ჯადოსნური სამყარო ბიბლიოთეკაში
დამატების თარიღი: 2012-10-18 18:16:00
ავტორი: ლიკა ბაქრაძე

ამბობენ, სიცოცხლის ბოლომდე მიგყვება ბავშვობისდროინდელი მოგონებების  სუნი, ფერი, მელოდია, შეგრძნებები. მეც ასე ვარ – არ მახსოვს შენობა, ინტერიერი, არაფერი გარშემო, გარდა წიგნების იმ განუმეორებელი სუნისა, რასაც ვერაფერს შეადარებ და ამბები – ჯადოსნური, ამაღელვებელი ამბები, – რაც იმ საბავშვო  წიგნებში იყო.

მახსოვს, მაღალ ჭერამდე აზიდულ კარადას იატაკთან თარო აკლდა, რაც შესანიშნავად გამოვიყენე. შევძვრებოდი ხოლმე, მივიყუჟებოდი თაროებქვეშ და ვკითხულობდი. ჩემი ბავშვობის საყვარელი თამაში. :) შემძვრალი ხარ საიმედო ადგილას, უსაფრთხოდ, ვერავინ გხედავს, არავინ შეგიშლის ხელს დატკბე ჯადოსნური წიგნის სამყაროთი და იმ უცნაური, განუმეორებელი სურნელით, რომელიც მარტო წიგნს აქვს. ესაა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოგონება, რომელიც, ვიცი, არასდროს წაიშლება და ყოველთვის გაიღვიძებს როგორც კი წიგნის სასიამოვნო სუნს შევიგრძნობ. არადა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიხვდებით ალბათ თუ რა სიხშირით ვგრძნობ ამას :)

ძალიან მინდა,  წიგნის ჯადოსნური სამყარო ყველა ბავშვისთვის ისეთივე ძვირფასი გახდეს, როგორც ჩემთვისაა. ადამიანი ხომ ბავშვობაში ყალიბდება, რაშიც უმთავრეს როლს საბავშვო ლიტერატურა თამაშობს – წიგნიდან წაკითხული, ფურცელ-ფურცელ ამოკრეფილი ჯადოსნური ამბები.

მომიტევეთ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომლესაც არავის ვახვევ თავს. მაგრამ ბავშვობიდან  მგონია, რომ წიგნი სულიერია და მასთან კონტაქტისას ის სულიერება გადმოდის შენში. გადმოდის და სიცოცხლის ბოლომდე შენთან რჩება, გასაზრდოებს, სულს გიკვებავს.

რა თქმა უნდა, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი და კარგი საბავშვო წიგნია. მაგრამ რომ შემოვა ბავშვი  იპოვის კი იმ სამყაროს, რაც მე მქონდა? კარგი იქნებოდა, ამ გაბნეული ლიტერატურისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მიგვეწოდებინა ბავშვებისათვის არა როგორც მხოლოდ წიგნი, არამედ შეგვექმნა გარემო –  ჯადოსნური, დაუვიწყარი სამყარო; გვეჩუქებინა პატარებისთვის ის მოგონება, რაც დიდობაშიც გაყვებათ და ყოველთვის გაახსენდებათ ბავშვობის მოგონებასთან ერთად ეროვნული ბიბლიოთეკაში გატარებული სასიამოვნო წუთები, საათები და დღეები. არა მგონია, არსებობდეს უფრო სასიამოვნო საქმე, ვიდრე ბავშვისთვის ქმნიდე ისეთ გარემოს, სადაც შეუყვარდება წიგნი, სადაც მას სწორ ლიტერატურას შეურჩევ. ეს ფაქიზი საქმეა და სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. ეს იგივეა, ადამიანის სული გამოძერწო.

სკოლამდელი ასაკისთვის შედარებით ადვილია ლიტერატურის შერჩევა. ძირთადად გემოვნებით ილისტრირებული და სახალისო ამბებით, მელაკუდებით, ბაჭიებით და ციყვებით გაჯერებული წიგნიც სავსებით საკმარისია. დაწყებითი კლასის ბავშვებიც შეიძლება უკვე განსაზღვრული, ამ ასაკისთვის რეკომენდირებული ლიტერატურით მოამარაგო. აი, მერე კი საქმე რთულდება –დგება ყველაზე კრიტიკული ასაკი კითხვისთვის. აქ უკვე ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. ესაა ასაკი, როცა რაღაც ღირებულს იძენ; ასაკი, როცა უბრალოდ კი არ კითხულობ, არამედ ისრუტავ ყველაფერს, რასაც კითხულობ;  როცა შეიძლება ერთმა ფრაზამ ან სიტყვამ ცხოვრება შეცვალოს. აბა, წარმოიდგინეთ, 13 წლის ბავშვს “მისტერიები” მიაჩეჩო. საოცარი წიგნი, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ასაკისთვის დამანგრეველი.

ამჟამად ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ყველამ ვიცით, დიდი ცვლილებებია. განსაკუთრებით სულიერი განვითარების სფეროში: პოეზიის საღამოები, გამოფენები, კონცერტები. გამოიღვიძა ბიბლიოთეკამ.  საზოგადოების დიდი ნაწილი ყურადღებით ადევნებს თვალს აქ მომხდარ სიახლეებს.  მგონი, ზუსტად ის დროა, პატარებისთვისაც მოხდეს სასიკეთო ცვლილებები და მათაც დახვდეთ  სასიამოვნო გარემო. ქონდეთ ის კუთხე, სადაც კომფორტულად იგრძნობენ თავს და ეზიარებიან იმ დიდ, ყოვლისმომცველ სამყაროს, რომელსაც წიგნი ქვია.

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ