8 მარტი, კოტე მახარაძე და ტაქსის მძღოლი
დამატების თარიღი: 2013-03-12 09:58:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

ეძღვნება თეონა გოდერიძეს

კომუნისტებს ერთი უცნაური წესი ჰქონდათ, ყველა დღესასწაულის დროს, როცა დაწესებულებები დაკეტილი იყო და ხალხი სახლში ზეიმობდა, სამსახურში მორიგეობა იყო დაწესებული მთელი დღე-ღამის განმავლობაში. დაწესებულებებს და ორგანიზაციებს ღამის მორიგეები დარაჯობდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი და მათთან ერთად ვინმე კომუნისტს უნდა ემორიგევა. რისი ეშინოდათ, ახლაც ვერ გამიგია. მზადება ამ ღონისძიებისათვის ორი კვირით ადრე იწყებოდა: იმართებოდა კრებები, დგინდებოდა მორიგეობის განრიგი. ყოველივე ამას მთელი სერიოზულობით უდგებოდნენ ქვეყნის მასშტაბით და ფიქრობდნენ, რომ ქვეყანა ამით დაცული იქნებოდა. როგორც ჩანს, მაშინ  ხელისუფლების უმთავრესი დანიშნულება იყო ხალხის „გასულელება" მათივე საკეთილდღეოდ.

ვინაიდან ამ ღონისძიებისათვის კომუნიტები არ ჰყოფნიდათ, მე უპარტიოს, მთხოვეს 8 მარტს 22 საათიდან დილის 10 საათამდე დაწესებულება დამეცვა. გადმომცეს სახანძროს, პოლიციის, რაიკომისა და სხვა სამსახურების კოორდინატები.

საღამოს 21 საათზე სახლიდან გამოვედი და ვარაზისხევს დავუყევი. მინდოდა სამსახურში ადრე მივსულიყავი და თანამშრომელი ქალი შემეცვალა, თან 8 მარტი მიმელოცა. ვიღაც უცნობმა გამაჩერა.

- ბოდიში, კოტე მახარაძე სად ცხოვრობს?

- კოტე მახარაძე ჩემი ნათესავია, ამჟამად რომელ ცოლთან არის არ ვიცი. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ვარაზისხევში არ ცხოვრობს.

- მიშველე რამე თუ ძმა ხარ, ტაქსის მძღოლი ვარ. აი ჩემი მანქანა, შიგ კოტე მახარაძეს სძინავს, ნახალოვკაში ჩამიჯდა და მითხრა ვარაზისხევში წამიყვანეო და ვეღარ ვაღვიძებ.

მანქანაში მართლაც კოტე მახარაძეს ეძინა. ჩემმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო: ხან ვუჩქმიტე, ხან სილა შემოუტყაპუნე, ხარ ფეხბურთი ვუხსენე, ხან მესხი, ხან სოფი ლორენი. მის ხსენებაზე სახე გაებადრა, რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ გამოღვიძებას მაინც არ აპირებდა, არადა ნათესავს ხომ ვერ მივატოვებდი, თან კომუნისტების დავალება მქონდა შესასრულებელი. შეუძლებელი ჩავიფიქრე და ორი კურდღლის მდევრის თეორია დავარღვიე. გამახსენდა იქვე, ლარსის ქუჩაზე ბატონი ტარიელ საყვარელიძე ცხოვრობდა და მანქანა დავძარით. მძღოლს იმედი მიეცა, რომ დღის გეგმას შეასრულებდა და ისიც შუერთდებოდა ოჯახურ დღესასწაულს.

ბატონი ტარიელი სახლში არ დაგვხვდა, მაგრამ მისი მეუღლე დაგვეხმარა და ათ წუთში ბატონი კოტე ზურაბ ლაფერაძის ვოლგაში გადავსვით.

- მე ვიცი სად მიდიოდა, ჩაილუღლუღა ბატონმა ზურაბმა და გაუჩინარდა.

- თუ ძმა ხარ, აქვე ვცხოვრობ, მიმიყვანე და ფულს გადაგიხდი.

- რას ამბობ კაცო, თქვენ ისეთი სიკეთე გამიკეთეთ, რომ სამსახურში უფასოდ უნდა მიგიყვანოთ.

სამი წუთი აკლდა 22 საათს, თანამშრომელი ქალი რომ შევცვალე, სკამზე ჩამოვჯექი და შვებით ამოვისუნთქე. ზუსტად 22 საათზე პარტკომმა დარეკა.

- ნუ ინერვიულებთ, მე ადგილზე ვარ და მშვიდად დაიძინეთ.

- რა დამაძინებს დილამდე. ახლა რაიკომში უნდა დავრეკო და მოვახსენო, რომ ყველაფერი რიგზეა.

მართლაც, პარტკომი ყოველ ორ საათში ერთხელ რეკავდა და მუსლიმ მაგომაევის კონცერტის მოსმენის საშუალებას არ მაძლევდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ღამემ მტრის ჯინაზე მშვიდად ჩაიარა.

რამოდენიმე თვის შემდეგ ჩემს სამსახურთან ახლოს, მანქანაში მჯდომი კოტე მახარაძე შევნიშნე. შევხედე, როგორც უცხოს მომესალმა. არ წავედი და ირონიულად ვუყურებდი. იგი მანქანიდან გადმოხტა და გადამეხვია.

- ბატონო კოტე, აი ასე სხარტად მანქანიდან რომ გადმოხტით და გადამეხვიეთ, თუ იცით ვინ ვარ?

- ნუ ისეთი ნაცნობი სახე გაქვთ, ნუ ისეთი და ვერაფრით ვერ ვიხსენებ და ა.შ. ბატონი კოტე რამოდენიმე წუთი თავს იმართლებდა, თან სახეზე სიწითლე შემოეპარა, აშკარა იყო, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

უნდა გითხრათ, რომ ბატონ კოტეს საშუალოდ 5 წელიწადში ერთხელ ვხვდებოდი, მაგრამ ვერასდროს ვერ მცნობდა და ეს ყოველთვის მაღიზიანებდა.

კარგა ხნის ბოდიშების შემდეგ, კოტეს და ქალბატონი გუგული გამოჩნდა, რომელსაც იგი ელოდებოდა. მან მიცნო და გადამეხვია. მაშინ კი მიხვდა ვინც ვიყავი და შემომიტია:

- რას მაშაყირებ ამხელა კაცს, კინაღამ სირცხვილით დავიწვი.

- მეტის ღირსი ხართ ივანიჩ, აბა ვარაზისხევი გაიხსენეთ კარგად.

- უი, შენ მომიარე ხომ? არ ვიცოდი, მადლობელი ვარ.

- კი მაგრამ რა დალიეთ ასეთი?

- არ ვიცი, ამ ბოლო დროს ასე მემართება.

- იცოდეთ ბატონო კოტე, თუ კიდევ ვერ მიცნობთ...

- არა, არა, რას ამბობ, მოიბოდიშა მან.

ერთი წლის შემდეგ, ჩვენს დაწესებულებაში აუქციონი გაიმართა. ჩვენი ბატონი კოტე ჩაქუჩს ურტყამდა და ვაჭრობდა. შესვენებაზე სცენიდან ჩამოვიდა და თავის სკოლის მეგობარს, ქალბატონ ლეილა ზამბახიძეს ფეხბურთზე ესაუბრებოდა. მივუახლოვდი და მივესალმე. ისიც თავაზიანად მომესალმა. ისევ ვერ მიცნო. შემოვტრიალდი და ჩემთვის შევიგინე. ბატონ კოტეს შეახსენეს ვინც ვიყავი და იგი დარცხვენილი გადამეხვია.

- ამ დღეებში სახლში მოდი, სოფიკო უნდა გაგაცნო.

- ნეტავ თქვენ თვითონ თუ იცით როდის ხართ სახლში?

- მართალი ხარ, იმდენს ვმუშაობ, რომ...

ოთხი თვის შემდეგ, კოლმეურნეობის ბაზარში მეუღლესთან ერთად კარტოფილის გამყიდველს მივუახლოვდი.

- Сколко стоит твая великолепная картошка?

- Моя великолепная картоша стоит 80 копеек.

- Давай три кило за 4 лар.

- нэт, нэт, ты што.

- тогда пят кило давай за 7 лар.

- Нэт, ты што говориш, нэ.

- Тогда, восем кило давай за десат лар. Тогда и тебэ будет приатна, и мнэ будэт приатно, и вместе будэм хахататся.

- Никак нэт, такой картошка слушаи.

- Ты шитат умееш?

-  Канешна.

- Сколка нада за 8 кило ха? А я тэбэ скоко даю?

- Ииии, я думал..... ииии...шютник, давай да возми.

- Нэт, тепер я чувствую, что мне уже нэ приатна, я имею лични неприазн к твоэи картошка Мамэд.

- Слуши, откуда знаиш мой имя?

მეორე სართულზე ფქვილის გამყიდველი შევარჩიე.

- ქალბატონო ჟუჟუნა, რა ღირს თქვენი მჭადის ფქვილი? - მივმართე უცნობ გამყიდველს.

- ლარნახევარი.

- ორ კილოს ოთხ ლარად მომცემთ?

- რას ბრძანებთ ბატონო, სუფთა აბაშის ფქვილია.

- მაშინ სამი კილო ხუთ ლარად მომეცით.

- როგორ გეკადრებათ ბატონო.

- ოთხ კილოს რვა ლარადაც არ მომცემთ?

- ვენერ, ოთხ კილოში რვა ლარს იძლევა, გაიგე? - გადაულაპარაკა მან კოლეგას. ვენერამ ირონიულად ჩაიცინა.

- რა უცნაური ხალხი დადის ამ ბაზარში, სანამ არ დაგაკლებინებენ, ვერ მოისვენებენ - ნიშნისმოგებით მიაძახა ვენერამ.

- ქალბატონო ჟუჟუნ, სკოლაში მათემატიკას სწავლობდით?

- რა თქმა უნდა, და ძალიან კარგადაც. კი მაგრამ, ჩემი სახელი საიდან იცით?

- თქვენ ვინ არ გიცნობთ, ქალბატონო ჟუჟუნა. თქვენ ხომ ყველაზე მეძვირე გამყიდველი ხართ. აბა მითხარით, თქვენი დათვლით, ოთხ კილო ფქვილს რამდენი ლარი უნდა?

- ექვსი - მიპასუხა მან.

- მე ხომ რვა ლარს გთავაზობთ?

ჟუჟუნა პირდაღებული და გაოგნებული მიყურებდა. ეტყობა ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მყიდველი უფრო მეტს სთავაზობდა. უცებ ყვირილის ხმა შემომესმა.

- გიცანი, გიცანი გაჰყვიროდა კოტე მახარაძე, რომელიც ორი ჩანთით ხელში ჩემსკენ გამორბოდა.

- რა იყო ბატონო კოტე, სოფიკოს არ ეცალა, რომ მარტო გამოგიშვათ?

- ხო, ძალიან დაკავებულია, მოსკოველი სტუმრები გვყავს.

ისევ მოვეფერეთ ერთმანეთს, მოვიკითხეთ ახლობლები და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.

- კი მაგრამ, თუ კოტე მახარაძეს იცნობდით, ვერ მითხარით, დაგიკლებდით ფასს.

- ქალბატონო ჟუჟუნ, დაიმახსოვრეთ ეს დღე. ამის შემდეგ ახლოსაც არ მოგეკარებით. ჩემი ნება რომ იყოს, თქვენნაირ გამყიდველს დავიჭერდი და შემდეგ დავაპატიმრებდი.

- კი მაგრამ, რა დავაშავე ასეთი?

- ჯერ ერთი, დასაჭერი და დასაპატიმრებელი ხართ იმიტომ, რომ ფქვილს ძვირად ყიდით, მეორედ იმიტომ ხართ დასაჭერი, რომ უფრო მეტს გთავაზობთ, თქვენ კი მაინც უარზე ხართ, მესამედ იმიტომ უნდა დაგიჭიროს კაცმა და დაგაპატიმროს, რომ კოტე მახარაძის დანახვაზე ფასი დაუკელით. ხომ ხედავთ რამდენჯერ ხართ დასაჭერი და დასაპატიმრებელი!?

ასე გადავუხადე სამაგიერო ფქვილის გამყიდველს. სინამდვილეში, მე არც კარტოფილის ყიდვას ვაპირებდი, და არც ფქვილი მჭირდებოდა. უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვიყავი თბილისის დინამოზე. წინა დღეს ტოტენჰემთან 5:1 წააგეს. არადა, თამაშის დაწყებამდე ბევრს ტრაბახობდნენ და ამ გამარჯვებას უძღვნიდნენ ბებიებს, ბაბუებს, მეზობლებს, თან, ხუთივე გოლო თავით გაგვიტანეს. როცა რამე მეწყინებოდა, გულის გადასაყოლებლად ბაზარში შევივლიდი ხოლმე.

ამ ამბის შემდეგ ბატონი კოტე აღარ მინახავს. მძიმედ გადავიტანე მისი ავადმყოფობა და ამქვეყნიდან წასვლა.

ნათქვამია, ტალანტს აფასებს და თავის უკანასკნელ სიტყვას ამბობს დრო. ვიღაცამ თქვა: ლეონარდო და ვინჩზე დიდი პიროვნება სამყაროს არ ჰყოლია, მაგრამ კაცობრიობას ამის შესაცნობად საუკუნეთა ჯაფა დასჭირდა. კოტე მახარაძე - ეს ის ფენომენია, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს და ყველას საკუთრებად რჩება. ხელოვანი არც პლუსით იანგარიშება და არც მინუსით, მას წერტილს ისტორია უსვამს, ან იტოვებს, ან ივიწყებს.

წავიდა და თან გაიყოლა ის საიდუმლო, რომლითაც იგი ხიბლავდა ქალებს. მახსოვს ბატონი კოტე ინგას ჰყავდა სტუმრად ტელევიზიაში, მე ასეთი ნაზი და ქალური ინგა აღარ მინახავს, არა და მისი რესპონდენტები იყვნენ: ჯონდი, შალვა, კახა, ბაჩუკი და ბევრი სხვა.

ალბათ ბატონი კოტე თავის თავისადმი პატივისცემას არა მარტო ქალებთან მიმართებაში, არამედ მათდამი თავდავიწყებულ სიყვარულშიც ინარჩუნებდა.

მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ადრე თუ გვიან, ყველა იმ ქვეყნად წავალთ და კოჰაბიტაციის პირობებში ვიცხოვრებთ.

იქაც ვერ მიცნობთ ბატონო კოტე?

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ