არტ–ნუვო
დამატების თარიღი: 2012-11-28 13:33:00
ავტორი: მაია სიმონიშვილი

ახალმა მიმდინარეობამ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი შეიძინა იმის მიხედვით, თუ რომელი სახელოვნებო ორგანიზაცია უწევდა მას პოპულარიზაციას. სიტყვასიტყვით, Art Nouveau (ფრანგ.) ახალ ხელოვნებას ნიშნავს. მაგალითად, მიმდინარეობას ეს სახელი ეწოდა პარიზში მდებარე სამუელ ბინგის გალერეის - Maison de l'Art Nouveau -ს მიხედვით; გერმანიაში მას Jugendstil-ს უწოდებდნენ (გერმანული ჟურნალის Jugend-ის მიხედვით), იტალიაში კი Stile Liberty-ს ( მაღაზია Liberty & Co.-ს მიხედვით). ყველაფერი კი 1861 წელს, ინგლისში დაიწყო. იმ პერიოდისთვის ყველაზე მეტად ინდუსტრიალიზებულ ქვეყანაში, როდესაც უილიამ მორისმა და სხვა ხელოვანებმა დააარსეს ხელოვნებისა და ოსტატობის მოძრაობა, რომელშიც გაერთიანდნენ მე-19 საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბებული სტილის მიმდევრები. სოციალური იდეების მხარდამჭერებს სურდათ, რომ ყველა საგანი ლამაზი და გამოყენებადი ყოფილიყო, ამავე დროს,ხელნაკეთიც. მართალია, ხელნაკეთი ნამუშევრები ძალზე ძვირი იყო მასებისთვის, მაგრამ სკოლებმა, გამოფენებმა და ჟურნალებმა ხელი შეუწყვეს ამ იდეის გავრცელებას და არტ-ნუვოს დაბადებისთვის სასურველი გარემო შექმნეს. ბევრმა არტისტმა, არქიტექტორმა, დიზაინერმა და ინტელექტუალმა, რომლებიც დეკორატიული და ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდა, აგრეთვე, კულტურის წარმომადგენლებმა, ავანგარდისტებმა აიტაცეს იდეა - შეექმნათ „თანამედროვე ცხოვრების ხელოვნება".
ახალი სტილი ორნამენტების სიმდიდრით, რკალებითა და ხვეული ხაზებით გამოირჩეოდა. ეს დეკორატიული სტილი დრამისა და ფანტაზიის ნაზავია და მისი მოტივების წყაროს წარმოადგენს გოთიკური პერიოდის ხელოვნება, იაპონური დამწერლობა, უილიამ ბლეიკის ხელოვნება. არტ -ნუვოს დამახასიათებელი ნიშნებია ქალთა ფიგურები თხელ კაბებში; ასევე, გრძელი, ტალღოვანი, ესთეტიკური, ასიმეტრიული ხაზები, რომლებიც ხშირად ბუნების საგნებს - ხვიარა მცენარის ან კვირტების, პატარა ცხოველების ან მწერების ფიგურებს იღებენ, ასევე, დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ცენტრში გამოკვეთილია. ამ სტილის მიმდევრები იყვნენ: მხატვრები, ილუსტრატორები, იუველირები და შუშის ნაწარმის დიზაინერები.

1893 წელს, მორისის იდეების გავლენით, ახალგაზრდა ბელგიელმა არქიტექტორმა ვიქტორ ჰორტმა დაიწყო არტ-ნუვოს სტილის პირველი მნიშვნელოვანი ნაგებობის მშენებლობა - ეს იყო ტასელის სახლი (la Maison Tassel). 1894 წელს, ისევ ბრიუსელში, ჰენრი ვან დე ველდემ გამოაქვეყნა ბროშურა ,,Déblaiement d'Art"; მასში წარმოდგენილი იყო ახალი, რევოლუციური იდეები სახვითი და დეკორატიული ხელოვნების შესახებ, რომელთა თანახმად, არქიტექტურა და ინტერიერი სრული ხელოვნების რანგში უნდა ყოფილიყო აყვანილი.

La Maison de l'Art Nouveau

1895 წელს ახალი სტილი საფრანგეთში გავრცელდა, სადაც მას სახელი დაერქვა პარიზის ერთ-ერთი გალერეის - La Maison de l'Art Nouveau -სმიხედვით. 1895 წელს პარიზში, იაპონელმა არტ დილერმა, ზიგფრიდ ბინგმა გახსნა გალერეა Maison de l'Art Nouveau. ბინგის ინტერესის სფერო თანამედროვე ხელოვნება იყო. გალერეა განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1900 წელს, უნივერსალური გამოფენის მოწყობის შემდეგ, რომელზეც წარმოდგენილი იყო თანამედროვე ავეჯი, გობელენი და ხელოვნების სხვა ნიმუშები დიზაინისა და ფერების მიხედვით. ამ დეკორატიულ წარმოდგენასა და, საერთოდ, მთელ სტილს ფრანგებმა გალერეის სახელი - Art Nouveau უწოდეს. პარიზმა ახალ მიმდინარეობას მეტი ბრწინვალება შესძინა ღვთაებრივი სარა ბერანრისა და მისი პროტეეჟების: ალფონს მუჩასა და სამკაულებისა და სუნამოს შუშების დიზაინერის, რენე ლალიკის წყალობით. არტ -ნუვოს პოპულარობას ხელი შეუწყო მიწისქვეშა გადასასვლელის - "le Metropolitain" - გახსნამ, რომლის შესასვლელიც ფრანგმა არქიტექტორმა, დიზაინერმა, ჰექტორ გიმარმა მოხატა. მომდევნო გამოფენა, რომელმაც კიდევ უფრო პრესტიჟული გახადა ახალი სტილი, ტურინში მოეწყო 1902 წელს; გამოფენაზე - Esposizione Internazionale d'Arte Decorativa Moderna, თითქმის, ყველა ქვეყნის დიზაინერმა წარმოადგინა არტ-ნუვოს ნიმუშები.
1892-1897 წლებში საფრანგეთსა და ბელგიაში სიმბოლიზმის აყვავების პერიოდი იყო, როდესაც მხატვრებმა - ოდილონ რედონმა და ფერდინანდ კნოპფმა მისტიკურ და მეტაფიზიკურ თემებზე შექმნეს ნამუშევრები; მათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ხელოვანებსა და ილუსტრატორებზე. მათ შორის, ზემოთ ხსენებულ ალფნოს მუჩასა და შუშის ნაკეთობათა დიზაინერზე, ემილ გალეზე.


ახალი ესთეტიკა

ახალი საუკუნის დასაწყისში, არტ-ნუვო გავრცელდა მთელს დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროვინციულ ქალაქებში, რამდენადაც დედაქალაქის ბურჟუაზიული მოსახლეობა სიახლის წინააღმდეგი იყო: ასე რომ, გლასგოში, დარმშტატში, მიუნხენში და ნანტში უფრო მეტი ნამუშევრები იქმნებოდა, ვიდრე ლონდონში, მიუნხენში, ბერლინსა და პარიზში. თუმცა, პრაღაში, ვენაში, ჰელსინკსა და, რა თქმა უნდა, ბრიუსელში არტ-ნუვო მეტად პოპულარული გახდა.
ისეთი მხატვარ-დიზაინერების ნამუშევრებმა და ესთეტიკამ, როგორებიც იყვნენ გუსტავ კლიმტი და ჯოსეფ ჰოფმანი, ავსტრიელი დიზაინერი იოსეფ მარია ოლბრიხი, შოტლანდიელი არქიტექტორი ჩარლზ რენე მაკინტოში, ე.წ. ვიზიონერი კატალონირლი არქიტექტორი ანტინიო გაუდი ი კორნეტი, ესპანური წარმოშობის იტალიელი მოდელიერი მარიანო ფორტუნი ი მადრაზო, გერმანი ილუსტრატორი ოტო ეკმანი, ასევე ჯუზეპე სომარუგა და კარლო ბუგატი სწორედ არტ-ნუვოს სტილში შესრულებული ნამუშევრებით გახდნენ ცნობილნი.
მოგვიანებით, არტ-ნუვომ ჩიკაგო, ბოსტონი, ნიუ -იორკი დაიპყრო, სადაც ლუის კომფორტ ტიფანიმ დეკორატიული ნამუშევრებით ამერიკულ არტ-ნუვოს დეკორატიულ ხელოვნებაში დაუდო საფუძველი, ხოლო ლუის სულივანმა არქიტექტურაში. ეს უკანასკნელი ამერიკის უდიდესი არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ ვრაითის წინამორბედად ითვლება.

არტ-ნუვოს არქიტექტურული ნიმუშები, ერთი შეხედვით, ფორმების სისადავითა და ჰარმონიულობით გამოირჩევა. თუმცა, მათში შეინიშნება ვიქტორიანული ეპოქის სტილის ეკლექტურობა. არტ-ნუვოს დიზაინერებმა ასევე გაათანამედროვეს როკოკოს სტილის აბსტრაქტული ელემენტები, დიდი ყურადღება ეთმობა ალისებური და ნიჟარის ფორმის ფიგურებს, სტილიზებულ ფორმებს.

არტ-ნუვო მასშტაბური მიმდინარეობა იყო. ბევრი ევროპელისთვის მასში ცხოვრების მთელი სტილი მოიაზრება. არტ-ნუვოს დიზაინის მთელ იერარქიას მოიცავს: არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, დეკორატიულ ხელოვნებას - სამკაულებს, ავეჯს, ქსოვილებს, ჭურჭელს, განათებას და ვიზუალური ხელოვნების მთელ სპექტრს.
ორგანზომილებიან ხელოვნებაში, ახალი მიმდინარეობის ნიმუშები არა მხოლოდ ფერწერული ტილოების სახით იქმნებოდა, არამედ, ბეჭდურმა მედიამაც აიტაცა - სარეკლამო აბრები, პოსტერები, წიგნები მრავლად იყო ილუსტრირებული მორკალული ხაზებით, მისტიური ფიგურებით, კონტრასტული ორნამენტებით. ორნამენტის ზოგიერთი ნიმუში კლიშედაც იქცა.
მიმდინარეობამ განაპირობა საიუველირო ხელოვნების აღმასვლა, განსაკუთრებით, მინანქარის, ოპალისა და სხვა ნახევრად ძვირფასი ქვების დამუშავების მხრივ. იაპონური ხელოვნების, კერძოდ კი, ლითონის დამუშავების მეთოდების პოპულარიზაციამ გავლენა იქონია ორნამენტებზეც. მანამდე, მთელი ორი საუკუნის განმავლობაში, საუკეთესო საჩუქრად ბრილიანტის ყელსაბამი ითვლებოდა და იუველირები თავიანთ ნამუშევრებს, ძირითადად, ფინანსური მოგების მიზნით ქმნიდნენ. არტ-ნუვოს სტილთან ერთად გაჩნდა ახალი ტიპის იუველირი, რომელიც ნატიფი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის. საუკეთესო ნიმუშებად ითვლება რენე ლილაკის ნაკეთობები. არტ-ნუვოს იუველირები მასალად იყენებდნენ შუშას, სპილოს ძვალს, მომინაქრებულ ოქროს, კამეას.

არტ-ნუვო აღმოსავლეთ ევროპაში

პრაღასა და მორავიაში, განსაკუთრებით დიდი იყო ალფონს მუჩას გავლენა. მისი ნამუშევრები ასოცირდება ჩეხურ აღორძინებასთან. პრაღაში მრავალი შენობაა გაფორმებული ფოთლებისა და ქალების გამოსახულებებით. პრაღაში, ამ მიმდინარეობის არქიტექტურული ნიმუშებია სასტუმრო Pariz, Hotel Central, St. Wenceslas სამლოცველოს ვიტრაჟები, ცენტრალური სადგური და სხვა.

ლატვიური რომანტიზმის გავლენით, ამ ქვეყანაში 800-ზე მეტი არტ-ნუვოს სტილის შენობაა. რუსეთში ეს მოძრაობა გაერთიანდა ჟურნალის - Мир Исскуство-ს გარშემო. პოლონეთში ეს სტილი Mloda Polska-ს მიმდინარეობის ნაწილი იყო. სტანისლავ ვისპიანსკი პოლონური არტ-ნუვოს მთავარი წარმომადგენელია; მისი ნახატები, თეატრალური დიზაინი, შუშის ვიტრაჟები, შენობის ინტერიერი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში. სლოვაკეთში არტ-ნუვო ვენის სეცესიონის გავლნას განიცდიდა, თუმცა, მოგვიანებით მეტი ინდივიდუალიზმი შეიძინა.

როგორც ხელოვნების მიმდინარეობა, არტ-ნუვო ენათესავება პრე-რაფაელიტებსა და სიმბოლიზმს, თუმცა, სიმბოლიზმისგან განსხვავებით, არტ-ნუვო ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა; ოსტატები იყენებდნენ ახალ მასალებს, ტექნოლოგიებს, აბსტრაქციას; ამავდროულად, ცდილობდნენ, სტილი სერიულობისგან დაეცვათ.


არტ-ნუვო საქართველოში

საქართველოში მრავლად გხვდება არტ-ნუვოს სტილის არქიტექტურა. თუმცა, საბჭოთა პერიოდში, ამ მიუხედავად იმისა, რომ არტ-ნუვოსაერთაშორისომიმდინარეობა იყო, ქართულ არტ-ნუვო არქიტექტურაში ადგილობრივი ფორმებია შერწყმული. ამის შედეგია ევროპულისტილის ფასადებისა და ქართული აივნების ორიგინალური სინთეზი არტ-ნუვო დეკორაციებით. ამ სტილის არქიტექტურა ევროპულინიმუშების მექანიკური განმეორება არ ყოფილა: სკოლები, სახელოსნოები, კინო-თეატრები, თეატრები, მაღაზიები, ბანკები, საავადმყოფოები, დაარა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც: სოხუმი, გაგრა, ახალი ათონი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, დუშეთი, აბასთუმანი, ბორჯომი დასხვ.
თბილისში, არტ-ნუვოს არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუშებია: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა (1907, ს. კრიჩინსკის პროექტი), თი-ბი-სი ბანკის შენობა (ყოფილი უნივერმაღი, 1913).
ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი. ყოფილი სახელმწიფობანკის კანტორა 1910 წელს (ლ. გუდიაშვილის ქ. 7) მიხეილ ოჰანჯანოვის და რ. გოლენიშჩევის პროექტითაშენდა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ შენობათა შორის.
მოდერნის სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეულიპორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტირებული კოლონებისფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურულიდეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფურიგამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნებს ატარებს ინტერიერიც,არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვიტრაჟულიგადახურვა. გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზეშენობა სიმრგვალეს შემოწერს, რომელსაც ქვის აივანი მიუყვება. მოდერნის სტილი ინტერიერშიცგამოკვეთილად ჩანს.

I მსოფლიო ომმა არტ-ნუვოს სტილის დასასრული განაპირობა. სამყარო და, შესაბამისად, მისი ესთეტიკაც შეიცვალა. არტ-ნუვოს დამახასიათებელ ელეგანტურობას, მგრძნობიარობას, სიკაშკაშეს ჩაენაცვლა უფრო რაციონალური მიმდინარეობები მოდერნიზმი, - არტ დეკო და ბაუჰაუზი, თუმცა, მათშიც იგრძნობოდა XX საუკუნის ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული მიმდინარეობის გავლენა. აღსანიშნავია, რომ ეს გავლენა ასევე დიდი იყო 1960-70-იანი წლების ხელოვნებაზე.


ლიტ. წყარო: http://www.artdaily.com

The language of art 

www.nplg.gov.ge
www.tbilisi.gov.ge

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ