ილუსტრაცია
დამატების თარიღი: 2012-10-23 12:55:00
ავტორი: მაია სიმონიშვილი

ილუსტრაცია უწოდებენ:

1.        ახსნა-განამრტებას თვალსაჩინო მაგალითებით;

2.        გამოსახულებას, რომელიც ახლავს და ავსებს ლიტერატურულ ტექსტს (ნახატი, გრავიურა, ფოტოსურათი, რეპროდუქცია, რუკა, სქემა და ა.ს.);

3.        ხელოვნების დარგს, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურულ და სამეცნიერო ნაწარმოების გამოსახვით განმარტებასთან.

ილუსტრაციები წარმოგვიდგენს: ტექსტის პერსონაჟების გამოსახულებას, აკადემიურ ტექსტში აღწერილი საგნის ნიმუშს, ტექნიკურ სახელმძღვანელოში მოცემულ ინსტრუქციებს; იგი თხრობას ხასიათს ანიჭებს; ბრენდს  იდეასთან აკავშირებს; წარმოგვიდგენს ადამიანის თვალით უხილავ საგნებს,  თხრობის ლინგვისტურ ასპექტებს აღემატება და   ემოციებს აღძრავს მნახველში, შთააგონებს მას.

თავდაპირველად ხელნაწერების ილუსტრირება  ხდებოდა მინიატურებით, წიგნის ბეჭდვისა და ქსილოგრაფიის გამოგონების შემდეგ, ილუსტრაცია გრაფიკის ძირითადი შემადგენელი ნაწილი გახდა. ქსილოგრაფიული ილუსტრაცია გაჩნდა ჩინეთში VI-VII სს.-ში, განსაკუთრებით განვითარდა XII საუკუნეში. ამ დროს ჩინური ილუსტრაციები გამოირჩეოდა ლაპიდარული გამომსახველობითი ხერხებით. XVI ს. დასასრ. ჩინეთში გაჩნდა ფერადი გრავიურა ხეზე. იაპონიაში წიგნის გრაფიკა აღმოცენდა XVII ს-ში, აყვავდა XVIII ს. დასასრულსა და XIX ს. დასაწყისში.

ილუსტრაციების ყველაზე ადრეული ფორმა იყო გამოქვაბულის ნახატები, როდესაც ადამიანები ხატავდნენ, თუ რა ნახეს მათი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამ ნახატების მიზანი  იყო აგრეთვე, ტომის წარმომადგენლების ინფორმირება, თუ რამდენად შესაძლებელი იყო საკვების მოპოვება აღნიშნულ ტერიტორიაზე. მოგვიანებით, ილუსტრაციამ უფრო დახვეწილი ფორმა და მნიშვნელობა შეიძინა.

ბეჭდვითი პრესის  გამოგონებამდე, წიგნები ხელით იყო ილუსტრირებული. ჩინეთსა და იაპონიაში ტექსტის ილუსტრაციებს მე-8 საუკუნიდან ქმნიდნენ.ევროპაში ქსილოგრაფიული ი. XV საუკუნეში ჩაისახა; თავდაპირველად იგი მჭიდროდ იყო დაკავშირებული მინიატურასთან. XVI ს-–იდან მხატვრები ცდილობდნენ გადმოეცათ სივრცე, მიეღწიათ ფერწერული ეფექტებისთვის. ილუსტრაციებისთვის გამოიყენებოდა გრავიურა და ოფორტი. შუა საუკუნეების და აღორძინების ეპოქის საუკეთესო ოსტატები იყვნენ: ა.დიურერი, ჰ, ჰოლბაინ უმცროსი, ლ. კრანახ უფროსი, უ. გრაფი.

XVI – XVII ს.ს.-ებში ჩნდება რუსული, უკრაინული, ბელორუსული, ქსილოგრაფიული  ილუსტრაციები.

XVIII საუკუნიდან, ლითოგრაფიამ ხელოვანებს ილუსტრაციების ტექნოლოგიის გაუმჯობესების საშუალება მისცა. ოფორტი ხეზე გრავიურამ,  ფერადმა გრავიურამ შეცვალა. ამ ტიპის  ილუსტრაციებს ტექსტში პირდაპირ ამაგრებდნენ. XVIII ს.-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ილუსტრატორი იყო უილიამ ბლეიკი, ინგლისელი პოეტი და მხატვარი, რომლის შემოქმედება მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღიარეს.  XIX საუკუნიდან, პოპულარული ჟურნალების გავრცელებამ, რომლებშიც მოთხრობები იბეჭდებოდა, ილუსტრაციების ბუმი გამოიწვია. ამ პერიოდის ცნობილი ილუსტრატორები იყვნენ: ჯონ ლიჩი,  ონორე დუმიე, დიკენსის ილუსტრატორი ჰებლოთ ნაით ბრაუნი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ცნობილი გახდა, როგორც  დიკენსის ნაწარმოებების ილუსტრატორი. სწორედ მათ სახელს უკავშირდება კარიკატურის ჟანრის განვითარებაც. ბრიტანულმა იუმორისტულმა ჟურნალმა Punch (1827-1840) დაიქირავა საუკეთესო ილუსტრატორები, მათ შორის სერ ჯონ ტენიელი, ჯორჯ და ედვარდ დალციელები,   ჟორჟ უ მაურიერი. ამ ხელოვანებმა დაამკვიდრეს სოციალურ თემაზე შექმნილი იუმორისტული ილუსტრაცების სტილი. დაახლოებით,  ამავე პერიოდში პარიზში  გამოიცა ჟურნალი Le Voleur, რომელიც ასევე მდიდარი იყო ილუსტრაციებით. სწორედ ამ ორი ჟურნალის გამომცემლებმა შენიშნეს, რომ კარგი ილუსტრაციები ისევე განაპირობებდა ჟურნალების პოპულარობას, როგორც კარგი ტექსტები.

ოქროს ხანიდან ფოტოგრაფიამდე.

ილუსტრაციების ოქროს ხანად  ითვლება 1880-იანი წლებიდან I მსოფლიო ომამდე პერიოდი, როდესაც ამერიკულმა გაზეთებმა, მასობრივმა ჟურნალებმა და ილუსტრირებულმა წიგნებმა ხელი შეუწყვეს მედია - ბაზრის ჩამოყალიბებას. ბეჭდვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებამილუსტრატორებს მეტი თავისუფლება მისცა ფერისა და ახალი გამომსახველობითი ტექნიკის ექსპერიმენტებისთვის. ზოგმა ილუსტრატორმა ახალი სტილის გამოყენებით, სერიოზული ფინანსური წარმატებაც მოიპოვა . მათი ილუსტრაციები ამერიკული ოცნების წყარო იყო. XIX საუკუნის   ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი  ილუსტრატორი, გუსტავ დორე თავის ილუსტრაციებში 1880-იანი წლების ლონდონის ღარიბ უბნებს ასახავდა და ამით ხელი შეუწყო ხელოვნებაში სოციალური ხასიათის კომენტარების განვითარებას (დღეს ეს შეიძლება კონცეპტუალურ ხელოვნებას შევადაროთ). დორეს ნამუშევრები ძირითადად მონოქრომული გრავიურები იყო.

მოგვიანებით, პრე-რაფაელიტების  (1878) გავლენით, ფერის შესაძლებლობები   და ხელით ბეჭდვის ტექნიკა გამოიყენეს ედმუნდ დულაკმა, არტურ რაკჰემმა, ვალტერ კრეინმა, კაი ნილსენმა და სხვებმა. მათი თემა იყო შუა საუკუნეების ეთოსი და მითიური, ზღაპრული პერსონაჟები.

ოქროს ხანის ილუსტრატორების ჰარმონიულ სტილს დაუპირიპირდა ობრი ბირდსლეი, რომლის ნამუშევრები ძირითადად,  შავ-თეთრ სილუეტებს წარმოადგენდა; იგი ცნობილი გახდა ოსკარ უაილდის სალომეასილუსტრაციებით. ამავე პერიოდში, ამერიკელი ხელოვანები  ამკვიდრებენ ახალ ტრადიციას, რომელიც დღესაც პოპულარობით სარგებლობს და განსაკუთრებული პორტრეტული, ბუნებრივი სტილით ხასიათდება (ჰოვარდ პიეილი).

ლათინურ ამერიკაში, განსაკუთრებით პოპულარული იყო სანტიაგო მარტინეს დელგადოს ილუსტრაციები, რომელიც ჟურნალ  Esquire Magazine-სთვის შეიქმნა. მარტინესი  არქიტექტორ ფრანკ ლოიდ ვრაითის მოწაფე იყო და არტ დეკოს  სტილში მუშაობდა.

1930-იან წლებში, პროპაგანდის ხელოვნებისა და ექსპრესიონიზმის გავლენით, ბრიტანელმა თვითნასწავლმა ილუსტრატორმა, არტურ ვრაგმა შექმნა ახალი სტილი. ის სოციალისტური და პაციფისტური იდეების მომხრე იყო და პოლიტიკურ პოსტერებს კალმითა და მელნით ხატავდა, თუმცა, მალე ხელით შესრულებული ილუსტრაციები ნაბეჭდმა ფოტოებმა შეცვალა.

1950-60-იანი წლებში განსაკუთრებით განვითარდა სარეკლამო სფერო, რამაც შეუწყო ხელი ილუსტრაციის მნიშვნელობის გაზრდას. პოპ-კულტურამ კიდევ უფრო განაპირობა ილუსტრაციების პოპულარიზაცია.  ამ მხრივ, შეუფასებელია ენდი ვორჰოლისა და როი ლიხტენშტაინის ნამუშევრების გავლენა. მათი ნამუშევრები და სტილი  დღესაც გამოირჩევა მრავალთა შორის. ამ პერიოდის ერთ-ერთი განსხვავებული და საუკეთესო ილუსტრატორი იყო ნორმან როკუელი.

XX ს.-ში დიდი ადგილი დაიჭირა ლიტერატურული ნაწარმოების თავისუფალმა ინტერპრეტაციამ  (მ. დენი,  ა. მაიოლი, რ.დიუფი, ა. მატისი, პ.პიკასო საფრანგეთში; ფ. მაზერელი ბელგიაში; ჰ. ერნი შვეიცარიაში; რ. გუტუზო იტალიაში; ა. კუბინა ავსტრიაში).

1920-იან წლები რუსეთში ქსილოგრაფიის აყვავები პერიოდი იყო (ვ. ფავორსკი, ა.კრავჩენკო), ამ პერიოდში ჩნდება ფოტომონტაჟიც. ვითარდება საბავშვო წიგნის ილუსტრაციები. მომდევნო პერიოდში იქმნება უფრო რეალისტური ნამუშევრები (დ. შმარინოვი, ს. გერასიმოვი, კუკრინიქსები, ე.კიბრიკი და სხვ.). ილუსტრაცია უფრო უახლოვდება დაზგურ გრაფიკას.  1950-60-იან წლებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით განვითარდა ილუსტრაცია (ი. ვასნეცოვი, ო.ვერეისკი, ვ.გორიაევი,ა.ვიურცი, ვ.ლიპინსკი და სხვები).

დღემდე, ვიზუალური ხელოვნების სამყაროში, ილუსტრატორებს ფერმწერებსა და დიზაინერებთან შედარებით, ნაკლები ყურადღება ეთმობოდათ. 1990-იანი წლებიდან, ტრადიციული სტილის ილუსტრატორები გამოცდის წინაშე დააყენა კომპიუტერული  გრაფიკის  განვითარებამ. თუმცა, ტრადიციული მეთოდები და ფერწერა მცირეოდენი სახეცვლილებით კვალვაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. საინტერესოა ტრადიციული მეთოდებისა და უახლესი ტექნოლოგიების შერწყმით მიღებული ნამუშევრები. დღეს, ელექტრონული მედიის განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებით იზრდება ილუსტრაციების მნიშვნელობა.  

ქართული ილუსტრაცია

 

საქართველოში ილუსტრაცია ხელნაწერის გაფორმებასთან იყო დაკავშირებული,. ადრინდელი ილუსტრაციებიგამოირჩეოდა ფაქიზი კოლორიტით, ხაზგასმული დეკორატიულობით, შესრულების მაღალი დონით. აქაუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბექა ოპიზარის მიერ შესრულებული წყაროსთვის სახარების ყდისმოჭედილობა. წყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარეს, ვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრების" კომპოზიციაა გამოსახული, მეორეზე "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეებისმცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემული, ტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან და ფეხებთანმოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმული, ჩარჩოშემოვლებული რელიეფური ასომთავრულიწარწერებია, რომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით და მოჭედით:") ტბეთისეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის კი ასეთი წარწერაა: "ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ_ერთი მინაწერის თანახმად, ეს სახარებაგადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს.

ქართული წიგნის გრაფიკი ფუძემდებელმა, გ. ტატიშვილმა დამოუკიდებლად შეისწავლა ქსილოგრაფიის ტექნიკა. აღსანიშნავია მის მიერ ილუსტრირებული იაკობ გოგებაშვილის დედა ენა  და ბუნების კარი. ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარება დაკავშირებულია ჟურნალების: კვალის, ნობათის, ჯეჯილის, ნაკადულისგამოცემასთან, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მხატვრები: მ. თოიძე, ა. მრევლიშვილი, ა. ბერიძე, შ. ქიქოძე და სხვები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰ. ჰრინევსკის ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ილუსტრაციები. მ.ზიჩის, ლ. გუდიაშვილის, ს. ქობულაძის, თ. აბაკელიას, ირ. თოიძის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. 1920-იან წლებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული წიგნის ილუსტრაცია. დაინერგა ლითოგრაფია და ქსილოგრაფია (დ. ქუთათელაძე, ვ. ქუთათელაძე, ვ. კეშელავა). ილუსტრაციის დარგში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ: ი. გაბაშვილი, ლ. გუდიაშვილი, შ. ცხადაძე, ზ. ნიჟარაძე, ა. ბანძელაძე, ლ. ცუცქირიძე, თ. მირზაშვილი, თ. ყუბანეიშვილი, ვ. ონიანი, გ. ოჩიაური,  ბ. ბერძენიშვილი, ზ. კაპანაძე და სხვები.

 XXI საუკუნის ქართულ ნამუშევრებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შესრულებული სახარების ილუსტრაციები, რომელიც მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II –ის კურთხევით შესრულდა და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ინახება.

 

ქართული პოლიგრაფიის, წიგნის ბეჭდვისა და ელექტრონული მედიის განვითარებასთან ერთად, ილუსტრაცია დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს ხელოვნებაში.

 

 

ლიტ. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V.- თბილისი.- 1980.- გვ.: 109-110.

                          http://www.artdaily.com

                          

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ