საჯაროელი გურულის მონოლოგი
დამატების თარიღი: 2012-10-19 14:53:00
ავტორი: გურანდა ბერძენიშვილი

ათი წლის წინ, დავამთავრე თუ არა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი გულში ჩავიკარი სანუკვარი, ჩემი განათლების სიმაღლის დასტური და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს მივურბენინე სახლში. სიამაყით ავსებულმა წარვადგინე იგი ოჯახურ თავყრილობაზე, “დოკუმენტი” ხელიდან ხელში გადადიოდა, ჯერ ბებიებთან გაიარა ექსპერტიზა, მერე ბაბუასთან, მერე ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებთან და ბოლოს მამაჩემის (ნაღდი გურულის, მენშევიკების და მერე დისიდენტების გვარის წარმომადგენელის) გავლით, დედაჩემის, ასევე ნაღდი გურულის, (თავადის ჩამომავლობით თავმომწონე), ხელში გადაინაცვლა. მერე, როცა “დოკუმენტმა” გაუძლო ყველანაირ ექსპერტიზას და გაიცა დასკვნა მისი წყალგაუვალობის შესახებ, დედაჩემმა მამაჩემს გადახედა მხარზემოდან და უყოყმანოდ გასცა “ვიზა”, “დაუყოვნებლივ იქნას უზრუნველყოფილი განათლების შესაბამისი მაღალანაზღაურებადი სამსახურით”! მამაჩემი მეორე დღესვე ენერგიულად შეუდგა დაკისრებული დავალების შესრულებას, რასაც ორიოდ დღეში, წარმატებით გაართვა თავი (ოხ, ეს ბიძაშვილ-მამიდაშვილობიე…) და, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, ძველად კი საჯაროს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფის თანამშრომელი გავხდი.
აღნიშნულ ჯგუფში ჩემი ჩართვა განაპირობა ჩემმა გურულობამ, (გურულებს თანდაყოლილი გვაქვს ამის ნიჭი). გარკვეული მიზეზების გამო მალევე გადამიყვანეს განყოფილებაში, რომელსაც ისეთი სახელწოდება აქვს, მისი წარმოთქმისას იქნებ ენა მოიტეხოს კიდეც კაცმა, კომპიუტერული ქსელების, ტექნიკისა და მომხმარებელთა ასისტირების განყოფილება, ამიტომ მოკლედ ვეძახით ავტომატიზაციის განყოფილებას (ავტომატთან კავშირი არ აქვს), სადაც მუშაობენ ე.წ. აიტიშნიკები, ქსელის ადმინისტრატორები, სერვერის სპეციალისტები.
ათი წელი არც ისე ცოტა დროა და თავს უკვე ძველ საჯაროელად ვასაღებ, თუმცა არიან თანამშრომლები, რომლებიც აქ მუშაობის ოც, ოცდაათ წელს ითვლიან, მათთვის მე ყოველთვის მწვანე ვიქნები და, თუ ცოტა წავიწიე წინ, ვინმემ იქნებ გამჭოროს კიდეც ახლობელი წაეხმარაო (ისევ  ბიძაშვილ მამიდაშვილობიე…). ექვსი დირექტორი გამოვიცვალე ამ ხნის განმავლობაში, მეტნაკლებად ყველა კარგი იყო ჩემთვის, მაგრამ ახლა რომ გვყავს  მომწონს განსაკუთრებით, ახალგაზრდა კაცია, კალამიც ფხიანი აქვს პოეტს, თანამედროვედ აზროვნებს, ხო მთავარი კინაღამ დამავიწყდა, გურულია!
მეგობრებზეც ვიტყვი ორ სიტყვას და მეტს აღარ შეგაწყენთ თავს (ჯერჯერობით). მიხვდებოდით ისედაც ათი წელი უმტერმოყვარეოდ რომ არ დავრჩებოდი, საჯარომ ჩემს ცხოვრებაში შემოიყვანა ახალი სახეები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ, კაი ბლომად მარილის (ხინკალის და მწვადისაც) შეჭმაც კი მოვასწარით ამ ხნის განმავლობაში და ვართ ეხლა ოჯახის წევრებივით ერთმანეთისთვის, ისე ძალიან მიყვარს ჩემი საჯაროელი მეგობრები, თვალში რომ ჩამივარდეს ხელს არ ამევისობ.
ახლა დროებით უნდა დაგემშვიდობოთ, იმედია ამას რომ წაიკითხავთ ისე მოგეწონებათ დედა რა ვნახეო კაი ხანს იძახოთ. ამ “ლაითი” გურული აქცენტისთვის ქვით არ გამომეკიდებით მგონია და თუ მეგეწონებათ, აქცენტი მერე ნახეთ თქვენ :) ))

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ