მიშა, ქარი და მარშრუტკის მძღოლი
დამატების თარიღი: 2013-11-26 15:54:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

ჩემ სახლთან ახლოს, მეგობართან ერთად ბაღში ვსეირნობდი. უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა, ჟერარ ფილიპს ჰგავდა.

- ბოდიში, თქვენი ძაღლი რატომ ჰყეფს ასე, მაგალითად?

ჟერარ ფილიპი სადღაც გაქრა.

ჩემს მეგობარს დღეს 4:1 მოუგე ჭადრაკში და გაბრაზებულია. ვისაც ძაღლი ჰყავს, ის გამიგებს. ვერ ვიტან, როდესაც ჩვენ საყვარელ შინაურ ცხოველს ასე მოიხსენიებენ. ყველაზე მეტად ალბათ, ბრიჯიტ ბარდო გამიგებს, რასაკვირველია. უცნობს აღარაფერი უთქვამს, ჩვენ კი გზა გავაგრძელეთ. იქვე ახლოს ბავშვები თამაშობდნენ. ენერგიას ხარჯავდნენ. ჩვენს დანახვაზე გაჩერდნენ. ერთი ბავშვი შემეკითხა:

- ბიძია, რა ჰქვია თქვენ ძაღლს?

- ნუგზარი - გაბრაზებულმა ვუპასუხე და გავაგრძელე გზა.

ათიოდე ნაბიჯის შემდეგ, უკან მოვიხედე. ბავშვები გაოგნებული და უაზრო თვალებით გვიყურებდნენ.

იქვე ახლოს თონე იყო. გადავწყვიტე ლავაშის შეძენა. გამყიდველი, გამხდარი, კვირცხლი, ახალგაზრდა, დაახლოებით 25-47 წლის მამაკაცი შემომეგება.

- რამდენი პური მოგართვათ?

- ცხელია თქვენი ლავაში?

- კი, ეხლა ამოვიღე, ხელს დაგწვავთ.

- რა ვქნა, გავრისკო, ჩავილაპარაკე მე.

- ეჰ, სხვა გზა მაინც არ მაქვს, ვრისკავ და ერთი პური მომეცით.

გაოგნებულმა მეპურემ პური გამომიწოდა. სახლში რომ დავბრუნდით, უკვე ბნელოდა.

რამოდენიმე დღის შემდეგ, მე და ჩემს მეგობარს ის უცნობი კაცი შეგვხვდა ჟერარ ფილიპს რომ......

- ბოდიში, თუ შეიძლება მითხარით, თქვენი ძაღლი როგორ თამაშობს ჭადრაკს? ასე ვთქვათ.

- ხომ გაგიგონიათ, რომ ძაღლებს რაღაცეებს ასწავლიან.

- კი კაცო, კინოც მაქვს ნანახი, რასაკვირველია.

- ხოდა, ახალი კურსები გახსნეს და ძაღლებს ნარდს და ჭადრაკს ასწავლიან. მე ჭადრაკზე შევიყვანე. სამ თვეში ისწავლა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მიგებს. გუშინ 3:2 მოვუგე.

- ხო, გასაგებია, არ ვიცოდი, ნამდვილად.

მალე თონეც გამოჩნდა.

- რისკ ბლაგოროდნეე დელო, ამ შეძახილით შემომეგება მეპურე.

- ის ამბავი ახლობლებს მოვუყევი და მითხრეს, რომ გამაშაყირეთ. მეც მიყვარს ხუმრობა, მაგრამ ესეთი თქვენ რომ თქვით, არ გამიგონია.

- ჩემო კარგო, ხომ იცი, ხუმრობა წამალია. ეს თუ გადაგვარჩენს ამ ძნელბედობის ჟამს. როგორც დიდმა შოთა რუსთაველმა თქვა: კარგი შოთის პური ისე შემოგეჭმება, რომ ყველის მიყოლებაც კი დაგავიწყდება.

- კი გამიგია - მიპასუხა მან.

- კარგით, ორი პური მომეცით.

- არ გავრისკოთ? - ნიშნისმოგებით მითხრა მან.

- რისკ ბლაგოროდნეე დელო - ვუპასუხე მე.

რა იცოდა მეპურემ, რომ ხუმრობა ექიმმა სამკურნალოდ გამომიწერა.

ისევ სიბნელემ დაისადგურა. მზემ რამოდენიმე საათით მიგვატოვა. სადარბაზოში შევედით და ინტუიციით მივემართებოდით მაღლა. უცებ ქვემოდან სიმღერის ხმა შემომესმა:

არც გაზი და არც წყალი,

ჰარი ჰარალეო

არც შუქი და არც პური,

ჰარი ჰარალეო.

გავგიჟდები, გავგიჟდები,

ჰარი ჰარალეო.

მღეროდა მეზობელი.

არ არსებობს შიშზე უფრო ძლიერი განცდა, რადგან მას პირველ რიგში წყობიდან გამოჰყავს გონება, ხოლო შემდეგ გული და აზროვნება. იმ დროს უიმედობა ბატონობდა და ადამიანები იმ გემს დაემსგავსნენ, რომელსაც ღუზა ჰქონდა დაკარგული. სადაც იმედი კვდება, იქ სიცარიელე ისადგურებს.

„ვარდების რევოლუციის" შემდეგ ხალხს იმედი დაუბრუნდა. პრეზიდენტად მიშა ავირჩიეთ. ყოველივე ახალი მიმზიდველი და საინტერესო გახდა. დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრები ხდებოდა. ხალხს დაუბრუნდა შუქი და გაზი. სიტყვა „სეკვესტრი" დავიწყებას მიეცა. ვინც მუშაობდა, ხელფასებს აღარ უგვიანებდნენ და არც უყინავდნენ.

გარეთ რომ გამოვედი, ძლიერი ქარი იყო. რის ვაი-ვაგლახით მივაღწიე „მარშრუტკის" ბოლო გაჩერებას. ბედად, მძღოლის გვერდზე თავისუფალი ადგილი იყო. კარები გავაღე და მოხურვას შევეცადე. მესამე ცდაზე კარები დამემორჩილა. ჩემთვის ჩავილაპარაკე - ნეტავ, მიშამ იცის, რომ ასეთი ქარია.

- რა თქვი? - შემეკითხა მძღოლი.

- არაფერი

- მაიცა, მაიცა, მიშამ რომ გაიგოს ასეთი ქარია, რას იზამს რო?

- გააჩერებს.

- მაიცა, როგორ გააჩერებს?

- იცი რას გეტყვი, დაგავიწყდა შუქი რომ არ იყო, გაზი რომ არ იყო, არაფერი რომ არ იყო. ხალხი „პაკრიშკებს" რომ წვავდა, გზას რომ კეტავდა, ჰა?

- მაგას რა დამავიწყებს კაცო.

- ჰოდა, მიშა რომ მოვიდა, წავიდა, წამოვიდა, დარეკა, გადმორეკა, შუქიც არის და გაზიც მოვიდა. ეგრეა?

- ეგრეა ძმაო, სტადიონებიც გააკეთა, გზებიც გააკეთა, ბავშვები ბურთს თამაშობენ, პლანს აღარ ეწევიან. მაგრამ ქარი როგორ უნდა გააჩეროს?

- იცი რას გეტყვი, მარშრუტკების ბოლო გაჩერებაზე ბიჭები რას ლაპარაკობთ, გინდა გითხრა?

- აბა მიდი.

- პაკრიშკაზე, ზეთზე, ტორმუზზე და აბაროტზე. ეგრეა?

- ვა, შენ საიდან იცი კაცო?

- ჰოდა, არც ტელევიზორს უყურებ და არც გაზეთს კითხულობ. ცხოვრება წინ მიდის ძმაო.

- აბა სადა მცალია, სულ ვმუშაობ კაცო, მაგრამ მიშამ ქარი როგორ უნდა გააჩეროს?

- მომისმინე, ერთი ანეკდოტი უნდა გითხრა.

- აბა მიდი.

- მეგრელი ექიმთან მივიდა და ეუბნება, სამსახურიდან სახლში რომ მივედი, შესასვლელში ვიღაცის მაიორის ფორმა იყო ჩამოკიდებული. ოთახიდან ცოლი გამოვიდა. მეგრელი ეკითხება, ვინ არის ჩვენთან სტუმრადო. - შენი საქმე არ არის, წადი კუხნაში და კოფე დალიეო, უპასუხა ცოლმა. მეორე დღეს რომ მივიდა, ვიღაც პოლკოვნიკის ფორმა ეკიდა. ცოლი ისევ ეუბნება ქმარს, წადი შენ კუხნაში კოფე დალიეო. მესამე დღეს რომ მივიდა, ვიღაც მარიაკის ფორმა დაინახა. ცოლი ოთახიდან გამოვიდა და ქმარი ისევ კუხნაში გააგზავნა კოფეს დასალევად. ექიმი გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და დაიღრიალა: - ჩემგან რა გინდათო. - კი მაგრამ, პატივცემულო ექიმო, ამდენი კოფე არ მაწყენს მე?

- ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ეს რა თქვა კაცო. ეგ ანეკდოტი არ გამიგია. კოფე დალიეო. ბიჭებს უნდა მოვუყვე, მაგრად იკაიფებენ. აბა მითხარი, მიშა ჩქარა რატომ დადის - მკითხა მძღოლმა.

- იმიტომ, რომ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, უნდა რომ მოასწროს. შენ რომ გეჩქარება, ხომ ჩქარა მიდიხარ?

- ეგრეა ძმაო. მაგრამ ქარი როგორ უნდა გააჩეროს მიშამ?

- მომისმინე, გაგიგონია მიწისძვრა რა არის?

- კი კაცო.

- ცუნამი იცი რა არის?

- არა კაცო.

- ტი ნა მორე ბილ?

- და.

- ვერბლუდ ვიდელ? ვერბლუდ.

- ვერბლუდს რა უნდა კაცო ზღვაზე?

- კარგი, ტალღები იცი რა არის?

- კი კაცო.

- ჰოდა, ასმეტრიანი ტალღები რომ მოდის, ეგ არის ცუნამი. ხომ ნახე იაპონიაში რა მოხდა?

- ჰო ვიცი.

- საიდან იცი, ბოლო გაჩერებაზე გითხრეს?

- არა კაცო, ბიძაშვილმა მითხრა. ხო მაგრამ მიშამ ქარი როგორ უნდა გააჩეროს, ეს ვერ გამიგია.

- გუშინ ჩემ გვერდით კაცი რომ იჯდა, ნახევარი საათი მელაპარაკებოდა.

- ვინა კაცო, მალიარი ვალიკო?

- იცნობ?

- მაგას ვინ არ იცნობს, მიპასუხა მძღოლმა.

- ჰოდა, შექსპირზე მელაპარაკებოდა. შენ იცი ვინ იყო შექსპირი?

- კი კაცო, გამლეტი დაწერა, ბიტ ილი ნე ბიტ.

- ეგ ვინ გითხრა? ბიჭებმა?

- არა კაცო, შვილმა მითხრა.

- ერთი კვირის წინ რომ ვიღაცა მელაპარაკებოდა ბეთხოვენზე, ის ვინ იყო?

- ვინა კაცო, ელექტრიკი ვალერა?

- იცნობ?

- მაგას მთელი უბანი იცნობს.

- იმიტომაც არ მიყვარს უკანა სალონში ჯდომა. ყოველთვის ვიღაც ნაცნობი მომიჯდება და ტვინს მიბურღავს. ბეთხოვენი იცი ვინ იყო?

- კი კაცო, დევატაია სიმფონია.

- ეგეც ბოლო გაჩერებაზე გითხრეს.

- არა კაცო, იქ ხომ იცი რაზეც ვლაპარაკობთ.

- აბა საიდან იცი?

- მეზობელი ბავშვი 24 საათი უკრავს, ბეთხოვენა შევარქვით. კიდევ კარგი სახლში არა ვარ.

- შენი მეზობელი ფორტეპიანოზე დადის?

- არა კაცო პიანინოზე. მაგრამ მიშამ ქარი როგორ უნდა გააჩეროს ტეხნიჩესკი, ვერ გამიგია.

- ერთი ეგ მითხარი ძმაო, შენ არჩევნებზე რატომ არ დადიხარ? - შევეკითხე მძღოლს.

- შენ საიდან იცი კაცო?

- იცი, რომ ახალი ზაკონი გამოვიდა. ვინც არჩევნებზე არ წავა, შტრაფი 10 ლარია. გადაიხდი?

- არა კაცო. რატომ უნდა გადავიხადო? 10 ლარი ერთი აბაროტია. წავალ კაცო და ვისაც მეტყვი, იმას მივცემ.

- რას მისცემ?

- ხმას მივცემ, აბა შენ რა იფიქრე?

- არაფერი, ვუპასუხე მე.

საუბრით ისე გავერთეთ, რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ მიუახლოვდი სამსახურს. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს მანქანაში ჩვენს გარდა არავინ იყო. უკან მოვიხედე. მანქანის სალონი ხალხით იყო გავსებული და ყველა სულგანაბული გვისმენდა. ერთ მგზავრს პირზე ხელი ჰქონდა აფარებული და სიცილს იკავებდა.

- მაინც ვერ გავიგე მიშამ ქარი როგორ უნდა გააჩეროს.

მანქანა გავაჩერებინე და გადმოვედი.

- მისმინე, გინდა გითხრა სკოლაში რომელი საგანი გიყვარდა?

- აბა გამოიცანი.

- ფიზკულტურა.

- ვა, საიდან იცი კაცო.

- აი, მე უბრალო კაცმა რამდენი რამე ვიცი, მიშა პრეზიდენტია და მაგან არ იცის ქარი როგორ გააჩეროს?

ამასობაში შევამჩნიე, რომ ქარი ისე ძლიერად აღარ ქროდა.

- ნახე ქარი აღარა ქრის ისე მაგრად.

- ვა, მართალი ხარ, ვერც კი დავინახე.

- ჰოდა მიშამ გაიგო და გააჩერა.

- ვა, როგორ გააჩერა კაცო.

კარი მივაჯახუნე და მივაყოლე, - წადი რა კოფე დალიე.

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2017
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ