კედლის მხატვრობა
დამატების თარიღი: 2012-11-13 17:31:00
ავტორი: მაია სიმონიშვილი

კედლის მხატვრობის პირველი ნიმუში საფრანგეთში, შოვეს გამოქვაბულში აღმოაჩინეს(ძვ.წ-აღ.III ათასწლ.); ასევე უძველესია ალტამირას მღვიმის (ესპ. Altamira - მაღალი ხედი) კედლის მხატვრობა, რომელიც ზემო პალეოლითით თარიღდება. ეს უძველესი ნახატები ისტორიას ასახავს, მნიშვნელოვან ამბებს გვიზიარებს, გვასწავლის და გვართობს. განსაკუთრებით ცნობილია  კედლის მხატვრობის ნიმუშები პომპეიდან. ქალაქის მდიდარ მაცხოვრებელთა სახლების მოხატულობა (მისტერიების სასახლე,  I ს. ძვ. წ-აღ.) დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. კედლის მხატვრობა ის დარგია, რომელიც ხელოვნებას ნებისმიერ საზოგადოებრივ სივრცეში წარმოადგენს, სწორედ ამიტომ არის იგი პოპულარული. კედლის მხატვრობის ხელოვნება განსაკუთრებით განვითარდა ძვ. ეგვიპტეში, სადაც ტაძრებსა და პირამიდებს რთავდნენ საკულტო, ბატალური, ყოფითი და სხვ. სცენების ამსახველი გამოსახულებებით. ძვ. წ. II ათასწლეულს მიეკუთვნება ჩინური ხელოვნების ნიმუშები, ხოლო ურარტუს კედლის მხატვრობა  ძვ.წ. I ათასწლეულით თარიღდება. ანტიკური ფერწერის წინამორბედად ითვლება კედლის მხატვრობა, რომელიც ძვ.წ. II ათასლწეულში ეგეოსურ სამყაროში შეიქმნა. ძველი საბერძნეთის ოსტატებმა (პოლიგნოტე და სხვ.) შექმნეს საზოგადოებრივი შინაარსის კედლის მოხატულობები, ძველ რომში კი დეკორაცია ფართოდ გავრცელდა. შუა აზიის ტერიტორიაზე, უძველესი კედლის მოხატულობანი შესრულებულია ძვ. წ. I ს.-ში (ხვარაზმი), ხოლო საუკეთესო ნიმუშები ფიგურული გამოსახულებებით  - VII-VIII სს.-ში.  მომდევნო საუკუნეებში, შუა აზიაში (აგრეთვე, ირანში, წინა აზიისა და მავრიტანიულ ხელოვნებაში) გავრცელდა ორნამენტული კედლის მხატვრობა.  ორიგინალური ძეგლებია ჩინეთში (დუნხუანი, V-XI სს.), ინდოეთში (აჯანტა, VI-VII სს.), ცეილონში (ს. მღვიმეებში). ჩინეთში, კორეაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში კედლის მხატვრობით ირთვებოდა სასახლეები, ტაძრები და სხვა ნაგებობები.

საუკუნეების განმავლობაში, კედლებს  არა მხოლოდ საღებავებით ხატავენ, არამედ მასალად გამოყენებულია ფაქიზად დამუშავებული მარმარილო, ტყავი, ხე, ოქრო და მოხატული ქსოვილებიც, რაც დიდ ეფექტს ახდენს დამთვალიერებელზე. თუმცა, ფრესკა ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კედლის მხატვრობის ისტორიაში. სხვადასხვა ეპოქაში, კედლების აფორმებდნენ არა მხოლოდ რელიგიური მოტივებით, არამედ ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდებით, ყვავილებით, სიმბოლური და სხვა ორნამენტებით.  

ფრესკა

კედლის მხატვრობისთვის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. მათ შორის არის: ფრესკა, ა სეკო და მეცო-ფრესკა. 
ფრესკა afresco (იტ. ახალი, ცინცხალი) -  ფრესკა კედლის მხატვრობის ძირითადი ტექნიკაა. ფრესკა ფერწერის სახეობაა, რომელიც სრულდება კირიან წყალში გახსნილი საღებავებით სველ შელესილობაზე. გაშრობისას იკეთებს გამჭვირვალე, კრისტალური კალციუმის აფსკს, რის გამოც ნახატი მყარი და გამძლე ხდება. ფრესკას უწოდებენ აგრეთვე ამ ტექნიკით შესრულებულ მხატვრულ ნაწარმოებს. ფრესკის ტექნიკით ასრულებენ მონუმენტური ფერწერის კომპოზიციებს, რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული არქიტექტურასთან. ფრესკის საფუძველი ანუ ბათქაში შედგება ჩამქრალი კირისაგან, რომელსაც მცირე რაოდენობით ქვიშას, მარმარილოს ფხვნილსა და დანაყილ აგურს ურევენ; ზოგჯერ მას მეტი სიმყარისთვის უმატებენ სელს, ლეღვის წვენს,  რაიმე ქონს და სხვა მასალას. ფრესკაში გამოიყენება საღებავები, რომლებიც კირს არ უერთდება. ფრესკის საღებავებისთვის უმთავრესად იყენებენ ნატურალურ პიგმენტებს (ჟანგმიწა, უმბრა, კობალტი და ა.შ.), აგრეთვე სინგურს, საღებავებს ურევენ წებოს. ფრესკა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ტონების მთელი მრავალფეროვნება. ამასთან, ოსტატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შელესილობის გაშრობის შემდეგ, საღებავები ბაცდება.

ფრესკა განვითარებული იყო ჯერ კიდევ ეგეოსურ კულტურაში (ძვ.წ. II ათასწლ.). ფრესკის ტექნიკა აღორძინდა ანტიკურ პერიოდში, პირველ საუკუნეებში კი ამ ტექნიკით მუშაობდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ანტიკური პერიოდის ოსტატები ფრესკას მშრალ ბათქაშზე, ტემპერით ასრულებდნენ. ზოგჯერ, ამ მეთოდს  შუა საუკუნეებშიც იყენებდნენ. შერეული ფრესკა განვითარდა ბიზანტიაში, საქართველოში, ძვ. რუსეთში, სერბიაში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ფრესკის ხელოვნებამ განვითარების განსაკუთრებით მაღალ დონეს მიაღწია  იტალიური აღორძინების ხანის ოსტატთა შემოქმედებაში. აღსანიშნავია, რომ ეს ტექნიკა განსაკუთრებით მისაღები იყო ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში ნესტიანი კლიმატის გამო. ბათქში გაშრობამდე უნდა მოეხატათ, ამიტომაც ფრესკას „დღის სამუშაოს" უწოდებდნენ. XVI  საუკუნიდან იტალიაში გავრცელდა „სუფთა" ფრესკა, თუმცა, ამის შემდეგ იწყება ფრესკის დაცემის პერიოდი. ფრესკის ტრადიცია გაცოცხლდა XVII-XVIII საუკუნეების დეკორატიულ მხატვრობაში.

ფრესკის ნაირსახეობაა მშრალ ბათქაშზე შესრულებული მოხატულობა ა სეკო. ა სეკო (a secco - იტ. მშრალზე), ფრესკისგან განსხვავებით ა სეკოს ხერხით ფერწერა კეთდება შემშრალ ბათქაშზე მცენარეულ წებოში, ზეთში ან კვერცხში (იშვიათად კირში) გაზავებული საღებავებით. ამ მეთოდით ჯერ კიდევ ეგვიპტის ძეგლებს ხატავდნენ.

მეცო-ფრესკა თითქმის მშრალ ბათქაშზე სრულდება, ეს ტექნიკა XVI საუკუნეში დანერგა იგნაციო პოზომ. ამ მეთოდით ხატვისას პიგმენტი მსუბუქად აღწევს ბათქაშში. XVI საუკუნის ბოლო პერიოდის ნამუშევრებში მეცო-ფრესკა უფრო ხშირად გხვდება, ვიდრე ფრესკა. მეცო-ფრესკის მეთოდით არის შესრულებული მიქელანჯელოსა და ჟანბატისტა ტიეპოლოს მრავალი ნამუშევარი.

 კედლის მხატვრობა შუა საუკუნეებში

შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა რელიგიური შინაარსის კედლის მხატვრობა (ბიზანტია, საქართველო, სერბია, ბულგარეთი, რუსეთი). დასავლეთ ევროპაში კედლის მხატვრობა გავრცელდა რომანული სტილის ხელოვნებაში. გოთური სტილის შენობებში, სადაც მთლიანი კედლები არ არსებობს, მხატვრობის ადგილი ვიტრაჟმა დაიკავა. ეკლესიებსა და საცხოვრებელ სახლებში რელიგიური და იდეოლოგიური შინაარსის ფრესკები იქმნებოდა. ბიბლიური ამბები, წმინდანთა ცხოვრებანი სურათების სახით იყო მოთხრობილი მათთვის, ვინც წერა-კითხვა არ იცოდა. ცნობილია წმინდა თომასის ეკლესია კენტერბერში, თუმცა, ჰენრი VIII -ის ბრძანებით, ეკლესიის ბევრი ფრესკა განადგურდა.

ფრესკებით ცნობილია უესტმინსტერის სასახლე, რომლის განახლება და გაფორმება ჰენრი III-ის მეფობისას დაიწყო 1245. ჰენრი III ცნობილი იყო, როგორ ხელოვნების დიდი მფარველი. მისი მეფობის პერიოდში მრავალი საინტერსო ხელოვნების ნიმუში შეიქმნა. უესტმინსტერის  სასახლის აღწერილობა, გამოყენებული მასალები და ოსტატთა ანაზღაურება მოცემულია წიგნში  - Vetusta monumenta, vol. vi. (1842). სასახლის მოხატვისთვის მოიწვიეს ორი უცხოელი მხატვარი - პეტრე ესპანელი და უილიამ ფლორენციელი, ადგილობრივ ოსტატებთან, ბენედიქტელთა სააბატოს ბერ უილიამთან,  მეფის ხაზინადარსა და ოქრომჭედლებთან ერთად მუშაობდნენ. სასახლის მოხატულობა კაშკაშა ფერებით შესრულებული და ნაწილობრივ მოოქროვილია. აღსანიშნავია წმ.სტეფანის ტაძრის ფრესკის ფრაგმენტები, რომლებიც ბრიტანეთის ხელოვნების მუზეუმში ინახება. მათი უმეტესობა დახვეწილი შესრულებით, ფერების სიუხვით გამოირჩევა და ძველი ბიბლიის სცენებს წარმოგვიდგენს. შესაძლოა, ჰენრი VIII-ის მეფობის დროს,  ჰოლბეინის პოპულარობის გავლენით, გავრცელდა ტემპერით მოხატვის ტექნიკაც. ამ პერიოდის ნამუშევრები შავ-თეთრი ფერებით გამოირჩევა და შედარებით უხეშია. ამ სტილის ნამუშევარი 1881 წელს აღმოაჩინეს უესტმინსტერის სააბატოს სენაკის ერთ-ერთი კედლის უკან. ასევე ცნობილია სან-შაპელის კედლის მოხატულობა (დაახ.1400 წელი, პარიზი).  VIII საუკუნის ევროპაში, კედლის მხატვრობაში აქტიურად იყენებდნენ  ზეთის საღებავებსა და ტილოს. ამ მეთოდის უპირატესობა ის იყო, რომ მხატვარი თავის სტუდიაში ასრულებდა სურათს და შემდეგ  ამაგრებდა კედელზე. თუმცა, ზეთის საღებავები ნაკლებად ვარგისი იყო კედლის მხატვრობისთვის, რადგან ფერები მკვეთრად არ ჩანდა, ხოლო  ტილო უფრო მალე ზიანდებოდა, ვიდრე ბათქაში. 

2001 წელს, პიბოდის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მკვლევარმა, უილიამ სატურნომ  კედლის მხატვრობის უნიკალური ექსპონატები აღმოაჩინა გვატემალაში, სან ბარტოლოს პირამიდის საძირკველში. მათ შორის უძველესი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 300 წლით თარიღდება და მაიას ტომის ერთ-ერთი აკლდამის გაფორმებას წარმოადგენს. სურათები გადმოგვცემს მაიას მითოლოგიის მიხედვით სამყაროს შექმნის ისტორიას. კედლის მხატვრობის იშვიათი მაგალითებია:  კერალას მხატვრობა ინდოეთში (IX-XII სს.) და  ისლამური ფრესკა უამიადების უდაბნოს სასახლეში, (ქასრ ამრა, VIII საუკუნე). ძველი ქრისტიანული ფრესკების მდიდარ კოლექციას ვხვდებით  თურქეთში, გორემის ეკლესიებში. კედლის დეკორაციებით გამოირჩევა სპარსეთის ისტორიული ძეგლები (XII-XVII ს.ს.), თავრიზის მექა, სულთან ხოდაბენდის აკლდამა, შაჰ-აბას I-ის სასახლე.  მოგვიანებით, ფრესკის ხელოვნება გავრცელდა დანიასა და გერმანიაში, მხოლოდ დანიაში ფრესკებით მოხატული 600-მდე ტაძარია.

რენესანსის ეპოქის კედლის მხატვრობა

გვიანი შუასაუკუნეები და რენესანსის ეპოქა კედლის მხატვრობის აყვავების პერიოდი იყო. ამ დროს, კედლის მხატვრობის მრავალი შთამბეჭდავი ნიმუში შეიქმნა იტალიაში, სადაც ტაძრებისა და საზოგადოებრივი შენობების უმეტესობა ფრესკებით არის გაფორმებული. ჯოტოს, მაზაჩოს, პიერო დელა ფრანჩესკას, ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის და ამ პერიოდის სხვა ხელოვანთა მიერ შესრულებული ნამუშევრები დღესაც ანცვიფრებს მნახველს. იტალიელმა ოსტატებმა მიაღწიეს გამოსახულების დამაჯერებლობას, არქიტექტურისა და ფერწერის ორგანულ კავშირს.  გავიხსენოთ ჯოტოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, სკროვენის კაპელის (იგივეარენას მხატვრობის კაპელა) ინტერიერის დეკორაცია პადუაში (1303-1310). კაპელა, რომელიცგარედან ვარდისფერი აგურით აშენებულ უბრალო შენობას წარმოადგენს, მიძღვნილია ხარებისადმი.

კედლის მხატვრობისა და არქიტექტურული მნიშვნელობის თვალსაზრისით, უნიკალური შენობაა სიქსტეს კაპელა (იტ.: Cappella Sistina), რომელიც ვატიკანში მდებარეობს. მართკუთხა ფორმის კაპელა ზომით სოლომონის ტაძრის ტოლია (40.93 X 13.41 მ). მისი სიმაღლეა 20.70მ.არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ბაკიო პონტელის, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჯოვანი დე დოლჩი. ტაძარისიქსტუს IV-ის მითითებით 1473-81 წლებში აშენდა და სწორედ ამიტომ ეწოდა სიქსტეს კაპელა.იგი ქალწული მარიამის ამაღლებას მიეძღვნა.პირველი მესა 1483 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა.  სიქსტეს კაპელა ე.წ. რენესანსის ეპოქის სხვადასხვა მხატვარმა სხვადასხვა დროს მოხატა. კედლების ქვედა ნაწილი მოუხატავი იყო, აქ სადღესასწაულო დღეებში რაფაელის კარტონების (1515-16) მიხედვით შესრულებული ტილოებს გამოფენდნენ.  შენობის ამ ადგილს რაფაელის ოთახებსაც უწოდებენ. 1508-1512 წლებში, სიქსტეს კაპელას ჭერი მიქელანჯელომ მოხატა. ბრამანტემ და რაფაელმა დაარწმუნეს პაპი, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად გენიალური ხელოვანი უნდა მოეწვიათ. ამ პერიოდში მიქელანჯელოს ხშირად ადარებდნენ რაფაელს, რომელიც ფრესკის საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა. მიქელანჯელოს არ იტაცებდა მსგავსი პაექრობები და საკმაოდ განიცდიდა ამ შედარებას.   

მიქელანჯელოს სიქსტის კაპელის ჭერში 12 მოციქული უნდა დაეხატა; მაგრამ, მას სთხოვეს, რომ კომპლექსური ხასიათის ნამუშევარი შეექმნა, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა: შესაქმე, ადამის დაცემა, წინასწარმეტყველთა მიერ ადამის გამოხსნა და ქრისტეს გენეალოგია. ეს ტაძრის მთელი დეკორაციის ნაწილი უნდა ყოფილიყო.  კომპოზიცია 300-ზე მეტი ფიგურისგან შედგება და მის ცენტრში შესაქმის 9 ეპიზოდია.  ეს ეპიზოდები სამ ჯგუფად არის გადმოცემული: ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა, ღმერთის მიერ ადამიანის შექმნა და სამოთხიდან განდევნა; სულ ბოლოს  წარმოდგენილია კაცობრიობის ხსნა წარღვნისგან -  ნოე და მისი ოჯახი.  გრანდიზული სამუშაოს დასრულებიდან ორი ათეული წლის შემდეგ, 1536-41 წელს,  მიქელანჯელომ მოხატა აგრეთვე საკურთხევლის კედელი.

რენესანსის პერიოდის კიდევ ერთი უნიკალური ნიმუშია ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა ( იტ.: Il Cenacolo or L'Ultima Cena). ეს სურათი 1495-1498 წლებში შეიქმნა მილანში, ღვთისმშობლის სახელობის   ეკლესიაში (Santa Maria delle Grazie). ლეონარდო და ვინჩმა იგი თავის პატრონს, ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცასა და მის მეუღლე ბეატრისს მიუძღვნა. ავტორმა მისი დახატვისას არ გაითვალისწინა ფრესკის მეთოდები და ტემპერით პირდაპირ კედელზე დახატა, რის გამოც, სურათმა ერთი საუკუნეც ვერ გაძლო. სურათს რესტავრაცია მხოლოდ XX საუკუნეში ჩაუტარდა, მასზე 21 წელი მუშაობდნენ და 1999 წლის 28 მაისს დააბრუნეს ტაძარში. უსაფრთხოების მიზნით, მნახველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ, ხოლო სურათის დათვალიერების უფლება მხოლოდ 15 წუთით აქვთ.  მიუხედავად ამისა, ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის" რეპროდუქციები დღემდე უთვალავი რაოდენობით მზადდება.

რაც შეეხება კერძო შენობებს, რენესანსის ეპოქის საცხოვრებელი სახლების კედლის მხატვრობა ხშირად შეიცავს ისეთ გამოსახულებებს, რომლებიც ამბავს მოგვითხრობს ან იდეოლოგიური დატვირთვა აქვთ. არქიტექტურული თვალსაზრისით, ფიგურები და გაფორმება სივრცის ილუზიას ქმნის. ზოგჯერ არა მხოლოდ კედლები, არამედ შენობის ჭერიც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.  კედლის მხატვრობის ნიმუშები იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ არა მხოლოდ ხელოვანის, არამედ დამკვეთთა გემოვნებასაც გვაცნობს.   მუხედავად იმისა, რომ ბევრია კარგი მხატვარი, ძალზე ცოტას თუ შეუძლია ნახატი მცირე ზომის ტილოებიდან დიდი მასშტაბის ფონზე გადაიტანოს.  იტალიური კედლის მხატვრობა ამ მაღალი ოსტატობის საუკეთესო მაგალითია.

XVI - XVII საუკუნეებში, ევროპის ბაროკოს ხელოვნებაში კედლის მხატვრობამ დეკორატიული ხასიათი მიიღო. შენობებში კედლის მხატვრობა თანდათან შეცვალა სარკეებმა, შპალერმა და სხვადასხვა მორთულობებმა.  ხატავდნენ უმთავრესად ჭერზე (პლაფონი). კლასიციზმის ეპოქის (XVIIIს.-XIXს. დასაწყ.) კედლის მხატვრობაში ჭარბობდა არქიტექტურული ფორმები, ქანდაკება და პეიზაჟი. XIX ს.-ში შეიმჩნევა კედლის თემატური მხატვრობის აღდგენის ცდა, აგრეთვე გავრცელდა სილიკატური ფერწერა. ზოგჯერ კედლის მხატვრობას პირობითად მიაკუთვნებენ მოზაიკას. XIXს. -ის დასასრულიდან, კედლის მხატვრობაში ფორმალისტური ტენდენციები გაჩნდა, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა იდეოლოგიური შინაარსის მოხატულობები (მაგ.:პრაღის ეროვნული თეატრის კედლის მხატვრობა, მხატვრები მ.ალეში, ფ. ჟენიშეკი და სხვ.).

ვენეცია

ვენეციის კლიმატი და გარემო ქალაქში შექმნილი მრავალი უძველესი ფრესკის შენარჩუნებისთვის ნაკლებად ხელსაყრელი იყო.  ქალაქი დაარსდა ჩრდილოეთ იტალიის ლაგუნაში, ჭაობიან ტერიტორიაზე. შესაბამისად, როდესაც წყალი დიდდება, შენობების კედლები კიდევ უფრო ნესტიანდება და ბათქაშის ჩამოცვენას იწვევს. სწორედ ამიტომ, ვენეციელებმა განავითარეს ფრესკების კონსერვაციის განსაკუთრებით ტექნოლოგია, რისთვისაც იყენებენ ბამბასა და კვერცხს, დაზიანებულ ადგილებს რბილი ფუნჯით წმენდენ და ვაკუუმში ათავსებენ. შედარებით ნაკლებად დაზიანებულ ადგილებს ბიკარბონატის ქაღალდის კომპრესით ამუშავებენ ამ მეთოდით გადაარჩინეს ვენეციის ოპერის -  La Fenice (ფენიქსი) - შენობის კედლის მოხატულობა. 

აზური (Azulejo)

1922 წელს, ჟორჟ კოლაკომ შექმნა მომინაქრებული თიხის  ფილა, რომელიც 1385 წელს პორტუგალიელებსა და კასტილიელებს შორის ბრძოლას აღგვიწერს. ის დღეს ლისაბონში, პორტუგალიაში ინახება, როგორც კედლის მხატვრობის იშვიათი ნიმუში.  კედლის მოხატული ფილებით გაფორმება განსაკუთრებით გავრცელდა არაბულ ქვეყნებში, პორტუგალიასა და ესპანეთში. ნამუშევრები ძირითადად ერთ ფერში სრულდებოდა. ამ სტილს აზურს  (Azulejo) უწოდებენ და დამახასიათებელია აღმოსავლური, ესპანური და პორტუგალიური ხელოვნებისთვის. მსგავსი ნამუშევრები გამოიყენებოდა სადგურებისა და სახლების გაფორმებისთვის. ამ მეთოდის გამოყენებას პრაქტიკული დატვირთვაც აქვს, რადგან ფილები კარგად ინახავს ოთახის ტემპერატურას. 

თანამედროვე კედლის მხატვრობა  

XX საუკუნეში ახალი სინთეზური საღებავების გაჩენამ ახალი შესაძლებლობები გახსნა ფრესკის ხელოვნების განვითარებისთვის. ფრესკის ტრადიციის აღორძინებაში დიდი წვლილი შეიტანა მექსიკელმა მხატვარმა, დიეგო რივერამ. რივერას პანოები გამოირჩეოდა იდეოლოგიურ-პოლიტიკური შინაარსით. ასევე აღსანიშნავია  ხ.ოროსკოს, დ.სიკეიროსის(მექსიკა), ა. ბორგონცონის (იტალია); ჯ. ერნის (შვეიცარია) , ა.რეფრეჟიეს (აშშ), მ. შაგალის (საფრანგეთი), ს. სპენსერის (დიდი ბრიტანეთი), სსრკ- ლ.ბრუნის, პ. კორინის, ე. ლანსერეს, ვ.ფავორსკის, ა. ვასნეცოვის ნამუშევრები.  დღეს კედლის მხატვრობა სხვადასხვა მეთოდით სრულდება, ხშირად, ზეთის საღებავით. ამ დარგისთვის მრავალი თანამედროვე ტექნოლოგია გამოიყენება, მაგალითად, ნახატი ან ფოტოგრაფიული სურათი ტილოზე, მინაზე, ქაღალდზე ან ხეზე გადააქვთ და კედელზე ამაგრებენ, რაც ხელით შესრულებული ნამუშევრის ნამუშევრის ეფექტს  ქმნის (ფრესკოგრაფია).  ეს მეთოდი გერმანელმა მხატვარმა, რაინერ მარია ლაცკემ დანერგა  1998 წელს. 2009 წელს, ლაცკემ ფრესკოგრაფიის ინსტიტუტი დააარსა ლუგანოში. ინსტიტუტში ისწავლება ხელოვნების ისტორია, დიგიტალური რეპროდუქცია, ბეჭდვა და კედლის მხატვრობის რესტავრაცია. ფრესკოგრაფიის ცნობილი მაგალითია თეთრი სახლის დიპლომატთა მისაღები ოთახის კედლის გაფორმება.

დიგიტალური ეპოქის განვითარებასთან ერთად, ფართოფორმატიანი საბეჭდი ტექნიკა ხელს უწყობს კედლის მხატვრობის ახალ მეთოდების დანერგვას. ფრესკები ორიგინალური ზომის ფოტოზე გადააქვთ. თუმცა, მათ იშვიათად აქვთ ის ეფექტი, რაც ხელით შესრულებულ ნამუშევრებს. აღსანიშნავია, რომ დიგიტალური წარმოების მეთოდიც ლაცკემ და ჯ. თიერიმ დანერგეს. დიგიტალური ტექნოლოგია გამოიყენება შენობის გარეთა კედელზე დიდი სარეკლამო აბრების დამზადებისთვისაც. მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანი ხელოვნების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. კედლის მხატვრობას დიდი დატვირთვა აქვს სოციალური, ეთნიკური და რასობრივი კონფლიქტების დროს.

1970-იან წლებში ჩრდილოეთ ირლანდიაში 2000-ზე მეტი ნახატი შეიქმნა. ხოლო 1980-იანი წლებიდან 1989 წლამდე, ბერლინის კედელი დასავლეთ გერმანიის არაერთმა მხატვარმა გააფორმა. თანამედროვე ფრესკის ნიმუშია რაიმსის ე.წ. ფუჟიტას ტაძარი, რომელიც 1966 წელს დასრულდა. იგი პარიზის სკოლის წარმომადგენელმა, ცუგუჰარუ ფუჟიტამ მოხატა. 1996 წელს პარიზის მთავრობამ შენობა ისტორიული ძეგლების სიაში შეიტანა. 1997 წელს ლოს ანჟელესში (კალიფორნია) გაიხსნა ფრესკის სკოლა, სადაც ფრესკის ხელოვნებას ძველი  მეთოდებით ასწავლიან.

გრაფიტი

(იტალ. graffiti, ბერძნ. γραφειν ვწერ) - გრაფიტი ეწოდება შენობის კედლებზე ამოკაწრულ, დახატულ, დაწერილ და ა.შ. ფიგურებსა და ასოებს. თავდაპირველად, ამ მეთოდს  მექოთნეები იყენებდნენ, მოგვიანებით კი იგი ხელოვნების დარგად იქცა.   გრაფიტი ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომის იმპერიაში იქმნებოდა. წარწერებს კედლებზე კაწრავდნენ,  ნახშირით ან ცარცით წერდნენ. დღეს გრაფიტი იდეოლოგიური პიარისა და პოლიტიკური განცხადებებისთვისაც გამოიყენება და ჰიპ-ჰოპის კულტურას უკავშირდება. ბევრ ქვეყანაში გრაფიტს კანონი კრძალავს, მაგრამ მაინც ქმნიან, რათა სოციალური მესიჯებით ამა თუ იმ თემისადმი საზოგადოების ყურადღება გაზარდონ. ზოგ  ქვეყანაში მას სამუზეუმო ექსპონატად თვლიან. დღეს გრაფიტს სხვადასხვა მისასხურებელი საღებავებითა და მარკერებით ასრულებენ.  გრაფიტის ხატვისას საღებავების ერთი ფენა მეორეს ედება, ისე რომ წინა ფენას კიდევ  უფრო გამოკვეთს.

კედლის მხატვრობა საქართველოში

საქართველოში კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს მიეკუთვნება ქსნის არმაზის ეკლესიის კანკელის (864 წ.) და თელოვანის ტაძრის (VIII-IX სს.) მოხატულობის ფრაგმენტები, დოდოს მონასტრის (დავითგარეჯა) ეკლესიის აფსიდში ქრისტესა და მთვარანგელოზების გამოსახულება (IX ს.). IX-X სს.  უნდა მიეკუთვნებოდეს მაცხოვრის ეკლესიის აფსიდის მოხატულობა სვანეთის სოფელ ნესგუნში. კედლის მხატვრობის განვითარების შემდეგი ეტაპი მოიცავს X ს. დასასრ. - XII ს. ს. შუა წ.წ. X-XI სს. მიჯნას. ადრეული პერიოდის ლაკონიური დეკორი, რაც მხოლოდ ტაძრის მთავარ ნაწილებს გამოყოფდა, ვრცელი მოხატულობით შეიცვალა; კედლის მხატვრობა სიუჟეტურადაც გამდიდრდა - ტრადიციულის გარდა, ხშირია ქტიტორთა და ადგილის წმინდანთა გამოსახულებები. ამ პერიოდიდან კედლის მხატვრობის რამდენიმე რეგიონული სკოლაა ცნობილი. X-XI სს. ტაო-კლარჯეთში შეიქმნა კედლის მხატვრობის მრავალი ნიმუში. ამათგან აღსანიშნავია ოთხთა ეკლესიის (X ს.დასასრ.), ოშკის (1936), იშხანის, ხახულის, ტბეთის (ყველა XI ს. დასაწყ.) და სხვათა მოხატულობა. ამავე სკოლის ოსტატთა მიერ უნდა იყოს შესრულებული კუმურდოს და მანგლისის (XI ს. 10-20 -იანი წწ.) კედლის მხატვრობა. კახეთში კედლის მხატვრობის სკოლა დავითგარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. ამ სკოლის კედლის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს ფრესკები (XI ს.)[...]

კედლის მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია ატენის სიონის მოხატულობა; 1120-იან წლებს მიეკუთვნება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობის უძველესი ნაწილი. კედლის მხატვრობის განვითარების შემდგომ ეტაპზე (XIIს.  II ნახ. -  XIII ს. I ნახ.)თანდათან ისახება ახალი ტენდენციები: საგრძნობლად იზრდება კომპოზიციისა და ნახატის დინამიკურობა, საერთო დეკორატიულობა (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ტიმოთესუბანი, ბერთუბანი). ამ დროის მოხატულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიულ პირთა გამოსახულებები (გიორგიIII, თამარ მეფე, ლაშა გიორგი).  XIII ს. II ნახევარში კედლის მხატვრობა (უკვე მონღოლთა ბატონობის პერიოდში) ძირითადად ძვ. ტრადიციებს მიჰყვება, მაგრამ გაუხეშებული სახით.

XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე იქმნება ე.წ. პალეოლოგიური სტილის ნაწარმოებები. ამ მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშებია  გელათის ტაძრის სამხრეთ  ეკვდერის აღმოსავლეთ ნაწილის (1290-იანი წწ.), აგრეთვე ხობის სამხრ.-დას. კამარის და ზარზმის ტაძრების მოხატულობა (XIII -XIV სს. მიჯნა)[... ]. XVI საუკუნის მხატვრობიდან აღსანიშნავია გელათის მთავარი ტაძრის ცენტრალური ნაწილის, გელათის წმ. გიორგის, სოფ. ტაბაკინისა და გეგუთის, რაჭისა და სვანეთის ტაძრების, აგრეთვე სამთავროს, ნეკრესის, გრემის, ახალი შუამთის, ალვანის, ნაწილობრივ ალავერდის და სხვ. მხატვრობა. კედლის მხატვრობის მრავალი ნიმუში შემოგვრჩა  XVII საუკუნიდან სვეტიცხოვლის, გელათის ღვთისმშობლისა და სხვა ეკლესიებში.

საქართველოში ქართული კედლის მხატვრობის აღორძინება დაიწყო XX საუკუნეში. აღსანიშნავია ლ.გუდიაშვილის,  ბ.ბერძენიშვილის, ე. ბერძენიშვილის, რ. თარხან-მოურავის, ნ.იგნატოვის, რ.სტურუას, ვ.ქოქიაშვილის, ლ.შენგელიას, ლ.ცუცქირიძის, უ. ჯაფარიძისა და სხვათა ნამუშევრები. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: ლ. გუდიაშვილმა, დ. კაკაბაძემ, კ. ზდანევიჩმა და  ს. სუდეიკინმა.

კედლის მხატვრობის საინტერესო ნიმუშებია დაცული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი, ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ანუ ქართული ბანკის შენობაში. 1912 წელს ბანკის შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობაში მითითებული იყო, რომ ნაგებობა "ქართული სტილისა"  უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს. ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა ქართულ შუასაუკუნოვან ხუროთმოძღვრებას. ( ანატოლი კალგინს ამ დროისთვის უკვე შესრულებული ჰქონდა ბოლნისის სიონისა და ტაო-კლარჯეთის რიგი ძეგლების ანაზომები, ასევე - ბანას რეკონსტრუქციის პროექტი; ჰენრიხ ჰრინევსკი კი კარგად იცნობდა ქართული ტაძრების მორთულობას. მან პირველმა დაასურათა ილია ჭავჭავაძის თხზულებები). ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია X-XIII საუკუნეების  ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობიდან. ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებს. 

მრავალ ბურჯზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები, ნაგებობის ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარმაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ.  ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.

ლიტ.წყარო: საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. X. - თბილისი. - 1986. - გვ.: 399.

საქართველოს საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. V. - თბილისი. - 1986. - გვ.: 456-457.

http://www.truefresco.com; http://www.italianfrescoes.com/

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ