უკვე 20 წელია ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვმუშაობ, ამიტომ მისი ყოველი კუთხე-კუნჭული ჩემთვის ძალიან მშობლიურია. მე მაქვს ბედნიერება იმისა, რომ თითქმის ერთი საუკუნის წინათ აგებულ შენობაში მომიწია ფეხის შედგმა, სიძველის შეგრძნება და საცავებში ჯარისკაცებივით დაწყობილი წიგნების ხილვა. საცავის დიასახლისები ჩვეული ღიმილით მიშვებენ ,,დაცულ ტერიტორიაზე", სადაც თავი მოუყრია მრავალი გამოჩენილი მეცნიერის საზოგადო მოღვაწის, მწერლის, დაწესებულებისა და ორგანიზაციის კოლექციებს. მე მინდა ცოტა რამ მოგითხროთ ბიბლიოთეკის შესახებ. ,,ცოტა რამ" - ეს ისე ზოგადად, თორემ ძალიან ბევრია სათქმელი.
როგორც მასალებიდან ირკვევა, ბიბლიოთეკა დიდ ყურადღებას უთმობდა ძვირფასი წიგნების კოლექციების შეძენას. 1920 წელს ბიბლიოთეკას ქართველი პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის უნიკალური ფონდი შეუძენია, რომელშიც ფართოდ იყო წარმოდგენილი XIX საუკუნის 60-80 იანი წლების რუსული ჟურნალისტიკა. აგრეთვე, ბიბლიოთეკა საკმაო რაოდენობით იძენდა კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის შესახებ ლიტერატურას, დიდი გემოვნებით არჩევდა ხელოვნების დარგის ლიტერატურას და ამდიდრებდა თავის ფონდებს ძვირფასი გამოცემებით. აღსანიშნავია ამ პერიოდში შეძენილი ბაკსტის ,,დეკორატიული ხელოვნება" (პარიზის გამოცემა ), დრეზდენის, ტრეტიაკოვის გალერეებისა და ერმიტაჟის სურათების ასლები.
ბიბლიოთეკის ძვირფასი შენაძენი იყო ლ. და მ. თამამშევების წიგნების კოლექცია, რომელიც თეატრალური ხელოვნებისა და ისტორიის დარგის ლიტერატურისაგან შედგებოდა. აგრეთვე ყურადღებას იპყრობს პროფესორების გ. ნ. გეხტმანისა და მ .ნ. სმირნოვის კოლექციები, რომლებიც ფრანგული და ინგლისური კლასიკური მხატვრული ლიტერატურის, ისტორიული და საბუნებისმეტყველო შინაარსისაა.
ამავე პერიოდში ბიბლიოთეკამ საჩუქრად მიიღო ს. ზუბალაშვილის წიგნების კოლექცია. ფონდებს ამშვენებდა ძვირფასი შენაძენი დიდროსა და დალამბერის მიერ 1778-1779 წლებში შედგენილი დიდი ფრანგული ენციკლოპედიის 36 ტომი.
ბიბლიოთეკაში დაცული კოლექციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფონდი. აღნიშნული საზოგადოების ბიბლიოთეკა 1880 წელს დაარსდა, სადაც შევიდა დავით ჩუბინაშვილის მდიდარი ბიბლიოთეკა, სამეგრელოს თავად დავით დადიანის წიგნსაცავის ფონდის ნაწილი, დიმიტრი ბაქრაძის, პლატონ იოსელიანის და სხვა ცნობილ პიროვნებათა ბიბლიოთეკები. ამ ფონდში წარმოდგენილია წიგნები ალექსანდრე ხახანაშვილის, იაკობ გოგებაშვილის, რაფიელ ერისთავის, გრიგოლ გურიელისა და სხვათა ავტოგრაფებით.
ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ მისი პირადი ბიბლიოთეკა ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას" გადაეცა , ხოლო ამ საზოგადოების ლიკვიდაციის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ჩაუბარებია მთლიანად. 1937 წელს მთავრობის დადგენილების საფუძველზე ეს ფონდი გადაეცა საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკას (დღევანდელი პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) . ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფონდი დაედო საფუძვლად 1937 წელს ჩამოყალიბებულ ქართული ნაბეჭდი ერთეულის საარქივო ფონდს.
ბიბლიოთეკის ფონდებში აგრეთვე ყურადღებას იპყრობს ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის კოლექცია, ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის საუწყებო გამოცემები, ქართველი მოღვაწეების გიორგი წერეთლის, სერგი მესხის და სხვათა წერილები.
1963 წელს ბიბლიოთეკის ფონდს შეემატა იაპონიიდან და რუმინეთიდან გამოგზავნილი შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი" იაპონურ და რუმინულ ენებზე, ხოლო 1966 წელს ფრანგულ, ესპანურ და მონღოლურ ენებზე. ეროვნულ ბიბლიოთეკაში აგრეთვე არსებობს იშვიათ გამოცემათა ფონდი, სადაც მრავალი უნიკალური წიგნია განთავსებული.
ბიბლიოთეკის ფონდი სისტემატიურად ივსება ახალი წიგნებით, იმისათვის რომ მკითხველმა ახალ ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაუროს.