ღიპი, ფეხბურთი და ალენ დელონი
დამატების თარიღი: 2012-12-17 12:26:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

 

შაბათ–კვირას მინი ფეხბურთს ვთამაშობდი. „სტარიკების“ გუნდი მყავდა. წლების განმავლობაში არანორმალურმა სმა–ჭამამ და ღვინის სმამ ჩემს მეგობრებს ფორმა შეუცვალა და მათ უზარმაზარი ღიპი დაედოთ. ყველაზე მსუბუქი 140 კგ–ს იწონიდა. ყველაზე მძიმეწონიანი – 180 კგ–ს. ჩემი შეგონება, რომ ამ ცხოვრების წესისთვის თავი დაენებებინათ, უნაყოფო აღმოჩნდა.

ხალხი ათასნაირ დიეტას მიმართავს წონის დასაკლებად. შიმშილობენ და იტანჯებიან, უამრავ ფულს ხარჯავენ დიეტოლოგებთან სიარულში. ის კი არ იციან, რომ დიეტა სწორ კვებას ნიშნავს. უბრალოდ ადამიანმა კვების სიამოვნებაზე უარი არ უნდა თქვას, მაგრამ მიღებული კალორიები უნდა დაწვას ფეხით სიარულით, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით და განსაკუთრებით სექსით, თუ ამის საშუალებას ნაგვის გადასახადი იძლევა. ამ ღიპიან მეგობრებთან ერთად ვუმკვლავდებოდით 16–17 წლის ბიჭებს, რომლებიც სხვადასხვა საფეხბურთო სკოლებში დადიოდნენ. სამი წლის განმავლობაში ერთხელაც  ვერ მოგვიგეს. მაგრამ ამ შედეგის მიღწევაში ღამეებს ვათენებდი, ვცდილობდი მომეძებნა ის ფორმულა, რომელიც დამეხმარებოდა მათ დამარცხებაში.

გავიხსენე სკოლა, ბოტანიკა, ბიოლოგია, ასტრონომია, ქიმია, ნიუტონის, არქიმედეს და მსოფლიო მიზიდულობის კანონები, გოლდბერგის ფორმულა, იოჰან კრუიფის ფილოსოფია და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ღიპი, რომელიც გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ადამიანს ტრანსპორტში, მოძრაობაში და სექსში, შეიძლება ისე გამოიყენო და წარმართო, რომ მოწინააღმდეგეს პრობლემები შეუქმნა.

ჩემს ღიპიან მეგობრებს ვუთხარი, რომ სამი კაცი დაცვაში ჩამდგარიყვნენ და მკაცრად დაეცვათ კარისკენ მიმავალი ცენტრალური ზონა. მოწინააღმდეგის შეტევის დროს, არც ერთ შემთხვევაში, არ უნდა ეცადათ ბურთის წართმევა, უბრალოდ, ორი მეტრის დაშორებით პოზიციურად  ემოძრავათ,  ღიპი 37 გრადუსით ცენტრისკენ გადაეწიათ, ისე, რომ მოწინააღმდეგე იძულებული გამხდარიყო ფლანგიდან შეეტია. მათ არ უნდა დაეშვათ ღიპის მეშვეობით მოწინააღმდეგის ცენტრში შემოშვება, რადგან იქიდან კარის აღება უფრო ადვილი იყო. მეკარეს, რომელიც 180 კგ–ს იწონიდა, დავავალე, რომ კარის ძელთან მდგარიყო და ღიპი 47 გრადუსით ისე შემოეტრიალებინა, რომ კარში დარტყმული ბურთისთვის კუთხე შეემცირებინა.

გავითვალისწინე, რომ ახალგაზრდა ბიჭები სკოლაში ცუდათ სწავლობდნენ, ხშირად იგინებოდნენ, ეჯავრებოდათ გეომეტრიის საგანი, არ უყვარდათ პასებით თამაში და შესაბამისად ავიწყდებოდათ, რომ ფეხბურთი  კოლექტიური თამაშია. ყველა მათგანი თავჩაღუნული თამაშობდა და ინდივიდუალური ოსტატობით თავს აწონებდა კორპუსების ფანჯრებიდან  მაცქერალ ხალხს, რომელთა შორის ბევრი გოგონა იყო. ფლანგებიდან დარტყმული ბურთები კი, ხან კარს სცდებოდა, ხან ძელს ხვდებოდა, ხანაც უშველებელი ღიპი ეღობებოდა.

თავდასხმაში მარტო ვთამაშობდი და ვინაიდან სკოლაში გეოგრაფია ძალიან მიყვარდა, მათ დაცვას მუსრს ვავლებდი, მითუმეტეს, რომ ახალგაზრდებს დაცვაში თამაში არც უყვარდათ და არც ეხერხებოდათ. ასეთი სისტემით, გამარჯვებული ყოველთვის ჩვენ გამოვდიოდით, მათ კი ვერ გაეგოთ რატომ მარცხდებოდნენ მომავალი ფეხბურთელები ამ ხანში შესულ ღიპიან ბიძებთან. თამაშის დამთავრების შემდეგ ისინი ხშირად იხსენიებდნენ საკუთარ დედებს უწმაწური სიტყვებით.

ერთ–ერთი ასეთი მოგებული თამაშის შემდეგ, დაღლილ–დაქანცული სახლში ვბრუნდებოდი. ავტობუსის გაჩერებაზე მეზობელი შევნიშნე ბავშვებთან ერთად.

        სოსო, სად მიდიხარ ამ კვირა დღეს?

        ცირკში, ახალი დათვები ჩამოუყვანიათ.

        მერე ბილეთები გაქვს?

        არა, მაგრამ ვიშოვნი.

        კი  მაგრამ, შენ რომ გაიგე ახალი დათვების შესახებ, სხვამ არ იცის? ცირკში ხომ ყველა ვერ დაეტევა?

        ვიშოვი – თავდაჯერებულად მიპასუხა მან.

        თუ ბილეთები ვერ იშოვნე, ჩემი სახელით მიდი დირექტორთან – ვუთხარი მე და გზა გავაგრძელე.

სამი დღის შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე ისეთმა სატვირთო მანქანამ დაამუხრუჭა, რომ მასში ჩაჯდომას არცერთი თავმოყვარე პარლამენტარი არ იკადრებდა.

        მოდი, მოდი – მეძახდა მეზობელი სოსო – სამსახურში უნდა მიგიყვანო. შენ ისეთი პატივი მეცი, არ ვიცი რით გადაგიხადო. თურმე ვინ ყოფილხარ შენ. მთელ უბანს უნდა გავაგებინო რა პატივს გცემს მთელი ქალაქი.

        რა მოხდა სოსო, გამაგებინე?

        გახსოვს, ცირკში რომ მივდიოდი ახალი დათვების სანახავად?  სად იყო ბილეთი, ბავშვები ნაცნობს დავუტოვე და დირექტორთან ძლივს შევაღწიე. შენი სახელის გაგონებაზე იგი გადამეხვია და გადამკოცნა. ბილეთები პირველ რიგში მომცა. ბავშვებმა ძალიან გაიხარეს, ფულიც კი არ გამომართვა.

არაადამიანური ძალით სიცილი შევიკავე. ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სამსახურში. ჩემს კაბინეტში რომ შევედი, თანამშრომელი გამოვიძახე და ვთხოვე გაეგო ვინ იყო ცირკის დირექტორი.

        როგორ არ იცი? ბორის წიფურიაა.

ამაზე ძალიან ვიმხიარულე. ცხოვრებაში არასოდეს შევხვედრივარ ბატონ ბორისს. სუფთა თბილისური ამბავია. მადლობა მას. ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი.

ცოტა რომ დავწყნარდი, აღელვებული თანამშრომელი შემოვიდა.

        სიგარეტი მომაწევინე რაა.

        მანანა, შენ ხომ აღარ ეწევი?!

        ხო, მაგრამ ისეთი რამე შემემთხვა, რომ ...

        აბა მომიყევი.

        სამსახურში რომ მოვდიოდი, კინო რუსთაველთან მოკლეზე მინდოდა გადმომერბინა. მანქანების ნაკადი არ წყდებოდა. ცოტანი ვიდექით. ხალხში ულამაზესი ახალგაზრდა კაცი შევნიშნე. მასში გაერთიანებული იყო ალენ დელონის, პოლ ნიუმანის, მარლონ ბრანდოსა და ახალგაზრდა ოთარ კობერიძის მამაკაცური ხიბლი.

        იპოლიტე ხვიჩიაც რომ დაგეყოლებინა, უფრო გასაგები იქნებოდა.

        მისი ყურებით ვერ ვძღებოდი. სულ მინდოდა, რომ მანქანების მოძრაობა არასოდეს შეჩერებულიყო. უცბად ერთი ქალი ჩანთებით ხელში მოსწყდა ადგილს და გადასვლას შეეცადა. შუა გზამდე მიაღწია, მაგრამ მანქანებმა გზა გადაუკეტეს. რამდენიმე წუთი დაძაბულები ვუყურებდით ამ სანახაობას. ის ქალიც დაბნეული იდგა და არ იცოდა, რა ექნა. შემდეგ მან უკან დაბრუნება გადაწყვიტა. კინაღამ მანქანა დაეჯახა, მაგრამ მაინც მოაღწია ჩვენამდე. ის ბიჭი ალენ დელონს რომ ჰგავდა, მივარდა იმ ქალთან და მეგრული აქცენტით დაუყვირა.

        ქალო, აქ რომ გითხრან გადადიო, მაშინაც არ უნდა გადახვიდე და რასაა რომ აკეთებ შენ, მაგალითად?

        ნეტავ ხმა არ ამოეღო, ჩემი ოცნების მამაკაცად დარჩებოდა. სამსახურში მიწისქვეშა გასასვლელით მოვედი და პირდაპირ შენთან შემოვედი.

        ასე არ შეიძლება, მანანა. ზოგს აქცენტს უწუნებ, ზოგს სახელსა და გვარს, ზოგს მანქანის ფერს და ნომერს, ზოგს კი უბანს, სადაც ცხოვრობს. ასე ხომ გაუთხოვარი დარჩები. რატომ მოგწონს ალენ დელონი? რა იცი მასზე? შენ ხომ მისი ეკრანის გმირები მოგწონს, ის კი ჩვეულებრივი ადამიანია. სკოლაში ასტრონომიის მასწავლებელი მიყვებოდა, რომ ალენს მამა კორსიკელი ჰყავდა, დედა კი – ფარმაცევტი. სამი წლის იყო მშობლები რომ დაშორდნენ და მას ძიძა ზრდიდა. დედა მეორედ გათხოვდა. მისი ქმარი ყასაბი იყო. ალენს ყასაბის დიპლომიც კი აქვს და ხორცის მაღაზიაში მუშაობდა.

        კიდევ მოგწონს ალენ დელონი?

        რა ვიცი, აბა.

        ალენი სკოლაში ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდა. 17 წლისა მეზღვაური გახდა. იქაც აურია და ბრინჯის ტომრებს ათრევინებდნენ. შემდეგ ის პარიზში ოფიციანტად მუშაობდა, მაგრამ იქიდანაც გამოაგდეს და უმუშევარი დარჩა.

        კიდევ მოგწონს ფაბიენ დელონი?

        ეგ ვინ არის?

        მისი მეორე სახელია, როგორც „ცისფერ მთებშია“.

        ალენმა იცოდა, რომ ლამაზი გარეგნობა ჰქონდა და კანში კინოფესტივალზე გაემგზავრა. იქ დელონი ამერიკელმა ტალანტების მაძიებელმა, გარი უილსონმა შეამჩნია, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ამერიკელების კერპის, ჯეიმს დინის შემცვლელს ეძებდა. გარი უილსონმა ალენი რომში გააგზავნა კინოსინჯებზე,  სადაც ძალიან მოეწონათ, მაგრამ კონტრაქტში ჩაუწერეს, რომ სამ თვეში ინგლისური ენა უნდა ესწავლა.  პარიზში დაბრუნებულმა ფაბიენმა ინგლისური ენის სწავლა დაიწყო, მაგრამ, ფრანგმა რეჟისორმა ივ ალეგრემ, მას განზრახვაზე ხელი ააღებინა და თავის ფილმში ეპიზოდურ როლში გადაიღო. შემდეგ იყო სხვა ფილმებიც, მაგრამ მსოფლიო აღიარება მას მოუტანა ლუკინო ვისკონტის ფილმმა „როკო და მისი ძმები“. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მას უყვარდა რომი შნაიდერი, მაგრამ ქორწინება არ შედგა. მისი ოფიციალური ცოლი ნატალი ულამაზესი ქალი იყო, რომელთანაც ეყოლა შვილი ენტონი. ერთხელ, ალენმა და ნატალიმ მეგობრებთან ერთად რესტორნის მეორე სართულიდან ნარჩენი საჭმელები ქუჩაში გამვლელ ხალხს თავზე გადააყარეს. მოვიდა პოლიცია, იყო აყალმაყალი. ალენ დელონი გენერალ ლებედის ახლო მეგობარიც იყო.

        კიდევ მოგწონს ალენ დელონი?

მანანა ჩუმად მისმენდა და მეც გავაგრძელე:

        რაც შეეხება პოლ ნიუმანს, მას ჰოლივუდის ყველაზე ლამაზ ცისფერთვალებას ეძახდნენ. დედა სლოვაკი ჰყავდა. ორჯერ ჰქონდა ოსკარი მიღებული. აი, მარლონ ბრანდოსთან დაკავშირებით საქმე ცოტა რთულად არის. იგი გერმანული წარმოშობისა იყო. ბრანდო ომარ შარიფის, ალ პაჩინოს. უორენ ბიტისა და რობერტ დე ნიროს კუმირი იყო. მას 8 შვილი და 3 ნაშვილები ბავშვი ჰყავდა. მისი საუკეთესო მეგობარი იყო ჯეკ ნიკოლსონი.

        იცი, სად არის დასაფლავებული?

        არა.

        ანდერძის თანახმად, იგი დაწვეს. მას ბევრი საინტერესო გამონათქვამი აქვს –. „თუ მსახიობს იმპროვიზაციის ნიჭი არა აქვს, ე.ი. მას როლი ერგო რეჟისორის ცოლის პროტექციით“, ან „მსახიობი ის ადამიანია, რომელიც არავის უსმენს, სანამ მასზე არ დაიწყებენ ლაპარაკს“. ბრანდოზე ამბობდნენ, რომ იგი ბისექსუალი იყო.

        ასე რომ, ჩემო კარგო, თავი დაანებე ჰოლივუდს, ღრუბლებიდან ჩამოდი, გვერდზე მიმოიხედე, ქართველ მამაკაცებზე ლამაზი და კაცური კაცები დედამიწის ზურგზე არ დადიან. ჩვენს კაცებზე ყველა გიჟდება და შენ რა დაგემართა?  მომისმინე, ერთი ახალგაზრდა კაცი გამაცნეს. დაოჯახება სურს. საკუთარი სახლი აქვს სანზონაში. მანქანა, ფული, აგარაკი, მონტენეგროში ბარკლების ბიზნესი აქვს.

        ეგ სად არის?

        საპორტო ქალაქია არგენტინაში. მასში გაერთიანებულია რობერტ დე ნიროს, ჯორჯ კლუნის, კევინ კოსტნერის და ახალგაზრდა თენგიზ არჩვაძის მამაკაცური ხიბლი. ანზორას ეძახიან.

მანანა გულშემოყრილი გავარდა ჩემი კაბინეტიდან.

მე ძალიან კარგად მესმის მისი. ის ხომ ვაკეში ცხოვრობს.

ვაკეში კი ჩიტებიც ხომ ჯინსის ბუდეს იკეთებენ.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ