მადლობა შენ, დიდო სახლო!
დამატების თარიღი: 2012-11-28 11:42:00
ავტორი: ელდარ ნადირაძე

შენობამ შეყვარება იცის, ადამიანივით მოგენატრება, იმ ადამიანივით, ვისაც შენზე უზრუნვია, უსწავლებია, ცხოვრების გზაზე გამოუყვანიხარ.

თბილისში ასეთი ძვირფასების რიცხვში ორი შენობაა გამორჩეული: სახელმწიფო უნივერსიტეტი და საჯარო ბიბლიოთეკა.

რამდენი განცდა,  ვნებათაღელვა  და სიყვარულია დაკავშირებული ამ ერთმანეთის ტოლსა და ერთმანეთის მსგავს სახლებს შორის, რა თბილი, უხილავი ძაფია გაბმული ამ ორ დიდ სიწმინეს შორის და რა საუკეთესო იყო ჩვენი ცხოვრების ის ბედნიერი წლები რომლებიც აქ გაგვიტარებია.

ადამიანის ვალდებულებაა  ახსოვდეს, აფასებდეს, უყვარდეს,  ესენიც  ხომ აქ ვისწავლეთ, ამ  დიდებულ სახლებში, სადაც არაერთხელ გახლართულან  ჩვენი გრძნობები უმჯობესსა და გამოსადეგს შორის.

ჩვენი თაობიდან ამ სახლებში ყველამ აიღო იმდენი რამდენის ტარებაც შეეძლო და წავიდნენ და წავიდნენ ცხოვრების გზაზე, წიგნის კაცები კი სიჭარმაგემდე შემოვრჩით ერთ–ერთ დიდ სახლს–საჯარო ბიბლიოთეკას და დროთა განმავლობაში ვიქეცით მის ნაწილად.

აქ, ქართველოლოგიის განყოფილების ერთ მოცუცქნულ დარბაზში წლების განმავლობაში იძვროდა ბუნტარული სული ნაციონალური კულტურის ქომაგობის, რაც ოფიციოზში მუდამ იწვევდა უსიამოვნებას, მაგრამ ვერავინ მოახერხა მისი დიდი ეროვნული სულიერების ჩახშობა, ვერავინ მოახერხა ამ პატარა დენთის კასრის გაუვნებელყოფა.

შეუძლებელია რამე თქვა საჯარო ბიბლიოთეკის შესახებ და თვალწინ არ დაგიდგეს მისი თანამშრომლის კლასიკური სახე, მისი გაწეული ამაგი. რომელიც დგას  ჩვენს წინაშე, ჩვენსა და წიგნებს შორის, პიროვნებანი  რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რა  არის  წიგნი  და ვინაა მკითხველი...

ადამიანისათვის რომელმაც თავისი მოღვაწეობა საჯარო ბიბლიოთეკიდან დაიწყო ეს ადგილი ახლაც ოაზისივითაა, გარკვეული აზრით იგი ჩვენთვის თავშესაფარიცაა, რომელიც გვიცავს ყოველდღიური უსიამოვნებისაგან და კვლავაც გვაძლევს ენერგიას ბოლომდე გვიყვარდეს ის რასაც მივუძღვენით ჩვენი ცხოვრება.

                                                                                                                                                         ელდარ ნადირაძე

                                                                                                                                              ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ