ავტობიოგრაფიები
დამატების თარიღი: 2014-05-07 15:49:00
ავტორი: ქეთი გზირიშვილი

ჩემს ავტობიოგრაფიას რამდენიმე ხაზზე დავატევ. ვერასდროს დავწერდი ჩემ შესახებ ასე ვრცლად, წინაპრებიდან მოყოლებული. ალბათ არ აღვწერდი მათ ხასიათებს და ჩემდამი დამოკიდებულებას, ჩემს ყველაზე მკვეთრ მოგონებებს, განწყობებს აყოველდღიურად ვკითხულობ ავტობიოგრაფიებს – მელნით თუ ფანქრით ნაწერს რვეულებში, ჟურნალის ფურცლებზე ან ქაღალდის ნაგლეჯებზე და ვფიქრობ: ადამიანების, მოვლენების მიმართ.

რაკი ახლა ბლოგპოსტში ვყვები მათ ამბავს, შედარებაც შესაფერი მექნება – ეს ადამიანები პრაქტიკულად ბლოგებს წერდნენ, საოცრად საინტერესოდ წასაკითხს და დღეს უკვე შეუფასებელს – ინფორმაციულობის თვალსაზრისით. მათი ჩანაწერებით ისტორიაზე შეიქმნი აზრს, უტყუარს, რადგან ისინი არ თვალთმაქცობენ. უმეტესად, იმდენად გულწრფელები არიან, რომ გაოცდები და იქნებ გაგეღიმოს კიდეც.

დღევანდელი ადამიანის „სივი“ უმშრალესია, როგორც დახეთქილი მიწა. ზედ მსგავსი ვერაფერი იხარებს. ერთადერთი, შეგიძლია წარმოიდგინო – თუ ფანტაზია არ გღალატობს, საქმეც არაფერი გაქვს, ან კონკრეტული ადამიანისადმი ინტერესი გამოძრავებს. გამონათებაა პირადი ბლოგები, რომლებზეც ხანდახან იმასაც ამბობენ – მოსაწყენიაო, მაგრამ საინტერესო ადამიანის მიერ დაწერილი პირადი ბლოგი ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მომავალში უკან მოხედვა და დაკვირვება მოუნდება. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თანამედროვე მოქალაქეების შეხედულებებია და არა ის, რასაც მანქანა „მატიანე“ შემოინახავს. მთავარია, ადამიანებმა გულწრფელობა არ დაკარგონ და მე მგონია, რომ პირად ჩანაწერებში ისინი ძნელად პოზირებენ – ყოველთვის ჟონავს რეალობა.

ძველები გაცილებით გულწრფელები იყვნენ და გულანთებულები – ეს სიტყვა მათ ძალიან შეეფერებათ. ასევე აღსანიშნია, რომ ეს ადამიანები წერენ იმ ენით, რომელზეც მეტყველებენ. არ დაგიდევენ სტილსა და სხვა გამართულობებს. კალამი მათთვის მხოლოდ ხმაა, რომელიც თავისუფლად უნდა ამოუშვა. წერისას თავს კარგი მსმენელის წინაშე გრძნობენ; მასთან, ვისაც აინტერესებ და საათზე არ იყურება. იმდენად ცოცხალია ეს ნაწერები, რომ საკმარისია, ავტორის პორტრეტიც გქონდეს ნანახი და შენც მის გვერდით აღმოჩნდები. ნაწერს ყოველთვის ეტყობა აღელვება – ტონის მომატება, ან პირიქით, სიმშვიდე და გაწონასწორება.

„ელექტრონი ჩაქრა. დაბნელდა“, –  ამბობს ეკატერინე გაბაშვილი. ვეღარ გააგრძელებს წერას. მოდი და ნუ წამოდგები სკამიდან მასთან ერთად.

იოველ გამრეკელი წერს: „ყველაფრის აღწერა, რაც კი გადამხდა საზოგადოთ ცხოვრებაში და კერძოთ სამსახურის დროს, მიმაჩნია მეტად“, – არადა უშველებელი ჟურნალის ფურცლები შეუვსია დეტალური თხრობით. მისთვის ეს მცირეა, ჩვენთვის?..

 

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ