხარეს "ეროვნული ცენტრი", რომლის საპატიო თავმჯდომარედ მიიწვიეს გენერალი გიორგი კვინიტაძე, ფაქტიური თავმჯდომარე კი რევაზ გაბაშვილი იყო, ხოლო პასუხისმგებელი მდივანი ალ. მანველიშვილი. "ეროვნული ცენტრი" გამოსცემდა გაზეთს – "საქართველოს დამოუკიდებლობა" (1951-1956 წწ.).

1950-1960 წლებში რევაზ გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა მიუნხენში რუსულ და ინგლისურ ენებზე გამომავალ ჟურნალებში: "Кавказ", "Объединенный Кавказ", "Свободный Кавказ", ასევე ამერიკელ ქართველთა გაზეთში – "ქართული აზრი".

1967 წელს პარიზში ფრანგულად გამოსცა "L˜apport de la race caucasienne dans la civilisation mondiale" (კავაკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში), თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. ამავე დროს მუშაობდა ლიტერატურათმცოდნეობაში. გურამ გაბაშვილის ცნობით, მას პარიზში დარჩა გამოუქვეყნებელი ხელნაწერი შრომები საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე. 1959 წელს მიუნხენში გამოქვეყნდა მისი გახმაურებული მემუარები – "რაც მახსოვს". წიგნმა ქართული ემიგრანტული, განსაკუთრებით კი სოციალ–დემოკრატიული წრეების აღშფოთება გამოიწვია.

შვილებმა – ციალა და გურამ გაბაშვილებმა მხოლოდ 1968 წელს შეძლეს თითქმის ნახევარი საუკუნის უნახავ მამასთან სტუმრად ჩასვლა. 1969 წლის 14 მარტს რევაზ გაბაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გურამ გაბაშვილი მამაზე საუბრისას ერთ ამბავს იხსენებდა: "თბილისში მამას ერთი მეგობარი, გურამ ლორთქიფანიძე ჰყავდა, რომელიც ყოველი შეხვედრისას მამაზე ლაპარაკობდა ხოლმე ჩუმად. ერთხელ მთხოვა, რაღაც უნდა გიამბოო და არავის უთხრაო... თურმე მენშევიკების მმართველობიდან ერთი წლის შემდეგ ოპერის თეატრში საანგარიშო კრება ტარდება, სიტყვით ნოე ჟორდანია გამოდიოდა, მენშევიკების "აღმშენებლობითი" საქმიანობის ჩამონათვალს მის მოხსენებაში ბოლო არ უჩანდა, იმდენი ილაპარაკა პირი გაუშრა და წყლის დალევა მოინდომა... თეატრი გასუსული იყო. უცებ იარუსიდან მოისმა რეზოს მგვრინავი ხმა "ჩვენ ავღმართეთ კავკასიონი"... ეს ფრაზა მეხის გავარდნის ტოლფასი იყო, ჩაუვარდათ საღამო მენშევიკებს"...

რევაზ გაბაშვილი 1969 წლის 14 მარტს გარდაიცვალა. განისვენებს პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე, ემიგრაციაში ცხოვრების თანამგზავრისა და მეუღლის ელისაბედ (ლიზა) ყიფიანის (1892-1963) გვერდით.

წყარო:

1. ჯერვალიძე, ციცინო. პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით. წ. 2 : ეძღვნება ქართველი ემიგრანტის, ცნობილი პოლიტ. და საზ. მოღვაწის რევაზ გაბაშვილის დაბადებიდან 130 წლისთავს. - თბ., 2010

2. გაბაშვილი რევაზ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.51-54.

3. კობახიძე, რუსუდან. რევაზ გაბაშვილის "ამბოხი სული და მკბენარე კალამი"  // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2011. - ნოემბერი. - N11. - გვ.26-33.

4. diaspora.gov.ge/?p=2424 


Share: