ბიზანტიური მინანქარი
დამატების თარიღი: 2016-12-15 10:46:00
ავტორი: ნინო ხვედელიძე

 (1837-1903) შეიქმნა პოლიგრაფიული ხელოვნების განსაკუთრებული შედევრი - „ბიზანტიური მინანქარი". წიგნის სრული სათაურია: „История и памятники Византийской эмали. Сочинение Кондакова, профессора С.-Петербургского Университета и старшего хранителя Императорского Эрмитажа". მისიგამოცემისთვის სტრასბურგის უნივერსიტეტმა მეცენატ-კოლექციონერს დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. მონოგრაფიაში განხილულია ბიზანტიური ხელოვნების ისტორიის საკითხები და მეცნიერულადაა აღწერილი ზვენიგოროდსკის კოლექციის მინანქრის უნიკალური ექსპონატები. ამ ორიგინალური და მნიშვნელოვანი გამოკვლევისათვის რუსულმა არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ოქროს მედლით დააჯილდოვა ტექსტის ავტორი, სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი და ბიზანტიოლოგი ნიკოდიმ კონდაკოვი (1844-1925). აღნიშნული მონოგრაფია დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გამოცემაა რუსული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. ამ გრანდიოზული საგამომცემლო პროექტისათვის დაიხარჯა 1300 ათასი ვერცხლის მანეთი, რაც იმ დროისათვის კოლოსალურ თანხად ითვლებოდა. წიგნის სატიტულო ფურცელზე გამოცემის თარიღად 1892 წელია მითითებული, თუმცა სამუშაოები 1894 წელს დასრულდა. გამოცემას ამშვენებს შაგრენის ტყავგადაკრული მოჭედილი ყდა, რომელიც ბიზანტიურ სტილზე შესრულებული მინანქრებითაა შემკული. წიგნს სამმხრივი ოქროვარაყი გასდევს, რომელზედაც ამობეჭდილია ბიზანტიური ორნამენტები; პირველი ფურცელი არქიტექტორ ი. პ. როპეტის გაფორმებულია; საგრავიურო ნამუშევრები იქმნებოდა ვ. მატეს ხელმძღვანელობით; მინანქრის ნახატები საუკეთესო პეტერბურგელი გრაფიკოსების შესრულებულია; ფორზაცებისათვის აბრეშუმის ქსოვილი დაამზადეს მოსკოვში, საპოჟნიკოვის ფაბრიკაში; ქაღალდი სტრასბურგიდან ჩაიტანეს; ყდა ლაიფციგში დაამზადეს, „გუბელ - დენკის" ფირმაში; ილუსტრაციები მაინის ფრანკფურდში, ავგუსტ ოსტერირის ლითოგრაფიულ სახელოსნიში დაბეჭდეს; კლიშეები კი გაანადგურეს. ყველა სამუშაო სუფთა ოქროთი შესრულდა. გამოცემა 600 ეგზემპლარად დაიბეჭდა: 200 - რუსულ, 200 - გერმანულ და 200 - ფრანგულ ენაზე. არც ერთი ეგზემპლარი არ გაყიდულა, მთელი ტირაჟი დანომრილი და სახელობითი გახლდათ. ბაზარში შემთხვევით მოხვედრილი კი 1000 ოქროს მანეთად იყიდებოდა. განსაკუთრებულ სასაჩუქრე ეგზემპლარებს, რომლებიც იდეის ავტორს მეგობრებისათვის ჰქონდა გათვალისწინებული, ახლდა მისივე პორტრეტი. წიგნს რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: „რუსული სასწაული", „ჭეშმარიტად მხატვრული მოვლენა", „წიგნი თავადურ სამოსში" და სხვა. ექსპერტების დასკვნით, მეცხრამეტე საუკუნის რუსული პოლიგრაფიული ხელოვნების განსაკუთრებულ ძეგლად აღიარებული გამოცემა განხორციელდა კონკრეტული ფაქტის საპასუხოდ - ერთი ფრანგული გამოცემის დაჩრდილვის მიზნით: პარიზში ნაპოლეონ მესამემ გასცა განკარგულება, შექმნილიყო ყველა დროის პოლიგრაფიული ხელოვნების უზადო შედევრი, რომელიც სახელს მოუხვეჭავდა საფრანგეთს. ეს წიგნი - "Imitation de Jesus-Christ" 1855 წელს დაბეჭდეს და გაგზავნეს ყველა ქვეყანაში, გამონაკლისი მხოლოდ მათ მიმართ მტრულად განწყობილი რუსეთი გახლდათ

. P.S. ზვენიგოროდსკის უმშვენიერეს გამოცემას, არაჩვეულებრივად გაფორმებული წიგნი (История Книги Византийской эмали А.В. Звенигородского. СПБ; 1898) მიუძღვნა ცნობილმა რუსმა პუბლიცისტმა და ხელოვნებათმცოდნე ვლადიმერ სტასოვმა. მის განსაკუთრებულ ღვაწლს, მონოგრაფიის გამოცემაში, დიდი პატივისცემით აღნიშნავს „ბიზანტიური მინანქარი" წინასიტყვაობაში მეცენატი-კოლექციონერი.


სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ