მე და საჯარო ბიბლიოთეკა
დამატების თარიღი: 2012-05-21 15:35:00
ავტორი: გურამ ყორანაშვილი

პროვინციაში (ბორჯომისა და ხაშურის რაიონებში), სადაც ბავშვობისა და მოწაფეობის წლები გავატარე, წიგნების დიდი ნაკლებობა იყო. ამასთანავე, მათი უმეტესი ნაწილი საბჭოური იდეოლოგიური ხასიათისა გახლდათ. ასე რომ, ჩემს ჩემს ძლიერ მოთხოვნილებას წიგნის კითხვისადმი ნაწილობრივ თუ ვიკმაყოფილებდი.

როგორც კი თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლა დავიწყე (1957 წელს), მესამე დღესვე მოვნახე საჯარო ბიბლიოთეკა. დღემდე  ჩემს ერთ-ერთ უდიდეს შთაბეჭდილებად რჩება ის განცდა, რაც მაშინ დამეუფლა. კერძოდ, გამაოგნა სიმრავლემ კატალოგებისა, რომლებიც თავის მხრივ წიგნებს  წარმოადგენდნენ. გავაცნობიერე ისიც, რომ მათ  უმეტესობას  რუსულ ენაზე დაწერილი ან თარგმნილი წიგნები შეადგენდა, ამიტომაც მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ჩემეული რუსულის ცოდნა აშკარად არასაკმარისი იყო და ეს ნაკლი უნდა გმომესწორებინა, რათა ამ წიგნებითაც მესარგებლა.

დიდი ხნის ნაფიქრალ-ნააზრევს გავამხელ და ვიტყვი, რომ უნივერსიტეტმა მიღებული უმაღლესი განათლების  ერთი მესამედი თუ მომცა,  დანარჩენი შევიძინე საჯარო ბიბლიოთეკაში (დავამატებ თსუ-ის ბიბლიოთეკასაც). შემდგომში (1963-68 წლებში) ეს განვაგრძე მოსკოვის შესაბამის ბიბლიოთეკებში.

რევერანსების  გარეშე  აღვნიშნავ,  რომ  საჯარო  ბიბლიოთეკებში ურთიერთობა მქონდა და მაქვს მის თანამშრომლებთან, რომლებიც ერთგულად  ემსახურებოდნენ და ემსახურებიან  დაკისრებულ საქმეს და ამასთანავე აქვთ დიდი პატივისცემა მკითხველთადმი. მეძლევა შესაძლებლობა ფართოდ გამოვხატო მადლიერების გრძნობა მათდამი. სხვათა შორის, რამდენიმე ამხანაგთან ერთად, რომელთაც ასევე უყვართ საჯარო ბიბლიოთეკა, სუფრაზე უკანასკნელის სადღეგრძელოსაც (რა თქმა უნდა, თანამშრომლების ჩათვლით) ვსვამთ.

მაქვს ერთი დიდი სურვილი, რომ ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თავისებური აკადემიის ფუნქციაც აღასრულოს. კარგად მოგეხსენებათ, რომ მსგავსი რამ ჩაფიქრებული ჰქონდა დიდებულ ქალბატონს, ვისშიც მეცხრამეტე საუკუნის დიდი ეროვნული მოღვაწეების სული იყო დავანებული, თამარ მაჭავარიანს. მის მიხედვით მისსავე დაფუძნებულ ქართველოლოგიის განყოფილებას უნდა აღესრულებინა შესაბამის მეცნიერებათა წარმომადგენლების შეკრების, აზრთა ურთიერთგაზიარების ადგილის  ამოცანაც.

კარგია რომ ქართველოლოგიის განყოფილება კვლავაც განაგრძობს არსებობას. საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებების განვითარებას ჩვენზე უფრო განვითარებული და მდიდარი ქვეყნები მოუვლიან, ხოლო ქართველოლოგია კი ჩვენი უპირველესი საზრუნავი უნდა იყოს. ამჯერად ვიქნები დიდად კრიტიკული და ვაღიარებ, რომ დღევანდელი ჩვენი მეცნიერებათა აკადემია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი სათანადოდ ვერ აღასრულებენ დასახელებულ დარგებში მომუშავე სწავლულთა ძალისხმევის კოორდინირებას. იქნებ ეს ნაკლი გარკვეულწილად შეუვსოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, განსაკუთრებით ქართველოლოგიის განყოფილების სახით.

საერთოდაც, ვისურვებდი, რომ გლობალიზაციის ხანაში ჩვენს ეროვნულ ბიბლიოთეკას ღირსეული წვლილი შეეტანოს, ინტერნაციონალური, კოსმოპოლიტური ტენდენციების გაღრმავებასთან ერთად, ჩვენი ეროვნული იერ-სახის შენარჩუნებაში.

                                                                                                                                                        გურამ ყორანაშვილი

                                                                                                                                          ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი                                                           

                                                                                                                                                            

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ