ელექტრონული კატალოგების წარსული
დამატების თარიღი: 2012-11-05 15:35:00
ავტორი: ია გორგიშელი

რას აკეთებს ბიბლიოთეკაში წიგნის წასაკითხად შემოსული მკითხველი პირველად? აკითხავს სამკითხველო დარბაზის საკატალოგოს, სადაც ბარათული კატალოგების ყუთების გარემოცვაში კომპიუტერებთან მიმსხდარი  კატალოგისტები ელიან. ბარათულ კატალოგში სასურველი ლიტერატურის მოძიება დიდ დროს და ზოგჯერ გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, ელექტრონულ კატალოგში ძიება გაცილებით უფრო სწრაფი პროცესია და ამისთვის  კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ–ჩვევებია საჭირო.  ელექტრონული კატალოგი ერთიანად ცვლის რამდენიმე ტიპის ბარათულ კატალოგს, მათ შორის ანბანურს, სისტემატურს და საგნობრივს.

საკატალოგო ცვლილებები ორი ათეული წლის წინ, მაშინდელ კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში,  ავტომატიზაციის განყოფილებაში დაიწყო.  ეს ის დროა, როცა ბიბლიოთეკაში საფუძველი ეყრებოდა ბარათული კატალოგების ელექტრონული კატალოგებით ჩანაცვლების პროცესს, რომლის სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი განყოფილების უფროსი ბატონი თემურ ჩხენკელი იყო.  მიხარია, რომ მეც მომიწია იმ ჯგუფთან ერთად მუშაობა, რომელიც მონაცემთა ბაზების ტესტირებას აწარმოებდა და პირველ ელექტრონულ ჩანაწერებს ქმნიდა.  1989 წელს ბიბლიოთეკამ ხელშეკრულება დადო UNESCO-სთან ელექტრონული კატალოგების პროგრამის – მიკროCDS/ISIS-ის საქართველოში უფასოდ გავრცელებაზე. პირველი კომპიუტერი საჯარო ბიბლიოთეკაში სწორედ 1989 წელს დაიდგა. 90–იან წლებში ავტომატიზაციის განყოფილებაში ითარგმნა ბიბლიოგრაფიული აღწერილობის საერთაშორისო სტანდარტი ISBD(M) და დაინერგა ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტი UNIMARC. 1990 წლიდან  განყოფილებამ CDS/ISIS-ის ბაზაში მონაცემების შეტანა 1987–1989 წლების წიგნის მატიანედან დაიწყო.  ზემოხსენებულ ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერებს დაერთო საინვენტარო ნომრები და შენახვის შიფრები. მოგვიანებით კი, შეივსო ბიბლიოთეკის ხელუხლებელ ფონდში შემოსული ქართული წიგნების და ავტორეფერატების ბიბლიოგრაფიული მონაცემთა ბაზები, რითაც საფუძველი ჩაეყარა ელექტრონულ კატალოგების ორგანიზებას საქართველოში.

1999 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პირველად სცადა  წარედგინა  საკუთარი რესურსები გლობალურ ქსელში და ფონდები, კატალოგები ხელმისაწვდომი გაეხადა ფართო აუდიტორიისათვის. ავტომატიზაციის განყოფილებაში შემუშავებულმა პროექტმა (დ. მჭედლიშვილი, ა. თაყნიაშვილი, ი. გორგიშელი) ფონდისაგან „ღია საზოგადოება – საქართველო“ მიიღო გრანტი ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული წიგნებისა და ავტორეფერატების ელექტრონული კატალოგების ინტერნეტში განთავსებისთვის. შეიქმნა ვებგვერდი, რომელიც იყო წინამორბედი დღევანდელი ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგისა WebISIS.

რამდენიმე წელიწადში ავტომატიზაციის პროცესმა  მოიცვა ბიბლიოთეკის  სხვადასხვა განყოფილება და  დეპარტამენტები.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ