ლევან ბერძენიშვილი

ლევან  ვალერიანის ძე ბერძენიშვილი დაიბადა 1953 წლის 23 ოქტომბერს ქ. ბათუმში. 

1970 წელს დამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა. ორი წელი სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1977 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია არისტოფანეს შესახებ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

1978-95 წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ასწავლიდა ძველ ბერძნულ და ლათინურ ენებს. 1978 წლიდან ეწეოდა დისიდენტურ საქმიანობას. 1978 წლის 21 მაისს მეგობრებთან ერთად შექმნა საქართველოს რესპუბლიკური პარტია. დისიდენტური საქმიანობის გამო იყო პოლიტიკური პატიმარი 1984-87 წწ. (გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლით "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა"). სასჯელი სრულად მოიხადა მორდოვეთის ასსრ ტენგუშოვის რაიონის სოფელ ბარაშევოში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ЖX 385/3-5.

1996 წლიდან შეუდგა მოღვაწეობას არასამთავრობო სექტორში. იყო "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" დირექტორი (1996-97), დააარსა "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი" (1996 ), იყო ფონდ "ქართუს" დირექტორი (1997-98). 1998 წლიდან დაინიშნა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. ბილიოთეკაში მუშაობდა 2004 წლამდე. მისი დირექტორობის პერიოდში მოხდა სტრუქტურული რეორგანიზაცია და  ბიბლიოთეკის კომპიუტერიზაცია.

იყო  2004-2008 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.

2009-2011 წელს მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კითხულობდა ლექციებს ამჰერსტის, მოუნტ ჰოლიოკის, სტენფორდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2012 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.

ლევან ბერძენიშვილის შრომების ნუსხა