მივლინება
დამატების თარიღი: 2012-10-12 10:53:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

დიდი ხნის წინ მივლინებაში ვიყავი ერთ–ერთ რაიონში, სადაც მოსახლეობის ნახევარი ეთნიკურად არაქართველი ცხოვრობდა. ეს ის პერიოდია, როცა ბიბლიოთეკის რაიმე მიზეზით დაკეტვა ისჯებოდა, თანაც ბიბლიოთეკაში კედელზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩამოკიდებული ბრეჟნევის სურათი.

მსუბუქი მანქანით გავემგზავრეთ არაქართულ სოფლებში ბიბლიოთეკების სანახავად, თან რაიონის ცენტრალიზებული ბიბლიოთეკის დირექტორი და მისი მოადგილე მახლდნენ. ამ უკანასკნელს თარჯიმნობა უნდა გაეწია, რადგან აღნიშნული სოფლების ბიბლიოთეკარებმა მხოლოდ საკუთარი ენა იცოდნენ. ბუნებრივია, მე მათი ენა არ მესმოდა და ვერც ვერაფერს გავაგებინებდი. შვიდი სოფელი მოვიარეთ, ყველა ბიბლიოთეკა დაკეტილი დაგვხვდა. გზები ცუდი იყო, მგზავრობისას გადავიღალეთ,  მიუხედავად ამისა მოვითხოვე, მერვე სოფელშიც გადავსულიყავით. ერთი ბიბლიოთეკა ხომ უნდა დაგვხვედროდა ღია. ვატყობდი, რომ სიბრაზისაგან წონასწორობას ვკარგავდი. არც ჩემი მასპინძლები იყვნენ კარგ ხასიათზე. ასეთი განწყობით მივადექით მერვე სოფლის ბიბლიოთეკას, რომელიც ასევე დაკეტილი დაგვხვდა. ბიბლიოთეკის ეზოში ძროხები ბალახს ძოვდნენ, ირგვლივ საშინელი ანტისანიტარია იყო. გაბრაზებულმა მოვითხოვე, ბიბლიოთეკის გამგის სახლში მივსულიყავით. მალე მივადექით დიდ ეზოს და ლამაზ ორსართულიან სახლს. ეზოს შუაგულში ბიბლიოთეკის გამგე წიწილებს საკენკს უყრიდა. აღარ მახსოვს, როგორ გადმოვხტი მანქანიდან, როგორ შევვარდი ეზოში. ჩემი მასპინძლებიც უკან გამომყვნენ. ძალიან აღელვებული ვიყავი. ეზოში შესვლისთანავე ხმამაღლა დავიწყე ლაპარაკი მათ ენაზე, რომელსაც არ ვფლობდი. შიგადაშიგ ვახსენებდი ბიბლიოთეკას, ბრეჟნევს, კოსიგინს… გაკვირვებული ბიბლიოთეკარი თავს  დამნაშავესავით მიქნევდა, გაოგნებულები მიყურებდნენ რაიონის საბიბლიოთეკო ქსელის დირექტორი და მისი მოადგილე – თარჯიმანი. რამდენიმე წუთის შემდეგ გაბრაზებული ჩავჯექი მანქანაში, ჩემმა მასპინძლებმაც იგივე გააკეთეს და გავემართეთ რაიონის ცენტრში. ის, რაც მოხდა, მოხსენებით ბარათში რომ დამეფიქსირებინა, კარგი დღე არ დაადგებოდა რაიონის ხელმძღვანელობას, ხოლო სოფლის ბიბლიოთეკარებს სამსახურიდან მოხსნიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ რაიონის საბიბლიოთეკო ქსელის ხელმძღვანელმა მორიდებით მითხრა: – ბატონო მერაბ, თუ ასე კარგად იცოდით მათი ენა, თარჯიმანი რაღად გვინდოდა, მანქანაში ადგილს ტყუილად იკავებსო. თარჯიმანი ჩუმად, გაოგნებული იჯდა. მაშინ გავაცნობიერე, რომ ჩემი აღელვება და აღშფოთება ჩემთვის უცხო ენაზე გამოვხატე და რაც მთავარია, ყველამ ყველაფერი გაიგო, თბილისში ჩამოსვლისთანავე ყველას მოვუყევი მომხდარი ამბავი, მაგრამ ვერავინ ამიხსნა წყობიდან გამოსულმა ადამიანმა რატომ დავიწყე ჩემთვის უცხო ენაზე მეტყველება. ალბათ იმიტომ რომ ამ ემოციების გადმოცემა თარჯიმნის მეშვეობით შეუძლებელი იყო.

დედა, რა იყო ეს?!

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ