გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე.
დამატების თარიღი: 2013-09-03 14:57:00
ავტორი: ანი ჯაჯანიძე

 1779 წელს პეტერბუგში რუსულ ენაზე გამოქვეყნდა “გეორგიანული ისტორია ჭაბუკ თავად ამილახვარზე”. რუსეთში ყოფნისას დაწერილ პოლიტიკურ პამფლეტში ალექსანდრე ამილახვარი მოგვითხრობს საკუთარ თავგადასავალს, ახასიათებს XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლის პოლიტიკურ მდგომარეობასა და სახელმწიფო წყობილებას, უარყოფითად ახასიათებს ერეკლე II-ის მთელ მოღვაწეობას. თხზულება განსაკუთრებით საინტერესოა ქართველი თავადის პოლიტიკური შეხედულებების დასახასიათებლად. ავტორის მსჯელობა სავსეა შეუზღუდველი თვითმპყრობელი მმართველობისადმი სიძულვილით.

XVIII საუკუნის მწერალი და პოლიტიკური მოღვაწე ალექსანდრე ამილახვარი, ერეკლე II-ის წინააღმდეგ 1765 წელს მოწყობილი შეთქმულების აქტიური წევრი იყო. იგი პაატა ბატონიშვილის მხარეს იბრძოდა, რისთვისაც სასტიკად იქნა დასჯილი – მას ცხვირი მოაჭრეს და გადაუჭრეს ფეხის ძარღვი. 1771 წელს მან პატიმრობას თავი დააღწია და რუსეთში გადაიხვეწა. აქ ერეკლეს მუდმივი მოწინააღმდეგე დაუკავშირდა ტახტის პრედენდენტს ალექსანდრე ბაქარის ძეს. 1783 წელს ალექსანდრე ამილახვარი ერეკლეს თხოვნით დააპატიმრეს რუსეთში და ჩასვეს ვიბორგის ციხეში. აიკრძალა 1779 წლის გამოცემაც. 1801 წელს იგი გაათავისუფლეს. საქართველოსკენ მომავალი ამილახვარი გზად, ასტრახანთან გარდაიცვალა.

„გეორგიანული ისტორია“ ეძღვნება გრიგოლ ალექსანდრეს ძე პოტიომკინს, რუს სახელმწიფო მოღვაწეს, ეკატერინე II-ის ფავორიტს. ტექსტი ქართულიდან რუსულად თარგმნა და რედაქტირება გაუკეთა რუსეთში მოღვაწე ქართველმა მწერალმა, მთარგმნელმა, დიპლომატმა სიმონ იაგორის ძე ეგნატაშვილმა (იგნატიევმა).

იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული ამ გამოცემის  ორივე ეგზემპლარი დიდ იშვაითობას წარმოადგენს. ერთი მათგანი ეკუთვნოდა ცნობილ რუს წიგნმოვაჭრე, გამომცემელსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ფილიპის ძე სმირდინს, რაზეც ფორზაცზე დაკრული შრიფტული ექსლიბრისი მიუთითებს. მეორე ეგზემპლარი კი ივანე მიხეილის ძე სარქისოვ–სერაზინის კუთვნილი წიგნია, ნაჩუქრობის წარწერით.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ