უცნაური მკითხველი, შოთა რუსთაველი და სოსო
დამატების თარიღი: 2012-10-29 10:26:00
ავტორი: მერაბ ვეკუა

ზაფხულის დღეები იდგა. ჩემს კაბინეტში რაღაცას ვსაქმიანობდი. უცბად, კარი გაიღო, ვიღაც კაცმა შემოიხედა და მორიდებით მთხოვა ტელეფონით ესარგებლა. „ცისფერი მთები“ გამახსენდა. ძალიან ჰგავდა იმ პერსონაჟს, ბზარებს რომ ათვალიერებდა. როდესაც ტელეფონზე საუბარი დაასრულა, რაღაც კითხვებზე ვუპასუხე, რომლებიც ბიბლიოთეკას და წიგნებს შეეხებოდა. როგორც ჩანს, ძალიან მოვეწონე და სახელი მკითხა.

–        მერაბი, ვუპასუხე, მაგრამ თქვენ გრიშა დამიძახეთ.

უცნობმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია, ხელები მაღლა ასწია და შესძახა:

–        გრიშა რატომ კაცო, გრიშა რატომ?

–        ისე, უბრალოდ მოკლე სახელია და ადვილად დაიმახსოვრებთ მეთქი.

ცოტა რომ დამშვიდდა, ჩემი გვარით დაინტერესდა.

–        ჩემს გვარს კატეგორიულად არ გეტყვით, ვინაიდან ვერავინ იმახსოვრებს, ვუპასუხე მე.

–        მაინც რა გვარის ბრძანდებით? დაინტერესდა უცნობი.

–        ვეკუა, ვუპასუხე მე.

–        რას ამბობთ კაცო, რას, ვეკუა ცნობილი გვარია, ახლა უკვე სამი ნაბიჯით დაიხია უკან და ისევ ხელების ქნევა დაიწყო.

–        ამ გვარს მსოფლიო იცნობს: ილია ვეკუა, ნიკო ვეკუა, ნუკრი კაკილაშვილი.

უკანასკნელი გვარის ჩემს გვართან მსგავსებაში ეჭვი შევიტანე და პირდაპირ მივახალე:

–        თქვენ შოთა რუსთაველს ხომ არ იცნობდით?

–        შოთა ჩემი მეგობარი იყო, მიპასუხა უცნობმა.

–        ილია ჭავჭავაძესაც ხომ არ იცნობდით? დავინტერესდი მე.

–        კი კაცო, ილიასაც ვიცნობდი, მაგრამ შოთა რუსთაველი უფრო ახლო მეგობარი იყო.

არ ვიცი კიდევ რამდენ საერთო ნაცნობს გავიხსენებდით, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ბორის გაგუა რომ არ შემოსულიყო.

–        ბატონო ბორის, გთხოვთ გაიცნოთ ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველი, რომელიც პირადად იცნობდა შოთა რუსთაველს.

უცნობს სახეზე სიამაყის გრძნობა დაეუფლა და წელში გაიმართა.

–        სასიამოვნოა, თქვა ბორის გაგუამ და არაფერი შეიმჩნია.

მეორე დღეს საერთო კრებაზე ბორის გაგუა აღშფოთებული ლაპარაკობდა იმ მკითხველებზე, რომლებიც ბასრი საგნებით აზიანებდნენ სახელმწიფო ქონებას. აქვე დასძინა:

–        ჩვენ ისეთი მკითხველებიც გვყავს, რომლებიც შოთა რუსთაველს იცნობდნენ, მაგრამ წიგნებს არ აზიანებენო.

ვერავინ ვერაფერი გაიგო, არც არავის გაუცინია. მარტო მე ვიცოდი რაში იყო საქმე.

რამდენიმე თვის შემდეგ, უცნაურმა მკითხველმა კვლავ შემოაღო ჩემი ოთახის კარები.

–        აფხაზეთში ვიყავი ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად. ხალხსაც შევხვდი და მთავრობასაც. ყველა დავითანხმე შერიგებაზე, მაგრამ მითხრეს პუტინი არ გვიშვებსო.

–        საქმე სანახევროდ მოგიგვარებიათ. ახლა რას აპირებთ? შევეკითხე მე.

–        პუტინი უნდა ვნახო, მიპასუხა მან.

–        ვიზა რომ არ გაქვთ, როგორ უნდა ჩახვიდეთ რუსეთში?

–        მე ვიზა არ მჭირდება, ისე ვნახავო.

–        მინდა გადმოგცეთ ჩემი ნაშრომის, „ომი და მშვიდობის“, ერთი ეგზემპლარი.

ეგზემპლარის ხსენებაზე „ცისფერი მთები“ გამახსენდა.

..... ეჰ ჩემო სოსო, ამ კაცს არცერთი ეგზემპლარი არ დაუკარგავს, შენ კი... ხომ გითხრა ვაჟა ზაზაევიჩმა, ერთი სათაური დატოვეო.

–        ბოლოს და ბოლოს ორ სათაურს შუაზე გავყოფდი და ორი რომანი გამოგივიდოდა. ეს ვერ მოიფიქრე სოსო?

–        მთელი საქართველო მიხვდა, რომ ოთარ ზედგენიძე აფერისტი იყო, შენ კი... ბატონ ვასოს მაინც რატომ არ ჰკითხე, გამოცდილი კაცია. სხვა თუ არაფერი, ტანკისტი იყო ომამდე.

–        მწერალი გინდა გახდე და ის ვერ დაადგინე შუქრი რატომ არ კითხულობდა შენ „ცისფერ მთებს“, ან შენი თანამშრომლები ჭადრაკს რომ თამაშობენ, არ იცი, რომ მათი თამაშის მანერა ჭადრაკის შეურაცხყოფაა?

–        იცი თუ არა სოსო, რომ ოცი ქართველიდან ჭადრაკის თამაში არც ერთმა არ იცის (სვლების ცოდნას არ ვგულისხმობ). თუ იცი რატომ? თუ ამ კითხვას უპასუხებ, მწერალი მაშინ გახდები.

–        ჩემო სოსო, ნამდვილი მწერალი ის არის, ვინც უფრო ნათლად, ცხადად ხედავს, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანი. ჭეშმარიტი მწერალი ის არის, ვინც დღეში ერთხელ 7 წუთით მაინც უფრო მაღლა დგას თავისი აზროვნებით, რიგით ადამიანზე.

–        ჩემო სოსო, მწერალმა ბევრი უნდა წეროს, მაგრამ არ უნდა იჩქაროს, შენ კი სულ ჩქარობ და ბრაზობ. ვაჟა ზაზაევიჩს რომ ეკამათები, არ იცი, რომ დუმილი ყველაზე სასტიკი შეპასუხებაა? მწერლობას მოკიდე ხელი და ვერ ხვდები გივი რატომ არ ჩამოდის მივლინებიდან? იმიტომ, ჩემო სოსო, რომ ცუდ საზოგადოებაში ყოფნას მარტოობა სჯობია.

უცნაური მკითხველის ნაშრომი წავიკითხე. ძალიან ჭკვიანური აზრებია. ჩემს კოლეგა გიორგი კილაძეს ვთხოვე წაეკითხა, ლიტერატურა უყვარს, ერკვევა კიდეც, მაგრამ არ სცალია, ძალიან დაკავებულია. ისე რამდენჯერაც გამომართვა, იმდენჯერ დამიბრუნა. შემდეგ წაიღო და ისევ გადმომცა. ვერ წაიკითხა, ძალიან დაკავებულია. ისე სათაური მასაც მოსწონს – „ომი და მშვიდობა“.

რამოდენიმე წელი გავიდა. უცნაური მკითხველი აღარ გამოჩენილა. იქნებ მართლა შეაღწია პუტინთან და უკან აღარ გამოუშვეს.

– ეჰ ვალოდია, ვალოდია, არა ხარ მართალი. კაცი შენთან მოვიდა მშვიდობაზე სალაპარაკოდ, შენ კი... ვალოდია, არ გიყვარს შენ მშვიდობა. თავს კომფორტულად ვერ გრძნობ. ომი უფრო გიყვარს. სულ ტანკებითა და სხვადასხვა იარაღით ემუქრები მთელ სამყაროს.

ვიღაცამ მითხრა: რუსი, რომელიც არ სვამს, უფრო საშიშიაო.

–        მართალია ის კაცი, საშიში კაცი ხარ მთელი მსოფლიოსათვის, მაგრამ...

უცნაური მკითხველი მომენატრა. კარი რომ  შემოაღოს ძალიან გამიხარდება, გულში ჩავიკრავ და მოვეფერები.

იქნებ მართლაც იცნობდა შოთა რუსთაველს, ოღონდ სხვა ცხოვრებაში. არ ვიცი, არ ვიცი.

დღე ისე მიილია, რომ ვერც კარგ მუსიკას მოვუსმინე, ვერც კარგ სურათს შევავლე თვალი და ვერც რომელიმე ბრძნული ნათქვამი წავიკითხე.

გულს სევდა მომაწვა, თვალზე ცრემლი მომადგა.

ეჰ, სოსო, სოსო, სულ შენი ბრალია, ისევ ორი სათაური დატოვე არა?!

 

სოციალური ქსელი:
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა © 1999-2014
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დამზადებულია : Pro-Service-ის მიერ