კეთილი გურამი, ლევანი და სველი წინდები
დამატების თარიღი: 2012-10-22 11:13:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

გარეთ ისეთი თოვლჭყაპი იდგა, რომ პოლიტიკაზე ლაპარაკის სურვილიც კი არ გაგიჩნდებოდა. ძლივს მივაღწიე სამარშრუტო ტაქსის გაჩერებამდე. ფეხსაცმელში წყალი შემივიდა, წინდები სულ სველი მქონდა. უკანა სავარძელზე ადგილი დავინახე. ერთი სული მქონდა სამსახურში როდის მივიდოდი, სადაც ელექტროღუმელი მელოდებოდა. მანქანაში ციოდა, შიგა და შიგ გაისმოდა მგზავრების ხმა: – გააჩერეთ, გააჩერეთ. მე რომ მეჩქარება მაშინ მოუნდათ... დრო გადიოდა, ფეხები მეყინებოდა. ისევ გაისმის მგზავრის ხმა: – გააჩერეთ, ოხ შენი... უცებ თავში რაღაცამ გამიელვა. სიცივის ბრალი იყო, თუ სველმა წინდებმა შემაწუხა, არ ვიცი, მაგრამ წამოვდექი და ისე, რომ პარალელურად მოძრავ სხვა მანქანებშიც გაეგოთ, შევძახე: – არ გააჩეროთ. ჩემი ეჭვები გამართლდა, მძღოლმა ისე სხარტად დაამუხრუჭა მანქანა, რომ კინაღამ ხალხის სავალ გზაზე ამოჰყო თავი. იდუმალი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ყველას მასიური ჰიპნოზი გაუკეთეს. მძღოლი ერთ ადგილს გაშტერებული მისჩერებოდა. აშკარა იყო, რომ მას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. ამის შემხედვარეს არც სამსახურში მისვლის სურვილი მქონდა და არც სველი წინდები მახსენებდა თავს.

            ცოტა ხნის შემდეგ ერთი ქალბატონი (სავარაუდოდ ვენერა) გონს მოეგო და მძღოლს დაუცაცხანა: – რას გაჩერებულხარ კაცო, ხომ გითხრეს არ გააჩეროო, წადი ახლა, გვეჩქარება. გაოგნებულმა მძღოლმა მანქანა ადგილიდან დაძრა.

            ჩემი ჩასვლის დროც დადგა. ვიფიქრე, მძღოლისთვის საბოლოოდ მომეღო ბოლო.

            – პატივცემულო მძღოლო, გეთაყვა, გთხოვთ უზრუნველჰყოთ ჩემი ჩასვლა გაჩერებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მეწყინება!

            მგზავრები ჩემსკენ მოტრიალდნენ და გაკვირვებას ვერ მალავდნენ. სახეზე ეტყობოდათ, რომ ნახსენებ სიტყვებს პირველად ისმენდნენ. მძღოლი ისე იყო შოკირებული, რომ მანქანის გაჩერებას არ აპირებდა. სამსახურს გავცდი, გამახსენდა სველი წინდები. ექსპერიმენტის დრო აღარ იყო და მძღოლს თავის ენაზე ვუბრძანე:

            – გააჩერე!

            მძღოლი დამემორჩილა. ფული გადავუხადე. ჩემსკენ არც კი გამოუხედავს, წინ იყურებოდა უაზრო თვალებით. მის სახეზე იკითხებოდა, რომ სკოლაში ცუდად სწავლობდა, ვაკეში არ ცხოვრობდა და რომ ფსიქოლოგის დახმარება ესაჭიროებოდა. არადა, რა ვთქვი ასეთი, ნუთუ თავაზიანი სიტყვები, რომლებსაც აღარ იყენებენ, ასე უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე?

            სწრაფად ავირბინე აღმართი და ჩვენს ოთახში შევედი. იქ ლევანი დამხვდა, ჩვენი ახალგაზრდა თანამშრომელი. საჩქაროდ გავიხადე ფეხსაცმელები და წინდები, გამათბობელზე შემოვაწყვე და შვებით ამოვისუნთქე. ლევანს არაფერი არ უთქვამს, ისედაც ყველაფერი გასაგები იყო.

            ცოტა ხანში ქალაქის ტელეფონმა დარეკა. ვიცოდი გურამს ურეკავდნენ. გურამი მთელი საქართველოს ბიბლიოთეკებს კურატორობდა. ყველას მისი იმედი ჰქონდა. ფეხშიშველი ვიყავი და დამეზარა ტელეფონთან მისვლა. ლევანიც არ ინძრეოდა, მასაც მობეზრებული ჰქონდა პასუხის გაცემა – გურამი არ მოსულა. ტელეფონი არ ჩერდებოდა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ყურმილი ავიღე. რაიონიდან რეკავდა ვიღაც ქალბატონი.

            – გურამს გადაეცით გვიშველოს. ბიბლიოთკებს გვიხურავენ და ვიღუპებით – გაჰკიოდა ქალბატონი.

            ისევ ჩემ ადგილზე დავბრუნდი. სველი წინდები ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი. ისევ ტელეფონი აწკრიალდა. აღარ მივედი. ხუთი წუთი მაინც რეკავდა. ძალიან გავბრაზდი გურამზე. მისი სახელის გაგონებაც კი არ მინდოდა. ტელეფონი დადუმდა. ამ დროს გურამი ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ოთახში, ხელში საქაღალდე ეჭირა. მოგვესალმა და მკითხა როგორ ხარო. ძალიან მინდოდა მისთვის სამაგიეროს გადახდა.

            – ეჰ, გურამ, როგორ უნდა ვიყო. ისეთი რამე დამემართა. არ ვიცი რა ვქნა, ვის მივმართო.

            – რა მოხდაო, მკითხა გურამმა.

            – სამსახურში რომ მოვედი, მაშინღა შევამჩნიე, რომ ფეხშიშველა ვიყავი.

            – ეს როგორო? გაოცდა გურამი.

            – რა როგორ, შეხედე რა დღეში ვარ – და შიშველი ფეხები მაგიდაზე შემოვაწყვე. გაოგნებული გურამი თვალებს არ უჯერებდა.

            – ჩავალ ქვემოთ, წინდებს ვიყიდი. სახლში როგორ უნდა წახვიდე ასეო? – შემეკითხა გურამი.

            – მაგას ვდარდობ? როგორ ვერ ვიგრძენი ამ თოვლჭყაპში შიშველი ფეხებით რომ დავდიოდი. რომელ ექიმს გავესინჯო არ ვიცი – შეშფოთებული ვლაპარაკობდი მე.

უცებ შევამჩნიე, რომ ლევანი არსად ჩანდა, არადა ოთახიდან არ გასულა.

– ჩავალ წინდებს ვიყიდი – არ იშლიდა გურამი.

– არ გინდა გურამ, სადღაც აქ ძველი წინდები მქონდა.

გამშრალი წინდები გამათბობლიდან გადმოვიღე და ჩაცმა დავიწყე. გურამი ვერაფერს მიხვდა.

ლევანი არსად ჩანდა.

– მსგავსი რაღაც მეც შემემთხვა – დაიწყო გურამმა, – ავტობუსით მგზავრობისას შევნიშნე, რომ ოთახის „ჩუსტებით“ ვიყავი. ყველა მე მიყურებდა.

– შენ რაღა დაგემართა ჩემო გურამ.

– არ ვიცი,  მგონი ვიღაც ქალს გამოვეკიდე, ფეხსაცმელი სად უნდა იშოვო, წინდებით ხომ არ წახვალ სახლში.

– ფეხსაცმელიც გამშრალა მეთქი და ჩაცმა დავიწყე, თან თვალი ჩავუკარი გურამს.

გურამი ყველაფერს მიხვდა და გულიანად ვიხალისეთ. ლევანიც შემოგვიერთდა. თურმე იგი მაგიდის ქვეშ იმალებოდა და ჩუმად იცინოდა. ერიდებოდა უფროსი კოლეგების საუბარში ჩარევა. ასეთი მორიდებული, ინტელიგენტი ახალგაზრდები იშვიათია დღევანდელ დღეს.

რამოდენიმე დღის შემდეგ, მაშინ როდესაც მე და ლევანი მარტონი ვიყავით ოთახში, გურამი ისევ სწრაფად, „პაპკით“ ხელში შემოიჭრა ოთახში.

– გურამს გაუმარჯოს, კაცურ კაცს, პატიოსან ამომრჩეველს – შევძახე მე.

– ვა, მიცანი? მომახალა მან.

ჩემთვის ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ სიცილით კინაღამ გავიგუდე.

ასე გადამიხადა სამაგიერო გურამმა ერთი სხარტი სიტყვით. აშკარა იყო, რომ მას ბავშვობაში ბევრი სათამაშო ჰქონდა.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხუმრობა დაძაბულობას ანელებს. იუმორის გარეშე მხოლოდ ბრიყვები ცხოვრობენ. ზოგჯერ იუმორი უფრო მეტია, ვიდრე წამალი.

ასე ვეფერებოდით ერთმანეთს იმ დაძაბულ დღეებში უკეთესი მომავლის იმედით.

ლევანი კი არსად ჩანდა. არადა ოთახიდან არსად გასულა.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ