ბიბლიოთეკა, ბრიჯიტ ბარდო და რაიკომის მდივანი
დამატების თარიღი: 2012-06-18 12:42:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

ერთ მშვენიერ დღეს, საბჭოთა კავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა მინისტრთა საბჭოსთან ერთად „მშრომელთა კომუნისტური აღზრდის საქმეში ბიბლიოთეკების როლის ამაღლების მიზნით“, მიიღო ერთობლივი დადგენილება. ამ დადგენილებით შეიარაღებული გავემგზავრე სამეგრელოს ერთ–ერთ რაიონში.

ვინაიდან მეგრული არ ვიცოდი, მაქსიმალურად ვცილობდი მათი აქცენტით მელაპარაკა, თან ხშირად ვხმარობდი ისეთ დამხმარე სიტყვებს, როგორებიცაა:ნამდვილად, ასე ვთქვათ, რასაკვირველია და მაგალითად. ჩემმა ექსპერიმენტმა შედეგი გამოიღო, რაიონის ბიბლიოთეკარებმა თავისიანად ჩამთვალეს და მხარში ამომიდგნენ.

ყოველი სამუშაო დღე სუფრით მთავრდებოდა. მასპინძლებმა ხედავდნენ, რომ მე ღვინოს არ ვსვამდი, მაგრამ არაფერს იმჩნევდნენ. ბოლო სამუშაო დღეს სუფრას შემოუერთდა რაიკომის მდივანი იდეოლოგიის დარგში. მან მორიდებით მკითხა მიზეზი, რატომ არ ვსვამდი ღვინოს. ვინაიდან, სუფრა მხიარული იყო, შევეცადე რაიმე სახალისო მომეგონებინა და დავიწყე:

– ისეთი უცნაური რამ შემეყარა, ვერავინ ვერაფერი დამიდგინა, არადა მოვიარე მოსკოვი, ლენინგრადი, კიევი და ოდესა.

– რა უცნაურობაა ასეთიო? დაინტერესდა რაიკომის მდივანი.

– ერთ ჭიქა ღვინოს რომ დავლევ, ბრიჯიტ ბარდოსნაირ ქალთან მინდება ინტიმური კავშირის დამყარება და ამიტომ ვერიდები სმას მეთქი.

ყველამ გაიგო ჩემი ხუმრობა და გულიანად გაიცინეს. არ იცინოდა მხოლოდ რაიკომის მდივანი. გამიკვირდა, ნუთუ ამ კაცს იუმორის გრძნობა არა აქვს მეთქი. ის იყო კუპატისკენ გავაპარე თვალი, რომ არაადამიანური ხარხარი შემომესმა, რომელიც სიცილში გადაიზარდა. რაიკომის მდივანი იცინოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, შესაძლებელი გახდა რაღაც სიტყვების გარჩევა.

– ეს რა თქვა, ხა, ხა, ხა, კაცო, ესეთი რამე, ხა, ხა, ხა არ გამიგონია, ბრიჯიდ ბარდო კაცო, ხა, ხა, ხა.

ცოტა რომ მოსულიერდა, სიცილით მითხრა:

– თუ ძმა ხარ, ერთი წვეთიც კი არ დალიო. მაგნაირ ქალს ჩვენ რაიონში ვერ მოგიძებნიო…ნამდვილად.

გამომშვიდობებისას, რაიკომის მდივანი გამომიტყდა, რომ ჭკუას კარგავდა ბრიჯიტ ბარდოზე. დამპირდა, რომ ამ ამბავს რაიკომში ყველას მოუყვებოდა. ვინ იცის, რამდენ კაცს დააკარგვინა თავი ამ ლამაზმა ქალმა. მარტო როჟე ვადიმი რად ღირს. როდესაც როჟე ბრიჯიტს დაშორდა, სულ მისნაირ ლამაზ ქალს ეძებდა. იპოვნა კიდეც, ჯერ ჯეინ ფონდა, მერე კეტრინ დენევი. სამწუხაროდ, ბატონი როჟე ჩვენთან აღარ არის. ბრიჯიტ ბარდო კი, განაგრძობს ცხოველთა უფლებების დაცვას.

დარწმუნებული ვარ, ქალბატონ ბრიჯიტს ეს ამბავი რომ გაეგო, კარგად იხალისებდა, რასაკვირველია ფრანგულად, მეგრული აქცენტით ასე ვთქვათ.

ვინ იცის, რამდენი ლამაზი: ქეთა, თათა, თეა, ნინი, შორენა და მაყვალა დადის ამქვეყნად, მაგრამ…

ისე, მე ლეილა აბაშიძე უფრო მომწონს. ბევრმა არ იცის, რა შთაბეჭდილება მოახდინა მისმა სილამაზემ გრეგორი პეკზე. ისინი ტოკიოში შეხვდნენ ერთმანეთს, მაგალითად.

ნათქვამია, ზოგიერთი ჭირი მარგებელიაო. ზემოთ ნახსენები დადგენილება რომ არა, ვერ გავიცნობდი ასეთ კარგ და მხიარულ ადამიანებს და ვერც ბრიჯიტ ბარდოს გავიხსენებდით, რასაკვირველია.

რაიკომის მდივნის ხარხარი არასოდეს დამავიწყდება.

– ბრიჯიდ ბარდოო, კაცო, ხა, ხა, ხა.

 დედა, რა იყო ეს?!

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ